მიმდინარეობს საიტის განახლება

ზესტაფონში შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა პროფკავშირებსა და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს შორის თანამშრომლობით განხორციელდა

შ.პ.ს. “ჯორჯიან მანგანეზის” ზესტაფონის ფერო-შენადნობთა ქარხანაში ადგილი ჰქონდა ამწე-მექანიზმებისტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დარღვევით ექსპლოატაციას  . შესაბამისად იქ მიმდინარე საწარმოო პროცესები საფრთხეს უქმნიდა დასაქმებულთა ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, რაც ამ საწარმოში მომუშავე პერსონალის უკმაყოფილებას იწვევდა.

აღნიშნული დარღვევების აღმოფხვრაში  დახმარებისათვის ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მოქმედი პროფკავშირის ხელმძღვანელმა  კახა მაჩიტიძემ მიმართა საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირს. პროფკავშირის ლიდერების განმარტებით, მიუხედავად მათი არაერთგზის შეტყობინებისა და მოთხოვნისა, კომპანიის ადმინისტრაციამ, სამწუხაროდ, სათანადო ყურადღება არ გამოიჩინა ამ საკითხის მიმართ.

შესაბამისი თხოვნის საფუძველზე საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების შრომის ტექნიკურმა და სამართლებრივმა ინსპექტორებმა შეისწავლეს არსებული მდგომარეობა. მათ გაანალიზეს   საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – “ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს” მიერ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში უკანასკნელი წლების განმავლობაში განხორციელებული ინსპექტირების რეგულარობა და შედეგები. ამ ანალიზის, ქარხნის ამწე-მექანიზმების სავალალო მდგომარეობის, ქვეყანაში მოქმედი სტანდარტებისა და აღნიშნული სააგენტოს მანდატის გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 11 თებერვალს პროფკავშირების გაერთიანებამ “ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსგან” წერილობით მოითხოვა ქარხანაში სასწრაფოდ რიგგარეშე ინსპექტირების განხორციელება. წერილში აღინიშნა სავარაუდო დარღვევებისა და სტანდარტებთან მათი კრიტიკული შეუსაბამობის შესახებ. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის –ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს“ უფროსის, გრიგოლ კაკაურიძის სახელზე, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილმა სპეციალურ წერილში ვკითხულობთ:

“შპს ,,ჯორჯიან მანგანეზის“ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მომუშავე პერსონალმა, პროფესიული კავშირების  გაერთიანებას მოგვაწოდა ინფორმაცია საწარმოში არსებული, თქვენს კონტროლს დაქვემდებარებული ობიექტების, კერძოდ, ამწე-მექანიზმების გაუმართაობის შესახებ, რომელთა ექსპლოატაციაც საფრთხისშემცველია იქ დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.

წარმოგიდგენთ საწარმოში დასაქმებულების მიერ ადგილზე დაფიქსირებულ არსებით და კრიტიკულ შეუსაბამობებს:

