საქართველოს დედაქალაქს უკვე 50 წელია ერთგულად ემსახურება მეტროპოლიტენი – ათწლეულების განმავლობაში სრულიად შეუცვლელი სატრანსპორტო საშუალება, თბილისელებისა და თბილისის სტუმრების საიმედო ტრანსპორტი. ეს არაა გასაკვირი, თბილისი ხომ იმ ქალაქთა რიგს მიეკუთვნება, რომლის რელიეფი მიწისზედა ტრანსპორტისათვის ქუჩების რეკონსტრუქცია–გაფართოების საშუაალებას ზღუდავს.
1951 წელს საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭომ მიიღო დადგენილება „თბილისში მეტროპოლიტენის მშენებლობის თაობაზე“, რომლის განხორციელებაც 1952 წელს დაიწყო, მაგრამ 1953 წელის ივლისიდან, საბჭოთა კავშირის ხელისუფლებაში მომხდარი პოლიტიკური ცვლილების შემდეგ თბილისში მეტროპოლიტენის მშენებლობა შეწყდა და მხოლოდ 1959 წელის ნოემბერში განახლდა. ეს მშენებლობა საქართველოსთვის საერთო სახალხო საქმედ იქცა და შაბათობების გზით მასში 100 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მშენებლობა, რომელიც ინჟინერი ვიქტორ გოცირიძეს ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა არ იყო მარტივი. მუშაობა რთულ გეოლოგიურ პირობებში მიდინარეობდა, რადგან გვირაბები დაბზარულ, გრუნტის წყლებით მდიდარ კლდოვან ქანებში გადიოდა. იყო უბნები სადაც წყლის მოდენა 100 კუბურ მეტრს აღემატებოდა საათში, ეს კი სულფატომდგრადი ცემენტით დამზადებული ბეტონის ნარევით დამატებითი სპეციალური სამუშაოების ჩატარებას მოითხოვდა. მეტროპოლიტენის სადგურების მოპირკეთება ქართული, სლოვაკური და უზბეკური მარმარილოთი ხორციელდებოდა.
დადგა 1965 წლის 28 ნოემბერი და მემანქანე ნოე ლაცაბიძემ პირველი საცდელი შემადგენლობა გაატარა თბილისის მეტროპოლიტენის რელსებზე. 1966 წლის 10 იანვარს სადგურ „რუსთაველის მოედანზე“ გაიმართა თბილისის მეტროპოლიტენის საზეიმო გახსნა.
საქართველოს დედაქალაქში მეტროპოლიტენის გახსნა დიდი მნიშვნელობის მოვლენა იყო. თბილისის მეტროპოლიტენი მსოფლიოს № 35-ე მიწისქვეშა რკინგზა იყო. ამ სიახლეს მრავალი საზოგადო მოღვაწე გამოეხმაურა, მათ შორის იყო მწერალი კონსტანტინე გამსახურდია, რომელმაც ასე აღნიშნა მეტროპოლიტენის ამოქმედება: „თბილისი, ჩვენი რესპუბლიკის დედაქალაქი, უხუცეს დედაქალაქთაგანია კონსტანტინოპოლის, რომისა და პარიზის შემდეგ. რა სასიხარულოა, რომ მას ამშვენებენ არა მარტო ჩვენი ბრწყინვალე არქიტექტურა, არამედ თანამედროვე ცივილიზაციის უახლესი მიღწევები“.
1966 წლის 11 იანვარს როდესაც პირველი მგზავრები შევიდნენ თბილისის მეტროპოლიტენში, ის მხოლოდ 6 სადგურით შემოიფარგლებოდა (სადგური „დიდუბე“ – სადგური „რუსთაველი“). დღეს დედაქალაქის მეტროპოლიტენი ორი ხაზისგან შედგება: ა) სადგური „ახმეტელის თეატრი“ – სადგური „ვარკეთილი“ ( 16 სადგური ) და ბ) სადგური „სადგურის მოედანი“ – სადგური „ვაჟა-ფშაველა“ ( 6 სადგური ).
