მიმდინარეობს საიტის განახლება

ეს შენ გეხება – შემოგვიერთდი!

პროფკავშირების გაერთიანება ფარულ მიყურადებას, პირად ცხოვრებაში- მით უმეტეს ბინძური მეთოდებით ჩარევას, მის ფარულ აუდიო და ვიდეო გადაღებას და შემდეგ სხვადასხვა მიზნებით ტირაჟირებას – კატეგორიულად ეწინააღმდეგება და მიიჩნევს, რომ აღნიშნული ქმედება, (ვის მიერაც არ უნდა იყოს ის დაგეგმილი თუ განხორციელებული) საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და უგულებელყოფს კონსტიტუციის ერთ ერთ მთავარ პრინციპებს, ადამიანების, მოქალაქეების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, რომელზეც დემოკრატიული სახელმწიფო დგას.

ეს შენ გეხება
პროფკავშირების გაერთიანებას, რომელიც ათასობით ადამიანს აერთიანებს, არაერთხელ მოუწია იმ დასაქმებულთა ადვოკატირება, რომელთაც ფარული მიყურადებით მოპოვებული მასალებით სხვადასხვა დაინტერესებული პირები აშანტაჟებდნენ, ემუქრებოდნენ და აიძულებდნენ უარი ეთქვათ საზოგადოებრივ საქმიანობაზე, პროტესტზე, საჯარო გამოსვლებზე და ა.შ.
ჩვენ სიღრმისეულად ვიაზრებთ ამ პრობლემის არსს და საფრთხეებს, რომელიც შეიძლება მსგავს მოქმედებებს მოჰყვეს და გავლენა იქონიოს საზოგადოების, ქვეყნის და კონკრეტული ადამიანების ბედზე. თითოეული თქვენგანის ჩართულობა და საზოგადოების ერთიანობა ამ საკითხის გარშემო, ამ ფორმით ჩვენი პროტესტის დემონსტრირება – არის ერთად ერთი გზა ამ ბოროტებისა და სიმახინჯის დასამარცხებლად.
აქედან გამომდინარე ასობით დასაქმებულთან ერთად, ვუერთდებით კამპანიას “ეს შენ გეხება” და ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად 19 მარტს ფილარმონიასთან გავაპროტესტებთ თვალთვალს.
ეს შენ გეხება – შემოგვიერთდი!
პროფკავშირები ვერის ბაღის შესასვლელთან, 12:30 საათიდან დავიწყებთ შეკრებას და 13:00 საათზე, ვიდგებით ფილარმონიასთან, იქ სადაც ჩვენი ქვეყნის ჯანსაღი მომავალი წყდება.
მანამდე კი მონაწილეობას მივიღებთ პრესკონფერენციაში, რომელიც ხვალ, 18 მარტს გაიმართება და კიდევ ერთხელ დავადასტურებთ ჩვენს მზადყოფნას – ყველაფერი გავაკეთოთ სხვა საზოგადოებრივ ჯგუფებთან ერთად, რათა მსგავსი პრაქტიკა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებიდან სამუდამოდ აღმოიფხვრას.