ზესტაფონში, იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ოფისში გაიმართა ტყიბულის მეშახტეთა პროფკავშირის თავმჯდომარის – გიორგი ბაბუხადიას, კომიტეტის წევრის – ტარიელ მაჩიტიძისა და რიგითი წევრების – რამაზ ტოროშელიძისა და შოთა გიორგაძის შეხვედრა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილესთან, გოჩა ალექსანდრიასთან, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ქუთაისის ოფისის წარმომადგენელთან – ირაკლი იობიძესთან, საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტთან, თამაზ დოლაბერიძესთან და ვიცე-პრეზიდენტთან – თეიმურაზ გვენეტაძესთან.
შეხვედრაზე განხილული იქნა პრობლემა, რომელიც უკავშირდება ტყიბულის მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტებს შორის, თითოეულ ტონა ნახშირზე, კომპანიის ადმინისტრაციის მიერ მეშახტეებისთვის გადახდილ არათანაბარ ანაზღაურებას.
“ძიძიგურის სახელობის შახტაზე დასაქმებული მეშახტეები ამბობენ, რომ ამით მათი უფლებები ილახება და ადგილი აქვს სოციალურ უთანასწორობას, ეს აბსოლუტურად ლოღიკურია და ჩვენც ბოლომდე ვიზიარებთ მათ პოზიციას“ – განაცხადა ტარიელ მაჩიტიძემ.
თამაზ დოლაბერიძის თქმით, თუ ერთი და იგივე კომპანიის თანამშრომლები მოიპოვებენ ერთი და იგივე ხარისხისა და რაოდენობის მადანს და მათ აქვთ შრომის სხვადასხვა ანაზღაურება, ეს მართლაც არის სოციალური უთანასწორობა და აუცილებელია მისი აღმოფხვრა, ეს კი მხოლოდ კომპანიის წინაშე სწორად დასმული საკითხითა და კარგად დაგეგმილი ღონისძიებებით არის შესაძლებელი.
შეხვედრა დასრულდა იმით, რომ დაიგეგმა კომპანიის ადმინისტრაციასთან შეხვედრა, ხოლო გოჩა ალექსანდრიას მიერ, პროფკავშირის მხრიდან შეხვედრის სავარაუდო მონაწილეებისადმი გაიცა გარკვეული რეკომენდაციები, რათა კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა იყოს მაქსიმალურად ეფექტური.