დამოუკიდებელ საქართველოში ენერგეტიკოსთა პროფესიული დღე პირველად 2002 წელს აღინიშნა. ეს დღე აირჩა, როგორც სიმბოლო ჩვენი ქვეყნის დიდი ენერგეტიკული წინსვლის დასაწყისისა. 1922 წლის 10 სექტემბერს თბილისის გარეუბან ზემო-ავჭალაში, ინჟინერ ივანე მელიქ-ფაშაევის პროექტის საფუძველზე, იქ სადაც ურთიერთს ეყრება მდინარეები მტკვარი და არაგვი, ფუძე ჩაეყარა იმ ეპოქისთვის დიდი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას. ქართული ენერგეტიკის გამოჩენილი ამაგდარის არნოლდ ჩოხელის თაოსნობით ეს დღე სრულიად ლოგიკურად დადგინდა „საქართველოს ენერგეტიკოსთა პროფესიულ დღედ“. მაგრამ ამ ყოველივეს თავის წინა ისტორია გააჩნია.
როგორც ბევრ ეროვნულ საქმეში აქაც თავის უდიდესი ღვაწლი გაიღო წმიდა ილია მართალმა. როდესაც ილია ჭავჭავაძე განახლებულ საქართველოზე საუბრობდა, ჩვენი ერის ეს დიდი მოამაგე პირველ ყოვლისა ახალ დიდ ენერგიის განვითარებაზე ზრუნავდა. არაა საკვირველი რომ 1887 წელს, ჩვენი ქვეყნის დედაქალაქ თბილისში პირველი ელექტროსადგური ილია ჭავჭავაძის თაოსნობით რომ ამუშავდა. ამ პირველი ნაბიჯის შემდგომ საქართველოსი მცირე ზომისა და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები სხვა ადგილებშიც აშენდა. ეს ელექტროსადგურები იყო ბორჯომში – 220 კვტ. (ლიკანში მდებარე რუსეთის საიმპერატორო დინასტიის რომანოვების სასახლის მომსახურებისათვის), ახალქალაქში – 55 კვტ., ახალ ათონში – 66 კვტ., გორში – 73 კვტ., გაგრაში – 300 კვტ. და სხვა. მიუხედავად ამ არც თუ მრავალრიცხოვანი მშენებლობებისა, 1918 წლის 26 მაისს საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღისთვის ქვეყანაში მოქმედი ელექტროსადგურების სიმძლავრე 10 ათას კვტ-ს არ აღემატებოდა.
1918-1921 წლების დემოკრატიულ რესპუბლიკას ჰქონდა დამოუკიდებელი პოზიცია ქვეყნის ახალი ენერგეტიკული სიმძლავრეების თაობაზე, მაგრამ სახელმწიფოს შიგნით და განსაკუთრებით სახელმწიფოს გარშემო შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური და საზოგადოებრივ-ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე ამ საკითხში დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მნიშვნელოვანი ცვლილებები ვერ მოახდინა.
