ასამდე ადამიანმა სამუშაო ადგილზე დაღუპულ მუშათა ხსოვნის დღე 28 აპრილს ეკონომიკის სამინისტროსთან აქციით აღნიშა. პროფკავშირების წარმომადგენლები და დასაქმებულები უკვე მრავალი წელია შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ადეკვატურ ანაზღაურებას ითხოვენ.
“წლების განმავლობაში ჩვენ ვითხოვთ, რომ შრომა იყოს უსაფრთხო და შესაბამისი მეთოდები, კანონმდებლობა არსებობდეს იმისთვის, რომ ადამიანი სახლიდან სამსახურში და უკან მშვიდობით ბრუნდებოდეს. 21-ე საუკუნეში სამწუხაროა, რომ ადამიანის გონებამდე, განსაკუთრებით ეს ეხება ეკონომიკის სამინისტროს, არ დადის ისეთი ცნებები, როგორიცაა უსაფრთხო შრომა. მათ დღემდე ჰგონიათ, რომ შრომის ინსპექცია ანგრევს ეკონომიკას. არადა ყველაფერი პირიქითაა და რომც ანგრევდეს, რა ვუთხარი ისეთ ეკონომიკას, რომელიც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეზე იქნება დაფუძნებული. რა ფასი აქვს ამ სიკეთეს, თუ ჩვენი თანამოქალაქეები იღუპებიან?!”- ამბობს პროფკავშირების გაერთიანებსი თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი.
შრომის ინსპექციის გაუქმების შემდეგ, 8 წლის განმავლობაში, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს 362 ადამიანი დაიღუპა. მხოლოდ 2014 წელს 41 ადამიანი ემსხვერპლა პროფესიული მოვალეობის შესრულებას.
“საქართველოს აქვს ძალიან ცუდი სტატისტიკა სამუშაო ადგილზე გარდაცვლილთა და დაშავებულთა კუთხით. საქართველო არ არის ინდუსტრიული ქვეყანა, ვერ ვიტყვით, რომ წარმოება ყვავის. 4-მილიონიან ქვეყანაში გვყავს საშუალოდ 39 დაღუპული წელიწადში, რაც ნიშნავს, რომ თვეში 4 ადამიანი იღუპება. სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა სად არის ამ დროს?- ამბობს საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტი თამაზ დოლაბერიძე.
პროფკავშირები გამოყოფენ იმ მიმართულებებს სადაც შრომა განსაკუთრებულად საფრთხის შემცველია. როგორც დოლაბერიძე ამბობს, ყველაზე მეტი დაშავებისა და დაღუპვის შემთხვევა მშენებლობებს უკავშირდება:
“მშენებარე კორპუსებიდან ვარდებიან მშენებლები, ზოგი გარე ფასადიდან, ზოგი ლიფტის შახტაში ვარდება. ეს მეტყველებს იმაზე, რომ სახიფათო სიმაღლეზე ადამიანები მუშაობენ დამცავი ღვედების გარეშე, მათი სამუშაო ადგილები არ არის შემორაგული მოაჯირებით და ა.შ. სულ ახლახან ფოთში გვქონდა შემთხვევა, როცა პროფკავშირის წარმომადგენელს მშენებლობიდან ჩამოვარდნილი სამშენებლო მასალა, ფიცარი, თავში დაეცა და ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს. ეს იმიტომ მოხდა, რომ სამშენებლო ტერიტორიას არ ჰქონდა დამცავი ბადე”,- ამბობს დოლაბერიძე.
უსაფრთხო სამუშაო გარემო პრობლემურია შახტებსა და მაღაროებში. მაგალითად, ჭიათურის მაღაროში მოსაწესრიგებელია სარკინიგზო სისტემა, ხოლო ტყიბულში სარკინიგზო სისტემასთან ერთად ბუნებრივი საფრთხეები არსებობს, მაგალითად, მეთანის დაგროვებისა და აალების საშიშროება.
სიცოცხლესთან და უსფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების გარდა, არსებობს მთელი რიგი სხვა მიმართულებები, რომლებიც შრომას უკავშირდება და მათ მოწესრიგებას დასაქმებულები უკვე წლებია ითხოვენ. მაგალითად, თბილისის მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფესიულმა კავშირმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიას არაერთხელ მიმართა ღამის საათების ადეკვატურად ანაზღაურების საკითხის მოგვარების მიზნით. პროფკავშირი მიიჩნევს, რომ დღისა და ღამის განმავლობაში შესრულებულ სამუშაოს იდენტური ანაზღაურება არ უნდა ქონდეს.
