მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ზუგდიდში მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მძღოლების აქციები გრძელდება

უკვე რამდენიმე დღეა, ზუგდიდში საქალაქთაშორისო მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მძღოლთა მიერ ორგანიზებული აქციები იმართება. ისინი ზუგდიდში უცხოური კომპანია “მეტროს” შემოსვლას აპროტესტებენ. მათი თქმით, ამას კონკურენციის ზრდასთან ერთად, ზუგდიდელი მძღოლებისათვის საარსებო წყაროს დაკარგვა მოყვება. ზუგდიდში იმყოფება ტრანსპორტისა და გზის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე, ლავრენტი ალანიაც, რომელიც აქტიურადაა ჩართული საპროტესტო კამპანიაში.

შეგახსენებთ, რომ 12 დეკემბერს, ზუგდიდის შიდასაქალაქო და საქალაქთაშორისო მიკროავტობუსების და ავტობუსების მძღოლებმა ზუგდიდის ავტოსადგურის ტერიტორიაზე, პროფკავშირებთან ერთად გამაფრთხილებელი აქცია გამართეს სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, სადაც პირველად გაჟღერდა უკმაყოფილება ბაზარზე სხვა კომპანიის შემოსვლის გამო.

მძღოლები ამბობენ, რომ არავითარ შემთხვევაში არ დათმობენ ამდენი წლის განმავლობაში მათთვის მარჩენალ საკუთარ შრომას, რომელიც მათი ოჯახებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ტრანსპორტის პროფკავშირის თავმჯდომარე, ლავრენტი ალანია აცხადებს, რომ “მეტრო” თურქული კომპანიაა, რომელიც აზერბაიჯანში და ბათუმი-თბილისის გზებზე მუშაობს, თუმცა გაურკვეველია, ვის ეკუთვნის კომპანია და როდის აპირებს ის ზუგდიდში შემოსვლას. მისი თქმით, ამ პროცესმა 400 მდე დასაქმებული ადამიანი შესაძლოა, სამუშაოს გარეშე დატოვოს, რადგან, როგორც ცნობილია, კომპანია ფლობს მეტად კომფორტულ ავტომობილებს, სადაც მგზავრებისთვის გამოყოფილი ადგილებიც გაცილებით მეტია, ვიდრე ჩვენს ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში. პროფკავშირები დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ ეკონომიკის სამინისტროსაგან,  ტრანსპორტის სააგენტოსაგან, მიეცათ მძღოლებისთვის გარკვეული პერიოდი, რათა მათ შეეძინათ ახალი ავტომობილები. ალანია ამბობს, რომ 2006 წლის შემდეგ, როცა კახა ბენდუქიძის ეკონომიკის მინისტრობისას, გაუქმდა ტრანსპორტის რეგულირების შესახებ კანონი, სატრანსპორტო სფეროში მრავალი დარღევა ხდება და მისი რეგულირება მხოლოდ ბაზარსაა მინდობილი. შესაბამისად, კონკურენცია, ამ შემთხვევაში, პირველ რიგში აზარალებს ზუგდიდელ მძღოლებსა და მათ ოჯახებს, რადგან დღეს საქართველოში, უმუშევრობის საკმაოდ დიდი მაჩვენებელის პირობებში, მოსახლეობის დიდი ნაწილი თავს სწორედ ტრანსპორტით ან ვაჭრობით ირჩენს.