თბილისის საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის წევრებისა და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე დეპუტატები დეტალურად დაინტერესდნენ პროფესიული კავშირების გაერთიანების საქმიანობით და ურთიერთთანამშრომლობასთან დაკავშირებით სამომავლო გეგმები დასახეს.
კომისიის წევრებმა პროფესიული კავშირების განცხადება განიხილეს, რომელიც თბილისის გამგეობებში დასუფთავების განმახორციელებელ კომპანიებში დასაქმებული ადამიანების უფლებების დარღვევას გულისხმობს. როგორც საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ გოჩა ალექსანდრიამ განმარტა, ერთწლიანი კონტრაქტის შემთხვევაში დაქირავებული პირები ვერ სარგებლობენ შვებულებით, რადგან ამ ვადის გასვლის შემდეგ ხდება ახალი ტენდერის გამოცხადებადა, იცვლება კომპანია და ფორმდება ახალი ხელშეკრულება, რაც კვლავ ავალდებულებს დაქირავებულ პირს 11 თვე ვერ გამოიყენოს შვებულების უფლება.
როგორც საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარემ გულიკო ზუმბაძემ აღნიშნა, ხარვეზები აუცილებლად უნდა გამოსწორდეს, რისთვისაც დაიწყება მუშაობა და მოხდება კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება, რომელიც სამართლიანად დაარეგულირებს აღნიშნულ საკითხს.