”სწავლა სიცოცხლის ბოლომდე”, – საქართველოს განათლების სისტემის რეფორმის ერთ-ერთი მესიჯია. 2005 წელს ბერგენის სამიტზე, ბოლონიის დეკლარაციის ხელმოწერით, საქართველოს განათლების სამინისტრომ მისი ძირითადი პრინციპების იმპლემენტაციასაც მოაწერა ხელი. შესაბამისად, ლოზუნგი – ”სწავლა სიცოცხლის ბოლომდე” (Lifelong learining) საქართველოს განათლების სისტემის ერთ-ერთი ლოზუნგიც გახდა.
ბოლონიის სისტემაზე გადასვლას რეფორმების გატარება, მართლაც, მოჰყვა. ჯერ ეროვნული გამოცდები დაინერგა. შემდეგ უმაღლესი განათლების სისტემის სამსაფეხურიანი პროცესი. ბოლოს კი ისიც გადაწყდა, რომ სავალდებულო კლასების რაოდენობა 12 -მდე უნდა გაზრდილიყო.
2 -წლიანი მაგისტრატურა, 4 -წლიანი ბაკალავრიატი და 3- წლიანი დოქტორანტურა. თუ ამას ყველაფერს სკოლაში გატარებულ 18 წელსაც დავუმატებთ, გამოდის, რომ სრულფასოვანი განათლებისთვის ადამიანს 27 წელი ესაჭიროება. პლიუს- მინუს რამდენიმე წელი კი უკვე კრიტიკული 30-ია, რომლის შემდეგაც სამსახურის პოვნა საქართველოში არც ისე იოლია.
საინფორმაციო პორტალი „კვირა“ დაინტერესდა, თუ რა პოლიტიკა აქვთ დღეს შრომის ბაზარზე არსებულ დამსაქმებელ კომპანიებს და რა რაოდენობის ვაკანსიებს აცხადებენ ისინი დღიურად.
დასაქმების კომპანიების: Jobs.ge -ის, Hr.ge -ის და dasaqmeba.ge – ის მიერ15-16 იანვარს, ჯამში, 300-ზე მეტი ვაკანსია განთავსდა. დამსაქმებლების 90 % პოტენციურ თანამშრომლებს, მინიმუმ, ერთი უცხო ენის ცოდნას სთხოვს. 70 % – მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხის დიპლომს.75 % კი აუცილებელ მოთხოვნად ასაკს აყენებდა, რომელიც 20 და 30 წლამდე უნდა მერყეობდეს.
აღნიშნული კვლევის ჩატარების შემდეგ ასევე ნათელი გახდა, რომ დამსაქმებლების 70% უპირატესობას მდედრობით სქესს ანიჭებს. შესაბამისად, თეორია იმის შესახებ, რომ “საქართველოში, მამაკაცებისთვის სამსახურის პოვნა განსაკუთრებით რთულია”, არც ისე უსაფუძვლო აღმოჩნდა.
საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი აცხადებს, რომ ასაკობრივი დიფერენცირება, მართლაც, რომ დისკრიმინაციულია.
“როდესაც საქართველოს პარლამენტში შრომის კოდექსს ამტკიცებდნენ, ჩვენ არაერთი შენიშვნა შევიტანეთ. მართალია, სამუშაო გრაფიკთან და ზეგანაკვეთურ ანაზღაურებასთან დაკავშირებით ჩვენი მოთხოვნები გაითვალისწინეს, მაგრამ ასაკობრივ ზღვართან დაკავშირებით გარკვეული ხარვეზები მაინც დარჩა“.
– რატომ არ გაითვალისწინა მაშინ პარლამენტმა თქვენი მოთხოვნა?
– იმისათვის, რომ ინვერსტორები არ დაფრთხნენ, შრომის კოდექსს ნაკლები რეგულაცია უნდა ჰქონდესო. ჩვენთვის ეს გაუგებარია, მაგრამ გარკვეული ბერკეტები პროფკავშირებს მაინც აქვს. საქართველოს, საერთაშორისო ორგანიზაციებთან მიმართებაში, რიგი ვალდებულებები გააჩნია. ჩვენმა ქვეყანამ არსებული შრომითი ბაზრის რეგულაციები, ევროკავშირის, შრომის საერთაშორისო კონვენციის, ევროპის შრომის ქარტიის რეგულაციებთან თანხვედრაში უნდა მოიყვანოს. სწორედ ეს არის ბერკეტი, რომლითაც ჩვენ, მთავრობაზე გარკვეული ზეწოლის მოხდენა შეგვიძლია“.
– რა არის პირველ რიგში გასაკეთებელი?
– ჩვენს ქვეყანაში არ არის შრომის ინპექცია. არადა შრომის ინსპექტორები შრომის კანონმდებლობის დაცვას და დამსაქმებლების მხრიდან საჭირო ნორმების შესრულებას გააკონტროლებდნენ და დაუსაქმებელ ადამიანებს შესაძლებლობების გამოვლენის მეტ პერსპექტივებს მისცემდნენ“.
წყარო: http://kvira.ge/?p=139775