იაფფასიანი სასტუმროს პრობლემა თბილისში

საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან თბილისში ყოველწლიურად ათასობით ადამიანი ჩამოდის. მათი უმეტესობა გლეხებია, რომელთაც დედაქალაქში გასაყიდად სოფლის მეურნეობის პროდუქტები ჩამოაქვთ. ქართული სტუმარმასპინძლური ტრადიციების გათვალისწინებით, ჩამოსულები თბილისში ნათესავებთან რჩებიან. თუმცა, ეს ნათესავიც ყველას არ ჰყავს და დედაქალაქის სტუმარიც იძულებულია, ღამის გასათევად სადმე იაფფასიანი ოთახი იშოვოს. თუმცა, ეს არცთუ ისე ადვილი საქმეა და მათაც ღამის გათევა ხშირად ვაგზალის მოსაცდელ სადგურში ან სულაც ღია ცის ქვეშ უხდებათ.

იაფფასიანი სასტუმროების არარსებობა თბილისს უკვე დიდი ხანია, პრობლემად ექცა, მაგრამ დედაქალაქის მთავრობას ამაზე ყურადღება დღემდე არ გაუმახვილებია. ასობით ძვირადღირებული და პრესტიჟული სასტუმროს ფონზე არავის ახსოვს ის უბრალო ადამიანები, რომელთაც ძვირიან სასტუმროებში გაჩერების საშუალება არ გააჩნიათ.

ჩვენი მიზანი რაიონიდან ჩამოსულებისა და ბინის ამაოდ მაძიებლების პოვნა იყო.

სუსხიანი ამინდის მიუხედავად, ჩვენი ადრესატების მოძიება არ გაგვჭირვებია. პირველად სამხედრო ქურთუკში გახვეულ, ტომარაზე დასაძინებლად გამზადებულ შუახნის მამაკაცს გამოველაპარაკეთ. იგი ქუჩაში სწორედ ზემოაღნიშნული პრობლემის გამო აღმოჩნდა.

”უკვე ათ წელზე მეტია, რაც თბილისში სოფლის პროდუქტები ჩამომაქვს და კვირაში ერთხელ მაინც მიწევს ღამით დარჩენა. თავიდან ჩემი ოფლით მოყვანილ ჭირნახულს გადამყიდველებს ვაბარებდი და ქალაქს ჩამოსვლის დღესვე ვტოვებდი. მაგრამ ამით წაგებული დავრჩი და იძულებული გავხდი, 50 ლარად ოთახი ამეღო. თუმცა, არც ამან გაამართლა. აღმოჩნდა, რომ 5-6 დღის გამო ბინაში 50 ლარის გადახდას ჩემი შემოსავალი ვერ გასწვდებოდა. ახლა კი, თვითონვე ხედავთ, რა გამოსავალი ვიპოვე და რა დღეში ვარ”.

გადავწყვიტეთ,რესპოდენტის მიერ დაწუნებული ”ერთი ღამის ბინა” ჩვენი თვალით გვენახა და ერთ-ერთი ასეთი ბინის მეპატრონეს შევხვდით. მეპატრონეს მისივე თქმით, დასამალი არაფერი ჰქონდა. იგი თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე გასაქირავებელ, ვიწრო ოთახში შეგვიძღვა.

ეს იყო ორსართულიანი ბარაკის ტიპის შენობა, პირველ სართულზე. 10-12 კვადრატული მეტრი ოთახის მთელ მორთულობას ერთი რკინის საწოლი და სკამი შეადგენდა. თეთრეული და სხვა ამგვარი ჰიგიენური წვრილმანები საჭიროდ არ ჩაეთვალათ. ოთახს ფანჯარაც არ ჰქონდა.

ვაგზალზე, ღია ცის ქვეშ, ანტისანიტარიულ პირობებში ღამის მთეველებს გაციებისა და სხვადასხვა ინფექციური დაავადებების გარდა, გაქურდვა და დაყაჩაღებაც ემუქრებათ. აქ მყოფმა ყველა ადამიანმა კარგად უწყის ე. წ. ”ღამის ბრიგადების” შესახებ, რომლებიც ათამდე კაცის შემადგენლობით ”მორიგეობენ”. მათი შემოსავლის ძირითად წყაროს სოფლიდან ჩამოსული გლეხების გაძარცვა წარმოადგენს. ვაგზლის ღამეულ მკვიდრთაც ყველაზე მეტად სწორედ მათი ეშინიათ.

თბილისს ანალოგიური პრობლემები გასული საუკუნის დასაწყისშიც ჰქონდა. თუმცა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, საქართველოს ცარისტული ხელისუფლება რეგიონიდან ჩამოსული ადამიანების დაბინავებას უკეთესად ახერხებდა.

ამ პერიოდის პრესაში უხვადაა მასალები თბილისში არსებული იაფფასიანი თავშესაფრების შესახებ. მსგავსი დაწესებულებები ამ დროისთვის რუსეთის იმპერიის ყველა დიდ ქალაქში არსებობს. თავშესაფრებთან ფუნქციონირებს სამკურნალო და სააფთიაქო პუნქტებიც. თავშესაფრებში არსებული მდგომარეობის შესწავლით ქალაქის საკრებულო გუბერნატორთანაა ანგარიშვალდებული. როგორც წესი, მსგავსი დაწესებულებები ხალხის სიმრავლით გამოირჩევა. ქალაქის სანიტარიული სამსახურის ერთ-ერთი უმთავრესი დანიშნულება სწორედ თავშესაფრებზე ზრუნვა და მათი ინფექციური დაავადებებისგან დაცვაა. პარალელურად, არსებობს იაფფასიანი და ასევე უფასო სასადილოებიც.

როგორც ჩანს, დღევანდელი საქართველოს დონე ამ კუთხით მეფის რუსეთის იმპერიასაც კი ჩამორჩება. იაფფასიანი თავშესაფრების მოწყობა თბილისის ტიპის ქალაქისთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო და დღესაც ასევე რჩება. სოფლის მოსახლეობისთვის კერძო მეურნების პროდუქტების ერთადერთი ბაზარი დედაქალაქია. სოფელში წვრილი მეურნეობის შენარჩუნების და შესამაბამისად, სოფლის მოსახლეობის ადგილზე გაჩერების უმთავრეს პირობას წლის მოსავლის სარფიანად გაყიდვა წარმოადგენს. თუკი დღეს ქალაქში ჩამოსულ გლეხებს, თუნდაც ღამის გათევის მხრივ ელემენტარული პრობლემები შეექმნათ, ხვალ მათი სახით ქალაქს უმუშევართა ახალი ტალღა მოაწყდება.

სხვათა შორის, მეოცე საუკუნის დასაწყისის თბილისში არსებული ძვირადღირებული სასტუმროების კომპლექსში ხშირად იაფფასიანი ფუნდუკებიც შედიოდა, სადაც რეგიონიდან ჩამოსულ გლეხებს ღამის გათევა შეღავათიან ფასებში შეეძლოთ. ალბათ, აბსურდული იქნება, რომ სასტუმროების დღევანდელ მეპატრონეებს მსგავსი დაწესებულებების გახსნა მოვთხოვოთ. არადა, ამ პრობლემის მოგვარებამდე დედაქალაქის კეთილმოწყობაზე ყოველგვარი საუბარიც კი ზედმეტია.qalaqi

(სტატია გამოქვეყნდა ციფრული ფორმატით გამომავალ გაზეთ “სოლიდარობაში”)