  • ხიდური ელ-ამწეების უმეტესობა კოროზირებულია.
  • წიდების გადამამუშავებელ უბანზე არსებული ხიდური ელ. ამწის სავალი ფერმა, რაზეც დამაგრებულია რელსი დაზიანებული და უსწორმასწოროა, რამაც გამოიწვია რელსების დაშორება. ასევე დაზიანებულია საფეხმავლო ბილიკი, რაც საფრთხეს უქმნის ხიდური ელ. ამწის მემანქანეებს, შემკეთებლებს, ზეინკლებს, ელექტრიკოსებს.
  • ხიდური ელ. ამწეების მართვის კაბინები ამორტიზირებულია და საფრთხეს უქმნის მემანქანეებს. შემინვის არ არსებობის გამო ხიდურ ელ. ამწეებს არ გააჩნიათ გაგრილების, გათბობის და ჰაერის ვენტილაციის სისტემები. დაფიქსირდა ფაქტი კაბინის სამაგრის  მოწყვეტის, რის გამოც კაბინამ ცალ მხარეზე დაიწია.
  • ამწეების ურიკების სკატები არ არის დაცენტრებული, რაც იწვევს სისტემატიურად ჭანჭიკების წყვეტას.
  • ხშირია ხიდური ელ. ამწეების შეჯახების ფაქტები, რაც გამოწვეულია შეჯახების საწინააღმდეგო შემზღუდველების არარსებობით .
  • გრეიფერული სისტემის ტვირთის გადაადგილებისას გრეიფერზე არ არის ჯალამბრების ამწევი შემზღუდველები.
  • ხიდურ ელ. ამწეებზე მგრეხივი მომენტების დაკავშირება ხდება შედუღებით, რაც დაუშვებელია.
  • ზოგიერთ ხიდურ ელ.ამწეს არ გააჩნია ტვირთის ამწევი ავარიული ამომრთველი.
  • ხიდური ელ. ამწეების მემანქანეებს არ ჰყავთ დამხმარე მეჯამბრეები, ჩამბმელები. აღნიშნულ მოვალეობას ასრულებენ მდნობელები, რომლებსაც არ აქვთ გავლილი შესაბამისი სწავლება.

მიგვაჩნია, რომ ზემოთ წარმოდგენილი არსებითი და კრიტიკული შეუსაბამობები  წარმოადგენს ინსპექტირების საფუძველს. საქართველოს კანონის პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-20 მუხლის, მე-3 პუნქტის, ა)- ქვეპუნქტის თანახმად, გთხოვთ, განახორციელოთ ინსპექტირება შპს ,,ჯორჯიან მანგანეზის“ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში არსებულ მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტებზე.  ამასთანავე გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია განხორციელებული ინსპექტირების შედეგების შესახებ“.

ნიშანდობლივი ფაქტია, რომ კაკაურიძის უწყებამ პროფკავშირების გაერთიანების მიერ დასმული აღნიშნული პრობლემური საკითხი სწრაფად შეისწავლა და არაერთი მძიმე დარღვევაც აღმოაჩინა, კერძოდ „160 (ას სამოცი) არსებითი ხასიათის და 4 კრიტიკული სახის შეუსაბამობა“.  ამის საფუძველზე სააგენტომ შეადგინა ადმინისტრაციული ოქმები.  კომპანია დაჯარიმდა 12 000 ლარით და განესაზღვრა კონკრეტული ვადები დარღვევების აღმოსაფხვრელად.

აღნიშნული შემთხვევა კიდევ ერთხელ ცხადყოფს თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ფუნქციურად ძლიერი და ქმედითი შრომის სახელმწიფო ინსპეციის შექმნას, რომელიც აღნიშნულ ფაქტებს სწრაფად გამოავლენს და მოსალოდნელი უბედური შემთხვევების თავიდან არიდების ღონისძიებებს გაატარებს. სწორედ ამიტომ, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ითხოვდა და დღესაც ითხოვს ისეთი ორგანოს ჩამოყალიბებას, რომელიც შრომის უსაფრთხოების ნორმებს დაიცვას და გააკონტროლებს არამხოლოდ მომეტებული რისკის ობიექტებზე და ისიც მანქანა-მოწყობილობების შეზღუდული კატეგორიის მიმართ, არამედ ყველა საწარმოსა და ორგანიზაციაში, ისე როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია მიღებული. არადა, ეს სააგენტო მხოლოდ რომ მომეტებული რისკის ობიექტების შემოწმებაზე პასუხისმგებელი, ხოლო დანარჩენი საწარმო-დაწესებულებები ღვთის ანაბარაა მიტოვებული.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება იმედოვნებს, რომ დამსაქმებლის სურვილის შემთხვევაში, შემდეგში სახელმწიფოს დახმარებისა და ჩარევის გარეშეც იქნება შესაძლებელი “ჯორჯიან მანგანეზთან“ ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ორმხრივი ეფექტური თანამშრომლობა. სოციალური პარტნიორობა ხომ სწორედ მშრომელთა და დამსაქმებელთათვის ორმხრივად სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღებას გულისხმობს.  4312