ირაკლი პეტრიაშვილი: “შიში, რომ სანქციების ამოქმედებით მეწარმეებს ზარალი მიადგებათ – უსაფუძვლოა”

ოქტომბრიდან კომპანიებში შრომის პირობების შესასწავლად სახელმწიფო მონიტორინგი დაიწყება. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, მთავრობა მხოლოდ რეკომენდაციებით შემოიფარგება და სანქციების დაწესებას ისევ თავს არიდებს. პროფკავშირებში მიიჩნევენ, რომ ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ნაცრის შეყრაა, ვინაიდან სანქციების გარეშე დასაქმებულების მდგომარეობა არ გამოსწორდება.

სახალხო დამცველის ოფისის მონაცემებით, ბოლო 4 წლის განმავლობაში სამუშაოს შესრულებისას სულ 531 ადამიანი დაშავდა, 150 კი – დაიღუპა. კერძოდ, 2010 წელს დაშავებულთა რაოდენობა იყო – 102, გარდაცვლილთა რაოდენობა – 42; 2011 წელს დაშავებულთა რაოდენობამ 137 შეადგინა, გარდაიცვალა 54 დასაქმებული; 2012 წელს სამუშაოს შესრულებისას 131 ადამიანი დაშავდა, 21 კი – დაიღუპა; 2013 წელს დაშავდა 161 ადამიანი, 33 კი – გარდაიცვალა.

”შრომის კოდექსში” გაწერილი მუხლები რომ არ მუშაობს, ეს ფაქტი, ცოტა ხნის წინ, იუსტიუიის მინისტრმა თეა წულუკიანმაც აღიარა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ბევრი კერძო სექტორის წარმომადგენელი ”შრომის კოდექსს” ზედაც არ უყურებს და დასაქმებულების უფლებები ისევ ირღვევა.

შრომის ინსპექცია საქართველოში 2006 წელს გაუქმდა და დღეისთვის ქვეყანაში მხოლოდ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის ორგანო არსებობს. საქართველო შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრ 182 ქვეყანას შორის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც შრომის ინსპექციის ან სხვაგვარი, მსგავსი ფუნქციების მქონე სამსახური არ არსებობს.

სპეციალისტების განცხადებით, შრომის კოდექსში აღნიშნულია, რომ დამსაქმებელი ვალდებულია შექმნას უსაფრთხო გარემო, მაგრამ არ არის განმარტებული თუ რა შეიძლება იყოს შედეგი არასათანადო სამუშაო პირობების შექმნისა და უსაფრთხოებაზეც არანაირი კონტროლი არ ხორციელდება. საქართველოს გაერთიანებულ პროფკავშირები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად შრომის კოდექსში შესული ცვლილებებისა, შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით მდგომარეობა უკეთესობისკენ არც საკანონმდებლო დონეზე შეცვლილა.

პროფკავშირებში მიიჩნევენ, რომ შრომის ინსპექცია მინიმუმ ორი ფუნქციით უნდა იყოს აღჭურვილი. ეს არის შრომის უსაფრთხოება-ზედამხედველობა და მეორე შრომის კანონმდებლობის ინპლემენტაციაზე მონიტორინგი.

კერძოდ, შრომის ინსპექცია უნდა ახორციელებდეს შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობას და მონიტორინგს, იმავდროულად კი, ის უნდა იყოს აღჭურვილი ისეთი ფუნქციებით და მექანიზმებით, რომლის მიხედვითაც შეძლებს სანქციების გატარებას კანონდამრღვევი დამსაქმებლების მიმართ.

პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი გაზეთ “ბიზნეს-რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ მხოლოდ მონიტორინგის წარმოება წყალში გადაყრილი ფული იქნება.

”ჩვენი მოთხოვნა აბსოლუტურად განსხვავებულია. ვითხოვთ შრომის ინსპექციას, რომელსაც ექნება, ერთი მხრივ, შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა და მეორე მხრივ კი, განახორციელებს კანონმდებლობის აღსრულების მონიტორინგს – შრომითი კონტრაქტები, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება, ასაკობრივი საკითხები და სხვა. თუ შრომის ინსპექცია ასეთი ფუნქციებით არ აღიჭურვება მხოლოდ მონიტორინგი და სტატისტიკის წარმოება მდგომარეობას ვერ გამოასწორებს”, – აღნიშნავს პეტრიაშვილი და დასძენს, რომ სტატისტიკას პროფკავშირებიც აწარმოებს, თუმცა სახელმწიფოსგან განსხვავებით მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მათ სანქციების დაწესება არ შეუძლიათ.

”მხოლოდ მონიტორინგი ტყუილად გადაყრილი ფული იქნება, ამით ვის აყრიან ნაცარს – შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას, ევროკავშირს თუ პროფკავშირებს? გარწმუნებთ, რომ პროფკავშირები და საერთაშორისო ორგანიზაციები ამ საკენკს არ აკენკავენ” – ამბობს ირაკლი პეტრიაშვილი.

პროფკავშირებში მიიჩნევენ, რომ მთავრობის შიში, რომ სანქციების ამოქმედებით მეწარმეებს ზარალი მიადგებათ – უსაფუძვლოა.  სანქციები ძალიან ბევრ ქვეყანაში არსებობს, შესაბამისად,  შესაძლებელია საქართველოშიც ამ საკითხზე მსჯელობა და გონივრული მექანიზმის შემუშავება.Irakli Petriashvili - 2