სტატიის ავტორი: დავით არაბიძე
საქართველოს დედაქალაქ თბილისში 1966 წლის 10 იანვარს საზეიმოდ გაიხსნა მეტროპოლიტენი. ამ სატრანსპორტო საშუალებით ჩვენი დედაქალაქი მსოფლიოს ქალაქთა შორის 35-ე იყო. ქართული ლიტერატურის კლასიკოსი კონსტანტინე გამსახურდია ერთ-ერთი იყო იმ გამოჩენილ ქართველთაგან, ვინც სათანადოდ აღნიშნა ეს მოვლენა: „თბილისი, ჩვენი რესპუბლიკის დედაქალაქი, უხუცეს დედაქალაქთაგანია კონსტანტინოპოლის, რომისა და პარიზის შემდეგ, რა სასიხარულოა, რომ მას ამშვენებს არა მარტო ბრწყინვალე არქიტექტურა, არამედ თანამედროვე ცივილიზაციის უახლესი მიღწევები.“
თბილისში მეტროპოლიტენის მსენებლობის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო სსრკ მინისტრთა საბჭომ 1951 წელს. მიღებული გადწყვეტილება 1952 წელს ამოქმედდა, მაგრამ 1953 წელს სსრ კავშირის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში მომხდარი დრამატული ცვლილებების შედეგად 1953-1959 წლებში მეტროპოლიტენის მშენებლობა საქართველოს დედაქალაქში შეჩერებული იყო. მართალია 6 წლიანი ინტერვალის შემდეგ, მაგრამ 1959 წლის ნოემბერში მაინც აღდგა თბილისში მეტროპოლიტენის მშენებლობა. ეს გადაწყვეტილება იმითაც იყო განპირობებული, რომ ტრანსპორტის ეს საშუალება ჩვენი ქალაქის რელიეფის გათვალისწინებით აუცილებელია, რადგან თბილისში მიწისზედა ტრანსპორტისათვის ქუჩების რეკონსტრუქცია-გაფართოება ფრიად შეზღუდულია.
თბილისი მეტროპოლიტენის მშენებლობა მოქალაქეთათვის საერთო სახალხო საქმე იყო და ამას ადასტურებს 100 ათასზე მეტი ადამიანის მხრიდან შაბათობებში მონაწილეობა. მშრომელები, ინჟინერ ვიქტორ გოცირიძის ხელმძღვანელობით, რთულ გეოლოგიულ პირობებში, გრუნტის წყლებით მდიდარ ქანებში ახდენდნენ გვირაბების გაყვანას. ქართველი მეტროს მშენებლების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ შეძლეს გვირაბების გაყვანა ისეთ უბნებშიც კი, სადაც წყლის მოდენა კლდოვან ქანებში 100 კუბურ მეტრს აღემატებოდა, ეს მათ გააკეთეს სულფატომდგრადი ცემენტით დამზადებული ბეტონის ნარევით, რაც ახალი სიტყვა იყო მეტროპოლიტენის მშენებლობაში. თბილისის მეტროპოლიტენი, როგორც ქართული, ასევე უზბეკური და სლოვაკური მარმარილოთი იქნა მოპირკეთებული.
1966 წელს გახსნილი თბილისის მეტროპოლიტენი სადგურ „რუსთაველიდან“ სადგურ „დიდუბემდე“ გრძელდებოდა, 1967 წელს იგი სადგურ „300 არაგველამდე“, 1971 წელს სადგურ „სამგორამდე“ გაგრძელდა. მეტროპოლიტენს 1979 წელს მეორე ხაზი – სადგურები „სადგურის მოედანი-დელისი“ დაემატა. პირველმა ხაზმა 1985 წელს სადგურ „ვარკეთილ“-ს უწია, ხოლო 1988 წელს სადგურ „ახმეტელის თეატრ“-ს. შემდგომ იყო დიდი ინტერვალი და მხოლოდ 2000 წელს გაიხსნა მეორე ხაზზე სადგური „ვაჟა-ფშაველა“, რითაც სადგურების საერთო რაოდენობამ 22 მიაღწია. 2015 წელს აზიის განვითარების ბანკმა 83 მილიონი ლარით დააფინანსა მეორე ხაზის სადგურ „უნივერსიტეტის“ მშენებლობის დასრულება. თბილისის მუნიციპალური განვითარების ფონდი ამ სადგურს ესპანურ-იტალიური ფირმის მეშვეობით აშენებს, გახსნა კი 2017 წლის ზფხულისთვისაა დაგეგმილი.
საქართველოს დედაქალაქი თბილისი უცილობლად საჭიროებს მეტროპოლიტენის ახალ სადგურებს. სამი ათეული წლის წინ მიღებული საქალაქო სატრანსპორტო კომპლექსური სქემის მიხედვით იგეგმებოდა ღრმა ჩაწოლის წესით მეტროპოლიტენის ახალი ხაზებისა და სადგურების მშენებლობა, მათ შორის უნდა ყოფილიყო: დღეს მოქმედი სადგური „ვაჟა-ფშაველა“ და მშენებარე სადგური „უნივერსიტეტი“, სადგურ „ახმეტელის თეატრს“ დაემატებოდა სადგურები „მუხიანი“ და „ელექტროქარხანა“, აშენდებოდა ახალი 3 სადგურიანი ხაზი: „ვარკეთილი-2“ , „კახეთის გამზირი“, „მოსკოვის გამზირი“, ახალი 5 სადგურიანი ხაზი: „რუსთაველი-2“, „საარბრიუკენის მოედანი“, ქვემო ელია“, „ზემო ელია“, „ვაზისუბანი“, ახალი 7 სადგურიანი ხაზი: „ვაკე“, „ტექნიკური უნივერსიტეტი-2“, „ექსპო-ჯორჯია“, „დიდუბე-2“, „დიღომი“, „ქარხანა მიონი“, „საქართველოს სამხედრო გზა“. სადგურები „ვარკეთილი-2“, „ტექნიკური უნივერსიტეტი-2“ და „დიდუბე-2“ გადასასვლელი სადგურები იქნებოდნენ.
თბილისის მეტროპოლიტენს მუშაკთა ძალისხმევა ამუშავებს, რადგან მათ გარეშე უსიცოცხლო იქნებოდა მეტროს მიწისზედა და მიწისქვეშა ნაგებობები, არ იმუშავებდა ვენტილაცია, ხელოვნური განათება, ელექტრო და რადიო კავშირი, ვერ შენარჩუნდებოდა სათანადო მიკროკლიმატი, არ იმოძრავებდა სატრანსპორტო საშუალებები. მნიშვნელოვანია ისიც რომ მეტროპოლიტენში დასაქმებულები გაერთიანებული არიან პროფკავშირში, რომელიც იცავს მათ სოციალურ, შრომით, პროფესიულ და მატერიალურ ინტერესებსა და უფლებებს.
თბილისის მეტროპოლიტენმა შარშან ნახევარ საუკუნეს გადააბიჯა, მაგრამ იგი ახალგაზრდული ენერგიითა და ხალისით, კომპეტენტურად და ღირსეულად აგრძელებს საკუთარ მისიას, ემსახურება თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს.