მიმდინარეობს საიტის განახლება

თანამედროვე მონობა მსოფლიოში – განხილვა ბუდაპეშტში

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, უნგრეთში, ბავშვთა დაცვის საკითხებზე,  ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონული კონსულტაციებში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) და  ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE)  ინიციატივით შედგა. განხილვის მთავარი თემა იყო: ბავშვთა და იძულებითი შრომის, თანამედროვე მონობის და ადამიანის ტრეფიკინგის დასრულება, მდგრადი განვითარების მიზნების ფარგლებში.

მთავარ სესიებზე იმსჯელეს ხარისხიან განათლებასა და სკოლიდან – სამსახურზე გადასვლის ეტაპებზე,  ბავშვთა იძულებით შრომაზე და ამ კუთხით არსებულ გამოწვევებსა და ტენდენციებზე, სოციალური დაცვის გარანტიებზე და ახალგაზრდების დასაქმებაზე, ასევე განსხვავებული შრომითი ბაზრის პოლიტიკაზე, ისეთ საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა: პროფესიული განათლება, კარიერული რჩევები, შეგირდობა, ახალგაზრდათა უფლებები და სამუშაო ადგილებზე.

მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობდნენ, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტები, გაეროს ბავშვთა ფონდის, ეუთოს, ბავშვთა დაცვის ორგანიზაციების, სხვდასხვა ქვეყნების მთავრობების და პროფკავშირების წარმომადგენლები.

ირაკლი პეტრიაშვილმა გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ბავშვთა შრომასა და ამ კუთხით მსოფლიოსა და საქართველოში არსებულ პრობლემებზე. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების და პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებით, ბავშვთა და არასრულწლოვანთა შრომითი ექსპლუატაცია, დღეისათვის ყველაზე თვალსაჩინოდ ჩანს ტრანსნაციონალური კომპანიების მიერ ნაკარნახებ და მიწოდების ქსელებში არსებული შრომის პირობების მარტივი ანალიზით. კომპანიები თავს არიდებენ შრომის ერთი და იგივე სტანდარტის შენარჩუნებას და როგორც წესი ეს პირობები უარესდება იქ, სადაც სახელმწიფოს.მხრიდან არ რეგულირდება შრომითი ბაზარი და არ მოქმედენს შრომის სტანდარტების მარეგულირებელი შრომის ინსპექცია.

„მთავრობების მხარდაჭერითა და ხელშეწყობით, მსხვილი  ტრანსნაციონალური კომპანიები ნელ-ნელა იპყრობენ როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ეროვნულ  ბაზარს. სარგებლობენ რა მონოპოლიური მდგომარეობით, მსხვილი ფირმები ცდილობენ შრომის ბაზარზე დააწესონ თავისი საკუთარი, როგორც წესი, შრომის საერთაშორისო სტანდარტებზე დაბალი, ხშირ შემთხვევაში კი იმგვარი შრომის ნორმები, რომელსაც არ შეიძლება ეწოდოს არაფერი „თანამედროვე მონობის“ გარდა. ანალოგიური მდგომარეობაა  საქართველოშიც, სადაც სახელმწიფოს მხრიდან სრული გულგრილობის ფონზე, მსხვილი სუპერმარკეტების და სწრაფი კვების ქსელების თანამშრომლები არიან უმძიმეს შრომით პირობებში. მიწოდების ქსელებში შექმნილი მდგომარეობის გამოსწორებისთვის კი საჭიროა პოლიტიკური ნება სახელმწიფოს მხრიდან და ჰუმანური, ცივილიზებული მიდგომა ტრანსნაციონალური კომპანიების და დამქირავებელთა მხრიდან.“ განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.