მიმდინარეობს საიტის განახლება

ინვესტორების ძიებაში დაუცველი შრომის უსაფრთხოება

ყველაზე სახიფათო დარგებად მიჩნეულია მძიმე მრეწველობა,სამაშველო სამსახური და მშენებელობა.

მარიამ აფციაური

მაღაროში თუ მშენებლობაზე მუშაობა, სამხედრო სამსახური, მაშველობა, მეხანძრეობა – ყველაზე საშიშ პროფესიებად დასახელდა. დასაქმებულებთათვის საფრთხის შემცველი სამუშაო ადგილებია: მეტალურგიული კომბინატები და მაღაროები. ხშირია დაზიანების, გარდაცვალების შემთხვევებიც. პროფკავშირები დასაქმებულთა დასაცავად სახელმწიფოსგან შრომის ინსპექციის შექმნას ითხოვს.

ყველაზე მეტად გარდაცვალებისა და პროფესიული დაშავების შემთხვევა ჭიათურაში, ტყიბულში და ზესტაფონში ფიქსირდება. 2014 წელს გარდაცვალების რამდენიმე ფაქტი იყო. ყველაზე სახიფათო დარგებად მიჩნეულია მძიმე მრეწველობა,სამაშველო სამსახური და მშენებელობა. ეს უკანასკნელი არის ლიდერი საშიშ პროფესიებს შორის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2014წლის 9 თვეში საწარმოო ტრავმის შედეგად 41 ადამიანი გარდაიცვალა, 61 მძიმედ დაშავდა. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრია ფიქრობს, რომ ეს სტატისტიკა არ არის სრულყოფილი და დაზარალებულთა რაოდენობა უფრო მეტია.

“როგორც წესი, ყველა ნორმალურ ქვეყანაში ამ სტატისტიკას აწარმოებს შრომის სახელმწიფო ინსპექცია. გამომდინარე იქედან, რომ ჩვენთან არაფერი მსგავსი არ მოქმედებს და ალბათ დიდხანს არ გვექნება, შსს ერთადერთი წყაროა და სხვა გზა არ არის, უნდა ვენდოთ.

რაც შეეხება დაზიანებას, ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ ხდება მათი დარეგისტრირება, ინფორმაციის გავრცელება. ძალიან მყიფეა ეს მონაცემები“, – ამბობს ალექსანდრია.

რესპონდენტების დიდი ნაწილი პასუხისმგებლობას შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს აკისრებს, თუმცა პროფესიული კავშირების გაერთიანებაში “რეზონანსს“ განუმარტეს, რომ ამ საქმეში ეკონომიკის სამინისტროა დომინანტი, რადგან იგი შრომისა და ჯანმრთელობის სამინისტროს კომპენტენციას ზღუდავს, კარნახობს რა და როგორ გააკეთოს.

“ეკონომიკის სამინისტროს მიაჩნია, რომ შრომის ინსპექციის შექმნა და ამ კუთხით რეგულაციის შემოღება ბიზნეს შეზღუდავს, დააფრთხობს, ინვესტორების შემოსვლას ხელს შეუშლის”.

ინვესტორების მოზიდვაზე გადართულ მთავრობას, საკუთარი მოსახლეობა ავიწყდება.

“ ყველგან საფრთხე ემუქრება მეხანძრეს, მეშახტეს, მშენებელს. სარისკოა სამხედრო სამსახურიც, ჟურნალისტობა, ოპერატორობა და ფოტოგრაფობა. ამათგან სიცოცხლისთვის განსაკუთრებით საშიშია მშენებლობა და ნახშირის მაღაროში მუშაობა. მოგეხსენებათ, მარტო 2014 წელს, 9 თვეში 102 ადამიანი დაზარალდა. მათ უსაფრთხოებაზე ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა იზრუნოს, ეს მათი პრეროგატივაა, რასაც არ ასრულებენ“, – ამბობს შორენა გიორგაძე.

სამთავრობო პროგრამაში ნათქვამია, რომ ეფექტიანი დასაქმების მხარდაჭერისა და საერთაშორისო თანამეგობრობასთან (პირველ რიგში, ევროკავშირთან) საქართველოს ინტეგრაციისათვის, დიდი მნიშვნელობა აქვს შრომის სფეროში მოქმედი ნორმების საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებას. მათი ინტერესია იზრუნონ დასაქმებულთა უსაფრთხოებაზე.

თუკი რესპონდენტების მოსაზრებას გავითვალისწინებთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საერთაშორისო სტანდარტებისგან შორს ვართ და ასე იქნება მომავალშიც, თუკი გეზს არ შევიცვლით და წინა პლანზე ინვესტორების ინტერესებზე მეტად დასაქმებულთა უფლებებს არ დავაყენებთ.

“ყველა საქმიანობა შრომატევადია, თუმცა არსებობს მეტად სახიფათო პროფესიები. როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობამ დაიწყო შრომის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა და შრომის უსაფრთხოების, ასევე ჯანმრთელობის დაცვისთვის შესაბამისი სტანდარტების შემუშავება, გადასინჯვა. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ ამას რეალურად არ ასრულებენ. აუცილებელია მომავალში მაინც ეს ყველაფერი განახორციელონ და თანამშრომელთა უსაფრთხოებაზე მართლაც იზრუნონ“, – ამბობს თბილისელი ვახტანგ კოკაია.

დასაქმებულთა უფლებების დაცვას ორგანიზაცია “მწვანე მუშტიც“ ითხოვს. მას მხარს უჭერს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაც. ორი ორგანიზაციის დამოკიდებულება ამ საკითხთან მიმართებაში იდენტურია.

პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრია შრომის სახელმწიფო ინსპექციის ჩამოყალიბებასთან ერთად, აუცილებელ ფაქტორად შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის, ასევე სახელმწიფო ინსპექციის შესახებ კანონის ამოქმედებას მიიჩნევს,სადაც უნდა გაიწეროს შრომის სახელმწიფო ინსპექციის კომპენტენცია. ინსპექციამ ორი მიმართულებით უნდა წარმართოს მუშაობა:

  1. შეამოწმოს შრომის უსაფრთხოების მდგომარეობა საწარმოებში,ორგანიზაციებში, კომპანიებში;
  2. შეამოწმოს შრომითი უფლებების დაცვის მდგომარეობა, რადგან უსაფრთხოების პირობების დაუცველობა და შრომის ინსპექციის არარსებობა კიდევ არაერთი დასაქმებულის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს;

სტუდენტებისგან დაკომპლექტებული ორგანიზაცია პროფკავშირებს სოლიდარობას უცხადებს და ამ საკითხის გაპროტესტებას შრომის,ჯანდაცვისა და სოც. უზრუნველყოფის სამინისტროსთან გეგმავს. მათი ძირითადი მოთხოვნაა, შრომის ინსპექტირების რეალური მექანიზმის შექმნა.

“ადამიანების სიცოცხლე საფრთხეშია! აქედან გამომდინარე, მოვითხოვთ შრომის ინსპექციის შექმნას, რომელიც ყველა საწარმოს სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით (და არამხოლოდ უსაფრთხების) შეამოწმებს და გასცემს სავალდებულო რეკომენდაციას“, – აქციაზე, რომელიც 13 თებერვალს გაიმართება ამ დრომდე მიწვეულია 3000-მდე ადამიანი. მათი ლოზუნგია `შრომის ინსპექცია მშრომელთა დასაცავად! არა შრომით ექსპლოატაციას!“. ამ მოწოდებას საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი უჭერს მხარს.inspeqcia

წყარო: http://www.resonancedaily.com/index.php?id_rub=5&id_artc=23559