“თბილავიამშენი” გაფიცულია

„თბილავიამშენის“ თანამშრომლები სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით დღეს დილით გაიფიცნენ. საწარმოში დასაქმებულმა 120 ადამიანმა პროტსტის ნიშნად სამუშაოს შესრულებაზე უარი განაცხადა.

გაფიცულები  ხელფასების მატების გარდა და პრემიალური სისტემის შემოღებას ითხოვენ.

საქართველოს პროფკავშირების მონაწილეობით, საწარმოს ადმინისტრაციასთან მედიაციის 21 დღიანი პროცესი შეთანხმების გარეშე დასრულდა, ამიტომ დასაქმებულებმა პროტესტის მძიმე ფორმას – გაფიცვას მიმართეს.

„თბილავიამშენის“ თანამშრომლები პროფკავშირებთან ერთად  მოითხოვენ  საპრემიო სისტემის ამოქმედებას, კოლექტიური შეთანხმების გაფორმებას და სანიტარულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებას. კომპანიის თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ მინიმალური ხელფასის ზღვარი 1000 ლარი უნდა იყოს.

გაფიცულთა ინფორმაციით, მედიაციის პროცესში კომპანიის ადმინისტრაციამ ხელფასის გაზრდაზე უარი თქვა, საპრემიო დანამატად კი დასაქმებულებს მიზერული თანხა შესთავაზა.

კომპანია “თბილავიამშენი,” რომლის ძირითადი საქმიანობაა სამხედრო თვითმფრინავების და სამხედრო დანიშნულების პროდუქციის წარმოება და რემონტი, 2010 წლიდან სახელმწიფოს მფლობელობაშია.

გაფიცვა მანამ გაგრძელდება, სანამ თანამშრომლების მოთხოვნებსი არ დაკმაყოფილდება.