რკინიგზელთა გაფიცვა ახალ ფაზაში შევიდა. მესამე დღეა რკინიგზელები გაფიცულები არიან. ე.წ. შტრეიკბეხერების გამოყენებით, რკინიგზის ადმინისტრაცია ჯერჯერობით ახერხებს დასავლეთ საქართველოში შეინარჩუნოს სიმულაცია იმისა, რომ თითქოს რკინიგზა სრული დატვირთვით მუშაობს. სინამდვილეში სერიოზული შეფერხებებია როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში.
გაფიცულთა რაოდენობა 70% აჭარბებს. ლოკომიტივის მემანქანებად მუშაობენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სადგურის დირექტორები და ცენტრალ;ური ოფისის წარმომადგენლები. 27 ნოემბერს უკევ დაფიქსირდა რამდენიმე საავარიო სიტუაცია. ერთ შემთხვევაში სატვირთო და სამგზავრო მატარებლების შეჯახების თავიდან არიდება მხოლოდ ბოლო მომენტში გახდა შესაძლებელი. ასევე გამოვლინდა დაზიანებული რელსების აღმოჩენის ფაქტები, რაც ნორმალურ სიტუაციაში თანამშრომლებს უფრო ადრე უნდა აღმოეჩინათ, მაგრამ იმის გამო, რომ ხალხი გაფიცულია და მუშახელი არაა საკმარისი, ამ დაზიანების აღმოჩენა გვიან მოხერხდა.
დაძაბულობა პიკს აღწევს. 27 ნოემბერს თბილისის სალოკომოტივო დეპო და მახარისხებელი დეპო სრულად იყო გაფიცული. ადმინისტრაცია გვიან ღამით შეეცადა, რომ გაფიცული მემანქანეები, ზეინკლები და გამსინჯველები დაერწმუნებინა, რომ დაბრუნებულიყვნენ სამუშაო ადგილებზე. ამ შეხვედრას თბილისის დეპოში შეესწრნენ. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე, გოჩა ალექსანდრია, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარე ვიტალი გიორგაძე და მისი მოადგილე, ილია ლეჟავა.
საინტერესოა ის, რომ გვიან ღამოთ დაახლოებით 01:00 საათზე, რკინიგზელებთან სასაუბროდ სალოკომოტივო დეპოში მივიდნენ რკინიგზის დირქტორთა საბჭოს ორი წევრი – ალექსი ნიკოლაიშვილი და გურამ გურამიშვილი. მათ თან ახლდათ პრესასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი დაჩი ცაგურია, რომელიც ამავდროულად თავს ასაღებს როგორც სააკაშვილის მთავრობისდროინდელი ყოფილი პოლიტპატიმარი. მას თან ახლდა მისი მეგობრები: მელორ ვაჩნაძე, ლევან გოგიჩაიშვილი და სხვა უცხო პირებიც, რომლებიც ასევე თავს წარმოაჩენენ როგორც ყოფილი პოლიტპატიმრები. ამ ხალხს რკინიგზასთან არანაირი შეხება არ აქვთ. ისინი აგრესიულად ელაპარაკებოდნენ რკინიგზელებს. ეს ადამიანები ერთგვარი “ქუჩური ენით“ ცდილობდნენ რკინიგზელების დარწმუნებას, რომ თითქოს ისინი სხვა ვინმეს “თამაშს“ თამაშობდნენ და მათით თითქოს ვინმე მანიპულირებდეს. როდესაც მათ რკინიგზელებმა დაუსვეს შეკითხვა, თუ ვის გულისხმობდნენ მანიპულატორებად და განმარტეს, რომ ისინი გაფიცვაზე საკუთარი აზრითა და საკუთარი მოთხოვნებით იყვნენ გამოსულნი – ერთ–ერთმა მოძალადემ, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა, რომ ის პროფკავშირელებს ფიზიკურად გაუსწორდება და ირაკლი პეტრიაშვილს “სამ დღეში ფეხებით ჩამოკიდებს“. ამ ინციდენტს შეესწრო საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე, გოჩა ალექსანდრია და მან ლევან გოგიჩაიშვილს მოუწოდა დაეტოვებინა ტერიტორია, შეეწყვიტა რკინიგზელებზე ზეწოლა და ამავდროულად ალექსი ნიკოლაიშვილსა და გურამ გურამიშვილს განუცხადა, რომ ამ ინციდენტზე პასუხისმგებლობა მათ, როგორც დირექტორებს ეკისრებოდათ. აშკარა იყო, რომ ეს ადამიანები პროფკავშირის ლიდერებს ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ. გოჩა ალექსანდრიამ და ვიტალი გიორგაძემ იქ მყოფ პოლიციელებს მოუწოდეს, რომ დროულად აღეკვეთათ ეს ფაქტი და ტერიტორიიდან უცხო ადამიანები გაეყვანათ. ამის შემდეგ მელორ ვაჩნაძემ გოჩა ლექსანდრიასკენ ფიზიკური შეურაწყოფის მიზნით გაიწია და პარალელურად უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა პროფკავშირელებს.
საბოლოო ჯამში მოძალადეები გაიყვანეს დეპოს ტერიტორიდან, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან შემაშფოთებელია მოვლენების ასეთი განვითარება. აშკარაა, რომ რკინიგზის ადმინისტრაციას აღარ გააჩნია არგუმენტაცია შრომის დავაში და იშველიებს უხეშ ძალას, იყენებს საეჭვო რეპუტაციის მქონე უცხო ადამიანებს, რომელებსაც რკინიგზასთან არანაირი შეხება არა აქვთ. ეს ადამიანები ცდილობენ დესტრუქცია შეიტანონ რკინიგზელებში და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებისა და რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის კანონიერი მოთხოვნები დააყენონ დარტყმის ქვეშ.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რკინიგზის 100%–იანი წილს სახელმწიფო ფლობს, ამ სიტუაციაზე პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს მთავრობას და საქართველოს მათავრობის მიერ დანიშნულ საპარტნიორო ფონდს, რომელიც მართავს რკინიგზას. პროფკავშირების გაერთიანება საქართველოს მთავრობას მოუწოდებს დროულად აღკვეთოს მოვლენების ასეთი ნეგატიური მიმართულებით განვითარება, რათა არ მოხდეს რკინიგზელების პროვოცირება, რომლებიც უკვე მესამე დღეა თოვლში და წვიმაში დგანან და მოითხოვენ, რომ ადმინისტრაციამ დაუკმაყოფილოს მათი სამი ძირითადი მოთხოვნა: 1. გასცეს ე.წ. მეცამეტე ხელფასი პრემიის სახით. 2. შემუშავდეს ახალი სახელფასო სისტემა (რომელიც უზრუნველყოფს ხელფასების მატებას და არა კლებას) 3. დასაქმებულებს ზეგანაკვეთუირი ტარიფი 1.25%–ით აუნაზღაურდეს.
რკინიგზის ადმინისტრაცის წარმომადგენლებმა საქართველოს სახალხო დამცველთან შეხვედრის დროს განაცხადეს, რომ მოლაპარაკების მაგიდას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუბრუნდებიან, თუ გაფიცვა შეწყდება. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების პოზიციაა, რომ ადმინისრაციის ეს მოთხოვნა საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით უკანონოა, რადგან გაფიცვის პერიოდში მხარეები ვალდებულნი არიან, განაგრძონ შემათანხმებელი პროცედურები და მოლაპარაკებები.