დეკრეტულ შვებულებაში გასული ქალები, მიუხედავად იმისა, რომ მათ კანონი იცავს, სამსახურს სხვადასხვა მიზეზით კარგავენ. ზოგიერთ შემთხვევაში, უბრალოდ, უქმდება ის სამუშაო ადგილი, რომელიც ქალს დეკრეტულში გასვლამდე ეკავა. სქესის მიხედვით დისკრიმინაციაზე საუბრობენ სახალხო დამცველი და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომლებმაც ამ თემაზე კვლევაც ჩაატარეს. აჭარის პროფკავშირების გაერთიანებაში საზოგადოების სოლიდარობის დეფიციტსა და ცნობიერების ამაღლების საჭიროებაზე საუბრობენ.
სტატისტიკა იმის შესახებ, რამდენმა ქალმა დაკარგა სამსახური დეკრეტულში გასვლის შემდეგ, აჭარის პროფკავშირებს არ აქვს. ბოლო წლებში ამ პრობლემით მათთვის არავის მიუმართავს. აჭარის პროფკაერთიანების თავმჯდომარის, ილია ვერძაძის შეფასებით, მნიშვნელოვან პრობლემად რჩება სამოქალაქო საზოგადოების ნაკლებაქტიურობაც: “ჩვენს საზოგადოებაში სოლიდარობის დეფიციტია, ფაქტის მიჩქმალვა ხელს უწყობს პრობლემის გაღრმავებას, შესაძლოა სტატისტიკა ასეთი ფაქტების დიდია, მაგრამ არ ამჟღავნებენ. სახელმწიფო უნდა შეეცადოს აპლიკაციებისა და გასაუბრების დროს აკრძალოს ისეთი კითხვების დასმა, რომლითაც დამსაქმებელი ცდილობს, გაარკვიოს ქალი ელოდება თუ არა ბავშვს და უახლოეს პერიოდში აპირებს თუ არა ის დეკრეტულით სარგებლობას”.
ილია ვერძაძის თქმით, 15 ათასი ადამიანია გაწევრიანებული აჭარაში გაერთიანებულ პროფკავშირებში, მათ შორის ყველაზე ბევრი მასწავლებელი და ექიმია, ცოტაა მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებულთა რაოდენობა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საიტზე, სადაც ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება, 2010-2014 წლებში სულ 71 360 განცხადება დაფიქსირდა. აღნიშნულ ბაზებზე მდედრობით სქესზე ორიენტირებული ენის გამოყენება ვაკანსიების 10.01% შემთხვევაში ჩანს, ხოლო მამაკაცებზე ორიენტირებული ენა – 24.02% შემთხვევაში. უფრო კონკრეტულად კი, jobs.fe-ს ბაზაზე სიტყვა „მამაკაცის“ გამოყენება 1088-ჯერ დაფიქსირდა; ფრაზა – „სასიამოვნო გარეგნობა“ – 1589 განცხადებაში; სიტყვა „სტაბილურს“ – 780 განაცხადი შეიცავს; ხოლო სიტყვა „ქალბატონი“ – 607 შემთხვევაში იქნა გამოყენებული.
წყარო: http://www.netgazeti.ge/GE/105/News/44071/