ბათუმში, სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” 20 ნოემბერს დაიწყო და 21 ნოემბერს დასრულდება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის რიგით მე-6 შეხვედრა. ფორუმის მუშაობაში ყოველწლიურად “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნების – აზერბაიჯანის, ბელორუსის, მოლდოვის, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის, ასევე, ევროკავშირის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ და ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში ევროინტეგრაციისა და უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი. პროფკავშირებს პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, აღნიშნული ფორუმისათვის შემუშავებული აქვს სპეციალური რეზოლუცია. პროფკავშირი მიესალმება იმ ფაქტს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ყველა ქვეყანაში სოციალური დიალოგის განვითარების საჭიროება აქტუალურ საკითხს წარმოადგენს.
საქართველო აღნიშნულ ფორუმს პირველად მასპინძლობს. წლევანდელი ფორუმი მონაწილეებისთვის კარგ შესაძლებლობას წარმოადგენს რეგიონში არსებული სიტუაცია შეაფასონ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დემოკრატიული, ეკონომიკური და სოციალური რეფორმების საერთო დღის წესრიგის ხელშესაწყობად პრიორიტეტები შეიმუშაონ.