ძვირფასო ძმებო და დებო,
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების სახელით, გიცხადებთ მხარდაჭერას თქვენს ბრძოლაში ღირსების, სამართლიანობისა და თქვენი ოჯახები უკეთესი მომავლისათვის. მრავალი თვის განმავლობაში დამსაქმებლებთან მოლაპარაკებების პროცესში, თქვენ, თქვენი დარგობრივი პროფკავშირის ხელმძღვანელებთან ერთად, დაანახეთ ქართულ საზოგადოებას, თუ როგორი უნდა იყოს ძლიერი, ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და დემოკრატიული პროფკავშირი.
სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში დამსაქმებლებს ჯერ კიდევ არ აქვთ გათვითცნობიერებული შრომით კოლექტივებთან ცივილიზებული ურთიერთობის მნიშვნელობა მათივე ბიზნესის სტაბილურობისა და წარმატებისათვის. ბევრი ბიზნესმენისათვის წარმოუდგენელია დასაქმებულთა დამოუკიდებელი ერთობის აღიარება, პატივისცემა და კეთილსინდისიერად თანამშრომლობა.
თქვენი ბრძოლით, თქვენ არა მხოლოდ საწარმოში არსებულ პრობლემებს ებრძვით, არამედ ზოგადად ამკვიდრებთ ახალ სტანდარტებს შრომით ურთიერთობებში, უჩვენებთ სხვებს სამართლიანი ბრძოლის მაგალითს და დიდი წვლილი შეგაქვთ ქვეყანაში მშრომელთა სოლიდარობის განმტკიცებაში. თქვენ, თქვენმა კოლექტივმა, დარგის პროფკავშირის ლიდერებმა, დაიმსახურეთ ის თანადგომა, რომელსაც გიცხადებენ სხვადასხვა დარგის პროფკავშირები და მათი წევრები მთელი საქართველოდან.
თქვენთან ერთად მოვითხოვ დამსაქმებელმა შეასრულოს თქვენი ყველა მოთხოვნა შრომის ღირსეული ანაზღაურების უზრუნველყოფის, კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოების და თქვენი პროფკავშირის საქმიანობის ადეკვატური შრომის პირობების შესაქმნელად.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ძალღონეს არ დაიშურებს, რათა თქვენი ბრძოლა წარმატებით დასრულდეს.
თავმჯდომარე
ირაკლი პეტრიაშვილი