მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ირაკლი პეტრიაშვილი: “პირველ რიგში, საჭიროა კანონის დაცვა, შემდგომ კი აუცილებელია დასაქმებულების პროფესიული გადამზადება”

საქართველოს შრომის ბაზარზე ბოლო 6 თვის განმავლობაში, პრაქტიკულად, არაფერი შეცვლილა. სპეციალისტთა დაკვირვებით, 2014 წლის პირველ ნახევარში არც უმუშევრობა გაზრდილა და მით უფრო, არც დასაქმებულთა რაოდენობას მოუმატია. შრომის ბაზარზე არსებულ სტატუს-კვოს ადასტურებენ დასაქმების ცენტრებშიც. კომპანიებში ამბობენ, რომ არათუ 6 თვე, არამედ უკვე წელიწადზე მეტია ქვეყანაში დასაქმების მაჩვენებელი, ფაქტობრივად, ერთ ადგილზეა გაჩერებული.

სპეციალისტების პროგნოზით, რადიკალური ცვლილების მოლოდინი, როგორც პოზიტიურის, ასევე ნეგატიურის, არც ახლო მომავალში უნდა გვქონდეს. ამის მიზეზად კი ისინი ქვეყანაში არსებულ ბიზნეს გარემოს, პოლიტიკურ სიტუაციას და ამის შედეგად ინვესტიციების ნაკლებობას ასახელებენ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2013 წელს ქვეყანაში უმუშევრობ შემცირდა. შარშან ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ, შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 66.2% შეადგინა. წინა წელთან შედარებით ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობა 1.2%-ით, ხოლო აქტიურობის დონე 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა.უმუშევრობისა და აქტიურობის დონის შემცირებასთან ერთად, დაფიქსირდა დასაქმების დონის უმნიშვნელო შემცირება. “საქსტატის” მონაცემებით, შარშან დასაქმებულთა რიცხვიც 0,4%-ით გაიზარდა. თუ 2012 წელს ქვეყანაში უმუშევრობის დონე 15% იყო, 2013 წელს ეს მაჩვენებელი 14,6%-მდე დავიდა.

რაც შეეხება 2014 წლის პირველ ნახევარში არსებულ სიტუაციას, ამასთან დაკავშირებით ოფიციალური მონაცემები არ გამოქვეყნდება. სტატისტიკის სამსახური უმუშევრობის საერთო მაჩვენებელს მხოლოდ წლიურად ითვლის და იმასაც მომდევნო წლის პირველ ნახევარში აქვეყნებს.

“საქსტატი” ყოველკვარტალურად მხოლოდ საწარმოებში დასაქმებულებს ითვლის, რაც, თავის მხრივ, შრომით ბაზარზე არსებულ საერთო მდგომარეობას სრულად ვერ ასახავს. შესაბამისად, იმის გარკვევაც, წლის განმავლობაში, მით უფრო 6 თვეში უმუშევრობა გაიზარდა თუ შემცირდა, მხოლოდ სხვადასხვა ეკონომიკური მონაცემების გაანალიზების შედეგადაა შესაძლებელი, მათ შორის, ერთ-ერთი დეფლაციაა.

იმას, რომ შრომის ბაზარზე დადებითი ცვლილებები არ მომხდარა, გაზეთ “რეზონანსთან” საუბარში, პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილიც ადასტურებს. მისი თქმით, აქ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ დღემდე, მიუხედავად შრომის კოდექსში განხორციელებული ცვლილებებისა, დასაქმებულის უფლებები ისევ ირღვევა.

“არ ხდება ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება, კვლავ დიდია წნეხი ადამიანებზე, რომ მათ პროფკავშირები დატოვონ და ა.შ. იმისათვის, რომ ქვეყანაში დასაქმებულების რიცხვი გაიზარდოს, პირველ რიგში, საჭიროა კანონის დაცვა, უკვე შემდგომ კი აუცილებელია პროფესიული გადამზადება.

გადამზადება გვჭირდება როგორც შიდა ბაზრისთვის, ასევე გარე ბაზრისთვის. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების სრულად ამოქმედების შემდეგ ევროპაში ქართველებს დასაქმების პერსპექტივა გაუჩნდებათ და მათ გადამზადების გარეშე იქ არავინ მიიღებს”, – განაცხადა პეტრიაშვილმა.1040693_10151735159788073_1808314614_o