საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე, თამაზ დოლაბერიძე აცხადებს, რომ გაფიცვის მიმდინაროებისას დაბა კაზრეთში მობილიზებულია თვალშისაცემად ზედმეტი პოლიციური ძალები და ძალოვანები პერმანენტულად პატრულირებდნენ დასახლებაში.
“კაზრეთში გაფიცვის მე-4 დღეა. კომპანიის ადმინისტრაცია კვლავ პროვოკაციების მოფიქრებით არის დაკავებული. წუხელ მთელი ღამის განმავლობაში ურეკავდნენ სათითაო მუშას თავისი უშუალო ხელმძღვანელები და ეუბნებოდნენ, რომ ყველა საკითხი მოგვარებულია და დილით შემოდით ქარხანაშიო. პარალელურად კაზრეთში მობილიზებული იყო თვალშისაცემად ზედმეტი პოლიციური ძალები და პერმანენტულად პატრულირებდნენ დასახლებაში.
გაფიცვის დაშლა ისე უნდათ, რომ არ შედგეს შემათანხმებელი პროცედურები, არ დაიდოს შეთანხმება და დამსაქმებელს კიდევ დარჩეს შანსი რომ ეს ისედაც უფლებაშელახული მუშები კიდევ მოატყუოს ისე როგორც ამას აგერ უკვე ათეული წლებია აკეთებს.
და… რა მაინტერესებს იცით? შრომის კოდექსში მაშინ რატომ ჩაწერეს ფრაზები – “შრომის სამინისტრო”, “მედიაცია”, “მედიატორი”, “მოლაპარაკებები”, “შემათანხმებელი პროცედურები”, “კოლექტიური ხელშეკრულება”…
ჩვენ ჩვენი საქმე კარგად ვიცით. ჩვენ ზუსტად და ზედმიწევნით ვახერხებთ, რომ მუშას შევაძლებინოთ კანონით მინიჭებული უფლებების სრულად, მაქსიმალურად რეალიზება, განა ამაში ანტისაზოგადოებრივი ან ანტისახელმწიფოებრივი არის რამე? განა სწორედ ეს არ არის სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის პროცესი? განა ამით ჩვენ – პროფკავშირებს საკუთარი წვლილი არ შეგვაქვს ამ მშენებლობაში?“ – ამბობს თამაზ დოლაბერიძე.
შეგახსენებთ, რომ ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთში RMG GOLD-ისა და RMG COPPER ოქროს საბადოს გაფიცული თანამშრომლები სამსახურიდან გათავისუფლებული180-ზე მეტი ადამიანის უპირობო აღდგენას, ხელფასების მატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.