“ უსამართლობაა, ადამიანმა იგივე ტარიფი არ უნდა მიიღოს ღამე მუშაობისთვის, თუ დღეში იღებს 5 ლარს, ღამე უნდა მიიღოს 10 ლარი. მეტროში არის გვირაბ-ნაგებობის სამსახური, სადაც მარტო ღამე მუშაობენ, ღამის 12 საათიდან დილის 6 -მდე, 5 ღამე, და შაბათ-კვირას ისვენებს მარტო. დამანგრევლად მოქმედებს ეს, ფაქტობრივად არ ძინავთ”.- ამბობს გიორგი ხიტალიშვილი, თბილისის მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე.
ამას გარდა, არსებობს ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღააურების და სადაზღვეო პაკეტის საკითხები. მეტროპოლიტენის თანამშრომლების სადაზღვეო პაკეტი 9 ლარი და 15 თეთრია.
“ეს პრობლემები მოითხოვს გადაწყვეტას, ჩვენ არ გვაქვს ხისტი პოზიცია, რომ მაინცდამაინც ყველაფერი ერთად გვინდა. ჩვენ ვითხოვთ, რომ ეს პრობლემები გადაწყდეს ეფექტურად. ქალაქის მერიის პოზიციაა, რომ ახლა არ გვცალია და მერე გავაკეთოთ, მერე ვილაპრაკოთ, გავიდა 3 წელი ამასობაში, პრობლემებს პრობლემები დაემატა”- ამბობს ხიტალიშვილი.
პროკავშირების წარმომადგენლები არსებული პრობლემების მოსაგვარებლად შრომის ტექნიკური ინსპექციის შექმნას ითხოვენ. მათ სურთ, რომ ინსპექციამ კომპანიების მონიტორინგი და სანქცირება, როგორც ტექნიკური დარღვევების აღმოჩენისას, ისე სამართლებრივი პრობლემების აღმოჩენის შემთხვევაში შეძლოს.
“ბიზნესი ითხოვს, რომ შრომის ინსპექციას ჰქონდეს მხოლოდ ტექნიკური თვალსაზრისით მონიტორინგის უფლება, მაგრამ ჩვენ ვითხოვთ, რომ ასევე შრომის სამართლებრივი პრობლემების შემთხვევაშიც ჰქონდეს ეს უფლება. თუ ადამიანს ეკუთვნის კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულება და მას ამ შვებულებას არ აძლევენ, ესეც უნდა გააკონტროლს ინსპექციამ”- ამბობს დოლაბერიძე.
შრომის მონიტორინგი საქართველოს მთავრობამ რვა წლის შემდეგ განაახლა და სახელმწიფო პროგრამაც შექმნა, რომლის მიზანი შრომის პირობებისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის პრევენციაა, თუმცა საწარმოებში შრომის უსაფრთხოების ინსპექტირება 2015 წელსაც არ იქნება სავალდებულო. პროგრამის მიხედვით, საწყის ეტაპზე მონიტორინგის ჯგუფი საწარმოს მხოლოდ მისივე მოთხოვნის საფუძველზე შეამოწმებს, დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში კი, მითითებებითა და რეკომენდაციებით შემოიფარგლება. პროფკავშირების პოზიციაა ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებულია. მათი აზრით, ინსპექციას საწარმოების შემოწმება გეგმიურად ან მიღებული სიგნალის შემთხვევაში უნდა შეეძლოს და არა იმ შემთხვევაში, როცა საწარმო ამას თავად მოისურვებს.
ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, საჭიროა შრომის ინსპექციზე სამმხრივი კონტროლი – მთავრობის, პროფკავშირებისა და დამსაქმებლებთა გაერთიანებების მხრიდან განხორციელდეს. წინააღმდგ შემთხვევაში, ინსპექცია ისეთივე კორუფციული სტრუქტურა გახდება, როგორც გაუქმებამდე იყო.
წყარო: http://www.netgazeti.ge/GE/105/News/44291/