მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ირაკლი პეტრიაშვილის წერილი დავით სერგეენკოს შრომის ინსპექციის შექმნასთან დაკავშირებით

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს

ბატონ დავით სერგეენკოს

ბატონო დავით,

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება კმაყოფილებას გამოთქვამს შრომის ეროვნული კანონმდებლობის შესრულებაზე ზედამხედველი სახელმწიფო ორგანოს შექმნის მიმართულებით ბოლო დღეებში გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით. მიგვაჩნდა და კვლავაც მივიჩნევთ, რომ სახელმწიფო პასუხისმგებელია მის მიერ მიღებული კანონების ცხოვრებაში ეფექტურად განხორციელებასთან დაკავშირებით. მათ შორის უპირველეს ყოვლისა შრომის სფეროში. მოგეხსენებათ, რომ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო და დისკრიმინაციისაგან თავისუფალ გარემოში შრომის უფლებების სრულყოფილად გამოყენების უზრუნველყოფა – ესაა ნებისმიერი ცივილიზებული სახელმწოფოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო შეთანხმებებით აღიარებული ვალდებულება. სამწუხაროდ, მას შემდეგ, რაც საქართველოში გაუქმდა შრომის სახელმწიფო ინსპექცია, ჩვენი ქვეყანა დროებით გამოაკლდა ასეთი ქვეყნების სიას.

სასიხარულოა, რომ მიუხედავად უკიდურესი ლიბერტარიანული იდეოლოგიის პრინციპებზე მდგარი პოლიტიკოსებისა და ბიზნესჯგუფების წინააღმდეგობისა, მთავრობამ მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება შრომის სახელმწიფო ინსპექციის შექმნის შესახებ. ამ გადაწვეტილების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად კანონად ქცევის შემთხვევაში, საქართველოს გზა ეხსნება ევროკავშირთან და სხვა უმნიშვნელოვანეს პარტნიორებთან უფრო ღრმა პოლიტიკური ინტეგრაციის, ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობისაკენ. გავეცანით რა მთავრობის #38 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ („შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა“) და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შრომის ინსპექციის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ თქვენი უწების მიერ მომზადებული დოკუმენტების პროექტებს, გამოვთქვამთ ჩვენს სამ პრინციპული ხასიათის შენიშვნას, რომლებიც ეფუძნება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, ასევე საქართველოში პროფკავშირების წევრების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ზოგადად, მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს:

  1. აუცილებელია, რომ შრომის ინსპექციის დებულებაში აღნიშნული იყოს შრომის ინსპექტორების მიერ, დამსაქმებლების მხრიდან შრომის უსაფრთხოების ნორმების და შრომის უფლებების დარღვევის ფაქტების დროულად არ აღმოფხვრისა და/ან გამეორებით დარღვევის გამო ეფექტური საჯარიმო-ფინანსური სანქციების გატარების ვალდებულების შესახებ;
  2. შრომის ინსპექციას შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს განახორციელოს ნებისმიერი საწარმოს, ორგანიზაციის (მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი სტატუსის მიუხედავად) შემოწმება წინასწარი გაფრთხილების გარეშე. შესაბამისად დადგენილებისა და დებულების პროექტებიდან, შრომის ინსპექტორის მიერ დამსაქმებელთა 5 დღით ადრე წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება ამოღებულ უნდა იქნას;
  3. შრომის ინსპექციის ახლებურად, მოდერნიზებული და ევროპული სტანდარტებით ჩამოალიბების მიზნებიდან გამომდინარე, რამაც მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს დაიყვანოს ამ ორგანოს თანამშრომლების მხრიდან უფლებების ბოროტად გამოყენებისა და კორუფციაში მონაწილეობის შესაძლებლობა, აუცილებელია, რომ სოციალური პარტნიორების (მთავრობის, დამსაქმებლებისა და პროფესიული კავშირების) მიერ ხორციელდებოდეს შრომის ინსპექციაზე სამმხრივი ზედამხედველობა და ანგარიშვალდებულება ინსტიტუციური ფორმით, კერძოდ სოციალური პარტნიორობის სახელმწიფო კომისიის მონაწილეობით.

იმედი გვაქვს, საქართველოს მთავრობა ბოლომდე შეინარჩუნებს სწორ და პრინციპულ მიდგომას აღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში და საერთაშორისო ვალდებულებების (შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტები, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება და სავიზო ურთიერთობების ლიბერალიზაცია, აშშ-ს მთავრობასთან ვაჭრობაში პრეფერენციების პოლიტიკა და ა.შ.) სრული პატივისცემით განახორციელებს შესაბამის საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მზადაა, მთელი მისი რესურსი როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მასშტაბით, გამოიყენოს სახელმწიფოს დასახმარებლად შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების ცხოვრებაში ეფექტურად დასანერგად.

პატივისცემით, ირაკლი პეტრიაშვილი

თავმჯდომარეirakli da sergeenko