სტატიის ავტორი: დავით არაბიძე
ადამიანის შემოქმედებითი სულის გამოვლენა მხოლოდ შრომით შეიძლება, რაც ნათლად ადასტურებს ურყევ ჭეშმარიტებას, რომ შრომის უფლებას ადამიანისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
საქართველოს ეკონომიკა მეტწილად უცხოურ კაპიტალის შემოდინებაზე არის დამოკიდებული, რაც ჩვენი ქვეყნის შრომითი რესურსების დაცვის ამოცანას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ყველა ქვეყანაში სოციალური და შრომითი სტანდარტები საზოგადოებრივ-ეკონომიკური ცხოვრების გამორჩეული სფეროა, რადგან მასში ურღვევად არის გადაჯაჭვული ადამიანური ფაქტორის რეგულირების – მისი მართვის, დაცვის ან დათრგუნვის, წინსვლის ან უკუვარდნის., მობილიზაციის ან დემობილიზაციის, ორგანიზების ან დეზორგანიზების, უკეთესი მომავლისკენ ან დაცემისკენ წაყვანის მექანიზმები.
უკვე რამდენიმე წელია, რაც საქართველო ევროპის კავშირთან ასოცირებულ ურთიერთობებში იმყოფება, მაგრამ ქვეყნის საზოგადოებრივ-ეკონომიკურ ცხოვრებაში ეს არა და არ აისახება, განსაკუთრებით ეს ითქმის სოციალურ და შრომით სფეროზე. საქართველოს პარლამენტის მიერ ევროპის სოციალური ქარტიის (შესწორებული) რამდენიმე მუხლისა და პუნქტის რატიფიცირება 2005 წელს რომ განხორციელდა, შემდეგ არანაირი წინსვლა არ ყოფილა. დღეს უკვე ასოცირებულ ურთიერთობებში მყოფი ქვეყანა საჭიროებს ისეთი დებულებების რატიფიცირებას როგორიცაა: უსაფრთხო და ჰიგიენური სამუშაო პირობები, პროფესიული ორიენტაცია, ოჯახის სოციალური, იურიდიული და ეკონომიკური დაცვა, ხანდაზმულთა დაცვა, დაცვა დასაქმების შეწყვეტისას, დამსაქმებლის გაკოტრებისას მუშაკთა მოთხოვნების შესრულება, შრომით დაწესებულებებში მუშაკთა მოთხოვნების შესრულება, შრომით დაწესებულებებში მუშაკთა წარმომადგენლების მიერ დაცვის განხორციელება და მათთვის მინიჭებული შეღავათები, უფლება საცხოვრებელ ადგილზე და სხვა. განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი რომ, რომ დღემდე არ არის რატიფიცირებული ევროპული სოციალური ქარტიის ისეთი დებულებები, როგორიცაა ორსულობისა და ბავშვის გაჩენის შემდეგ დასაქმებულ ქალთა დაცვა და ბავშვებისა და ახალგაზრდების სოციალური, იურიდიული და ეკონომიკური დაცვა, განსაკუთრებით ბავშვების სასკოლო მეცადინეობების რეგულარულად დასწრების უზრუნველყოფა.
თუ რეალური ეკონომიკური წინსვლაა მიზანი, მაშინ უცხოური კაპიტალის ინვესტიციები პირველ რიგში ადგილობრივ ადამიანურ ფაქტორში უნდა განხორციელდეს, რათა საქართველო არ იქცეს დემპინგური შრომის ნაკრძალად, რაც მხოლოდ არაფორმალური შრომის გაბატონებას, ბიუროკრატიული ვოლუნტარიზმისა და დამსაქმებელთა სუბიექტივიზმის შეუზღუდავ გავრცელებას, საქართველოს შრომის ბაზრი ტოტალურ პოლარიზაციას გამოიწვევს. ქვეყნების ეკონომიკურმა ისტორიამ დაადასტურა, რომ დემპინგური შრომა სულაც არაა ეკონომიკური აღმასვლის წინაპირობა, პირიქით იგი მუშაკებში მხოლოდ პროფესიულ დეკვალიფიკაციას იწვევს. დემპინგური შრომის დამკვიდრება არსებითად არის მუშაკთა წინააღმდეგ მიმართული ორგანიზებული და კონცენტრირებული სოციალური ძალადობა, რაც სულაც არ შეესაბამება ევროკავშირსი არსებულ სოციალურ პოლიტიკას.
ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ამერიკელი რესპუბლიკელი პრეზიდეტი აბრაამ ლინკოლნი აღნიშნავდა: „შრომა კაპიტალის წინაპირობაა და არ არის მასზე დამოკიდებული. კაპიტალი მხოლოდ შრომის ნაყოფია და ვერასოდეს ვერ იარსებებდა, შრომა მასზე ადრე რომ არ ყოფილიყო. შრომა კაპიტალზე მაღლა დგას და შეუდარებლად მეტ პატივისცემას იმსახურებს.“
ევროპული სტანდარტები სოციალურ და შრომით სფეროში, არის ყველაზე კარგი წინაპირობა საქართველოში სოციალური დიალოგისა და პარტნიორობის კულტურის განსავითარებლად. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ერთმნიშვნელოვნად არის აქტიური და ინიციატივიანი მხარდამჭერი ამ საშური ცვლილებებისა.