მიმდინარეობს საიტის განახლება

ირაკლი პეტრიაშვილი – ვიბრძოლოთ ცოცხლებისთვის!

ალეკო ჭელიშვილი, ვიქტორ დაღუნდარიძე, გიზო გუბელიძე, გიზო კუბლაშვილი. . .  ოთხი ჩამქრალი სიცოცხლე, დაობლებული ბავშვები, დაქვრივებული მეუღლეები, ძაძით შემოსილი და სიბერე გამწარებული მშობლები, კორპორაციულ სიხარბეს, სახელმწიფო უპასუხისმგებლობას, საზოგადოების გულბალიშობას, ბიზნესის დიქტატურას, საბაზრო ფუნდამენტალიზმს, ნეოლიბერტარიანიზმის “წმინდა” იდეოლოგიას შეწირული ჩვენი ძმები და პატიოსანი, ღირსეული მოქალაქეები.

მავანთათვის ეს სახელები და გვარები უბრალოდ სტატისტიკაა და იმის თქმის საფუძველი, რომ სხვა ქვეყნებშიც ხდება შახტებზე უბედური შემთხვევები და უფრო მეტიც იღუპება…
დღეს თქვენთვის მორალის და აკაკი წერთლის”გამზრდელის” “წაკითხვას” აზრი არ აქვს. არც გამოსავალზე შუბლშეჭმუხნილი (გაწყვეტილი ძარღვით) ფარისევლურ შეშფოთებას მივიღებთ, არც გამოძიების შედეგები მაინტერესებს იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი – ეს ბიჭები თვითმკვლელები არ ყოფილან. . .

არც შრომის ინსპექცია მიმაჩნია გამოსავლად იმიტომ, რომ სულ ჩემი დიქტატით რომ ჩამოაყალიბონ კანონად ყველაფერი – გულით, გონებით,იდეოლოგიურ- პოლიტიკურადაა მიუღებელი და აღსრულება მათ ხელშია. დღეს მხოლოდ გლოვის დროა! გლოვობს ჩვენი ძმების ოჯახები, გლოვაა პროფკავშირებში დაკრძალვამდე! (ხელისუფლებამ მიუხედავად მოწოდებისა გლოვის დღეც კი არ გამოაცხადა)

დაკრძალვის დღეს ტყიბულის შეასვლელიდან სამგლოვიარო მარშით (მოვუწოდებ პროფკავშირის ყველა წევრს, ვისაც ამის საშუალება აქვს ჩამოვიდეს ტყიბულში) პატივი მივაგოთ ჩვენს გარდაცვლილ ძმებს. ვისაც ჩამოსვლის საშუალება არ აქვს ორ საათზე მთელი ქვეყნის მაშტებით გაბმული საყვირებით გამოხატეთ თანადგომა და პროტესტი. ორშაბათს 12 საათზე კი ვიკრიბებით უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან და ვმართავთ საპროტესტო მსვლელობას პარლამენტის შენობამდე!!!
მე ვიცი, რომ ბევრნი ვართ, მაგრამ უნდა დავამტკიცოთ, რომ ერთად ვართ. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და აუცილებლად დადგება შედეგი! ეს არის ომი დასაქმებულთა წინაღმდეგ და ბრძოლის წაგება ნუ შეგაშინებთ, ომის მოგებაა მთავარი!

ბრძოლის გარეშე კიდევ ბევრჯერ შეგვმოსავენ ძაძებით და სტატისტიკაში მიგვიჩენენ ადგილს.
ვგლოვობთ და ვლოცულობთ გარდაცვლილთათვის!

14971390_10206068495911457_1558570387_n