კამპანიაში “ეს შენ გეხება” პროფკავშირების გაერთიანება ჩაერთო.კამპანიის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიაციებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. პროფკავშირების თავმჯდოამრის ირაკლი პეტრიაშვილის განცხდებით მოძრაობას პროფკავშირის ყველა წევრი ორგანიზაცია უერთდება. ” პროფკავშირების გაერთიანებას, რომელიც ათასობით ადამიანს აერთიანებს, არაერთხელ მოუწია იმ დასაქმებულთა ადვოკატირება, რომელთაც ფარული მიყურადებით მოპოვებული მასალებით სხვადასხვა დაინტერესებული პირები აშანტაჟებდნენ, ემუქრებოდნენ და აიძულებდნენ უარი ეთქვათ საზოგადოებრივ საქმიანობაზე, პროტესტზე, საჯარო გამოსვლებზე და ა.შ. ამ ტარაკანების და სიბინძურის დრო უნდა დასრულდეს და ეს შეუძლებლია თუ საზოგადოებამ ღიად და ერთიანად არ უთხრა ამ ყველაფერს არა. ჩვენ ყველა ჩვენს დარგობრივ ორგანიზაციასთან ერთად ვუერთდებით კამპანიას და მონაწილეობას მივიღებთ ხვალინდელ აქციაში”. განაცხადა პეტრიაშვილმა. შეგახსენებთ აქცია 19 აპრილს, 13:00 საათზე ფილარმონიიდან მსვლელობით დაიწყება. “ჩვენ ხვალ ვიკრიბებით, რათა გავაპროტესტოთ ის რაც ხდება დღეს ქვეყანაში ფარული ჩანაწერების კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით. გვაქვს რამდენიმე მოთხოვნა, პირველი ეს არის ეფექტური გამოძიების წარმოება და გამოძიებაში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა, მეორე არის იმ კანონმდებლობის შეცვლა, რაც დღეს ხდება და სამართალდამცველებს აქვთ უფლება კონტროლის გარეშე უთვალთვალონ მოქალაქეებს და მესამე – დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნა, რომელიც გამოიძიებს სამართალდამცავი ორგანოების მიერ კანონდარღვევებს, რათა დაუსჯელობის სინდრომი აღარ არსებობდეს”, – განაცხადა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა. დღეს გახდა ცნობილი, ხვალ დაგეგმილ აქციას და კამპანიას “ეს შენ გეხება” უერთდება რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის პროფკავშირები, ქალთა მოძრაობა, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ცენტრი და სხვა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ინფორმაციით, ხვალინდელი აქცია გაიმართება არა მხოლოდ თბილისში, არამედ თელავში, ზუგდიდში, გორში, ბათუმსა და ქუთაისში. არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” იურიდიული კონსტულატის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ხვალინდელ აქციაში ცნობილი სახეები ჩაერთვებიან, მომღერლები, მსახიობები და დღეს მათი მიმართვებიც გავრცელდება. დღესვე არასამთავრობოებმა და პროფკავშირებმა მოქალაქეთა ინფორმირების მიზნით სხვადასხვა მეტროსადგურთან “ეს შენ გეხებას” ფლაერები დაარიგეს. ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” წარმომადგენელმა ნიკა ჯეირანაშვილმა მოქალაქეებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა. მისი თქმით, აქციას შესაძლოა შეუერთდნენ პოლიტიკოსებიც, თუმცა არასამთავრობოები მათ მოუწოდებენ არ გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური ჯგუფის ამსახველი რაიმე ნიშანი. არასამთვრობოების ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან უნდა გამართულიყო შეხვედრა, თუმცა დღეს ეს შეხვედრა არ გაიმართება და მათთვის შეხვედრის თარიღი უცნობია.