1921 წელი, უკვე საბჭოთა ხელისუფლებამ რევკომის სახით, თავის ერთ-ერთი პირველი 16 ივნისს გამოცემული დეკრეტით – ყველა არსებული ელექტროსადგურის ნაციონალიზაცია მოახდინა. რესპუბლიკაში დაიწყო ახალი ენერგიის ფორმირებისთვი დიდი ბრძოლა. 1922 წლის 10 სექტემბერს რესპუბლიკის დედაქალაქ თბილისის ერთ-ერთ გარეუბან ზემო-ავჭალაში დაწყებული მშენებლობა წარმატებით დასრულდა, 1927 წლის 26 ივნისს ზემო-ავჭალის ჰიდროელექტროსადგურისგან პირველი ენერგია იქნა მიღებული. ზაჰესის შემდეგ დაიწყო ახალი ელექტროსადგურების გახსნა: 1928 წელი აბაშაჰესი, 1934 წელი რიონჰესი, 1938 წელი თბილისის თბოელექტროცენტრალი და ტყვარჩელის რაიონული ელექტროსადგური, 1947 წელი ხრამჰესი-I, 1948 წელი სოხუმჰესი, 1949 წელი ჩითახევჰესი, 1952 წელი სამგორის ჰესების კასკადი, 1953 წელი ბჟუჟაჰესი, 1955 წელი შაორჰესი, 1956 წელი გუმათჰესი-II და ტყიბულჰესი, 1958 წელი გუმათჰესი-I, 1959 წელი ლაჯანურჰესი და ბლოკსადგურები ქუთაისში, რუსთავში, ბათუმში, ზუგდიდში და აგარაში, 1961 წელი ორთაჭალჰესი, 1963 წელი თბილისის რაიონული ელექტროსადგური და ხრამჰეს-II, 1971-1972 წლები ენგურჰესის კასკადის 4 ვარდნილჰესი, 1976-1978 წლები ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის თბოელექტროცენტრალი, 1977 წელი ტყვარჩელის რაიონული ელექტროსადგურის ახალი აგრეგატები, 1978-1980 წლები ენგურის ძირითადი ჰიდროელექტროსადგურის კასკადის 3 საფეხური და სხვა ობიექტები.
1991 წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგა. ამ ისტორიული დღისთვის საქართველოს რესპუბლიკის ყველა სახის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 5 მილიონ კვტ-ს უტოლდებოდა, აქედან ჰიდროელექრტოსადგურებზე მოდიოდა სიმძლავრეთა თითქმის 2/3 და გამომუშავებული ენერგიის 1/3-ზე მეტი. ეს ციფრები ნათლად მეტყველებენ რომ ქვეყანას კარგი სასტარტო პოზიცია გააჩნდა დამოუკიდებლობის პირობებში დამოუკიდებელი ენერგეტიკული პოლიტიკის გასატარებლად, მაგრამ შემდეგ იყო ისტორიული ქარტეხილები: ანტიკონსტიტუციური გადატრიალება, სახელმწიფო ძალაუფლების უზურპაცია, რუსეთის აგრესია ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში, ტოტალური დეინდუსტრიალიზაცია, უმუშევართა რიცხვის კატასტროფული ზრდა და კიდევ უფრო კატასტროფული ემიგრაცია უცხოეთში, შედეგად ღრმა და ხანგრძლივი კრიზისი ქვეყნის ენერგოსისტემაში. ბოლო მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ენერგო სექტორში მარტ დაცემა არ ყოფილა, ახალი მცირე ჰესებიც აშენდა – ხადორჰესი, კოდორისა და კეხვის ჰესები, იყო სხვებიც, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ბოლო ათწლეულის განმავლობაში, თითქმის თორმეტწლიანი ტოტალური ენერგოკრიზისის დაძლევა იყო. საქართველოსი ენერგოსექტორი გამოცოცხლდა და ეს დიდი საქმე მთლიანად ქართველი ენერგეტიკოსების ბეჯითმა შრომამ განაპირობა. 10 სექტემბერს ეს მუყაითი ადამიანები თავის პროფესიულ დღეს აღნიშნავენ. პროფკავშირად დარაზმულები ერთად იცავენ ენერგოსექტორის მუშაკთა საერთო სოციალურ, შრომით, მატერიალურ და პროფესიულ უფლებებს. ქართველ ენერგეტიკოსთა პროფესიული კავშირი სოციალური პარტნიორობის პრინციპის დაცვით ახდენს ენერგომუშაკთა კანონიერი ინტერესების წარმომადგენლობას სოციალური დიალოგის პროცესში. ვუსურვოთ ქართველ ენერგეტიკოსებს, მათ პროფგაერთიანებას რთული და საპასუხისმგებლო პროფესიული და სოციალური შრომის ღირსეული დაფასება, დაე არ მოეკლოთ ქვეყნისათვის უწყვეტი ენერგია და საზოგადოებისთვის იმედის ნათელი.
დავით არაბიძე