თბილისის საქალაქო სატრანსპორტო კომპლექსური სქემის მიხედვით, ღრმა ჩაწოლის წესით იგეგმებოდა მეტროპოლიტენის რამდენიმე ახალი ხაზისა და სადგურის, მათ შორის ახალი 5 სადგურიანი ხაზის – „რუსთაველი–2“, „საარბრიუკენის მოედანი“, „ზემო ელია“, „ქვემო ელია“, „ვაზისუბანი“, საბურთალოს ხაზის 2 სადგურით – სადგური „ვაჟა–ფშაველა“ და „უნივერსიტეტი“, ახალი 7 სადგურიანი ხაზის – „ვაკე“, „ტექნიკური უნივერსიტეტი–2“, „ექსპო–ჯორჯია“, „დიდუბე–2“, „დიღომი“, „ქარხანა მიონი“, „საქართველოს სამხედრო გზა“, ახალი 3 სადგურიანი ხაზის – „ვარკეთილი–2“, „კახეთის გზატკეცილი“, „მოსკოვის პროსპექტი“, გლდანის ხაზის 2 სადგურით – „მუხიანი“ და „ელექტროქარხანა“ მშენებლობა. აღსანიშნავია რომ სადგურები „დიდუბე–2“, „ტექნიკური უნივერსიტეტი–2“ და „ვარკეთილი–2“ გადასასვლელი სადგურები იქნებოდნენ.
ქვეყანაში მომხდარი ანტიკონსტიტუციური გადატრიალების გამო 1992 წლიდან მეტროპოლიტენის განვითარების ეს კომპლექსური სქემა შეფერხდა და მხოლოდ 2000 წელს განხორციელდა საბურთალოს ხაზზე სადგურის „ვაჟაა–ფშაველა“-ს ამოქმედება, ცალ ლიანდაგზე მოძრაობით.
თბილისის მუნიციპალური განვითარების ფონდის შემწეობით 2015 წლის 28 ივლისს განახლდა მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზის სადგურის „უნივერსიტეტი“–ს მშენებლობა. ამ სადგურს ესპანურ–იტალიური ფირმა აზიის ბანკი 80 მილიონი ლარის დაფინანსებით აშენებს.
მეტროპოლიტენი არაა მხოლოდ ლითონი და მარმარილო, მას მშრომელთა ძალისხმევა ამუშავებს. მიწისქვეშა ნაგებობები, ვენტილაცია, მიკროკლიმატი, გვირაბებსა და სადგურებში ადამიანებისა და სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, მიწისქვეშეთის მუდმივი ხელოვნური განათება, ელექტრო და რადიო კავშირის უზრუნველყოფა, ზოგადად მგზავრთათვის ნორმალური პირობების უზრუნველყოფა მეტროპოლიტენის მუშაკთა კომპეტენციასა და შრომის უნარიანობაზეა დამოკიდებული. მეტროპოლიტენი პირველ რიგში მშრომელი ადამიანებია. თბილისის მეტოპოლიტენში შექმნილია პროფკავშირი, რომელიც აქტიურად დგას მეტროს მუშაკთა სოციალური, შრომითი, მატერიალური და პროფესიული უფლებებისა და ინტერესების დაცვის პოზიციაზე. სწორედ ამ ორგანიზაციის დამსახურებაა ის, რომ მეტროპოლიტენში დასაქმებული ადამიანების შრომისა და ღვაწლის ღირსეულად დასაფასებლად, საიუბილეო 2016 წლიდან, აღდგება წელთა ნამსახურების დანამატი, რომელიც 2006 წლიდან აღარ გაიცემოდა თანამშრომლებზე.
გავიდა სახელოვანი შრომის ათწლეულები და დღეს ნამდვილად მისალოცია ყველა მეტროპოლიტენელისთვის ეს მართლაც ოქროს იუბილე – ყველა ვინც აშენებდა და ყველა ვინც რუდუნებით ემსახურებოდა საქართველოს დედაქალაქის მიწისქვეშა რკინიგზას საზოგადოების სასახელო წევრები არიან, რადგან მათმა გარჯამ უკვე ნახევარი საუკუნეა არ იცის შეფერხება და პირნათლად ემსახურება ადამიანებს, სრული პროფესიული ოსტატობითა და პასუხისმგებლობით.
დავით არაბიძე