საქართველომ წელს საერთაშორისო პროფკავშირების კონფედერაციის (ITUC) პან-ევროპული რეგიონალური საბჭოს სხდომას უმასპინძლა, სადაც ყოველწლიურად ევროპის პროფკავშირების სამოქმედო გეგმა, კონკრეტული ღონისძიებები და მწვავე საკითხები თუ მონაწილე ქვეყანათა შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილება.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მიერ ორგანიზებული სხდომა 19 ოქტომბერს გაიხსნა და 3 დღეს გაგრძელდა. შეხვედრები მიმდინარეობდა სასტუმრო Holiday Inn-სა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში. ყოველწლიურ სხდომაში მონაწილეობა 24 ქვეყნის 80 მდე მაღალი რანგის წარმომადგენელმა მიიღო, მათ შორის გერმანიის, ავსტრიის, საფრანგეთის, ბელგიის, იტალიიის, დიდი ბრიტანეთის, შვედეთის, პოლონეთის, უნგრეთის, ნორვეგიის, მონტენეგროს, ლატვიის, ლიტვის, მაკედონიის, ალბანეთის, სომხეთის, ბელოურისის, ბულგარეთის, ყაზახეთის, კოსოვოს, რუსეთის, სერბეთის, უკრაინის პროფკავშირული მოძრაობების ლიდერებმა, ასევე, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის და ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის წარმომადგენლებმა თუ PERC-ის ახალგაზრდული და ქალთა კომიტეტის წევრებმა.
წლევანდელ სხდომაზე მთავარ განსახილველ საკითხებს მსოფლიო შრომითი ბაზრის ცვლილება, შრომითი მიგრაცია და ზოგადად, ევროპული პროფკავშირების მომავალი წარმოადგენდა. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს ქალთა უფლებებზე, მათი წარმომადგენლობის გაძლიერებაზე თავად პროფკავშირული სტრუქტურის შიგნით, ახალგაზრდათა დასაქმებაზე, ევროპაში უკეთესი ცხოვრების სტანდარტის შესაქმნელად საჭირო ღონისძიებებსა თუ ლტოლვილთა საკითხის გადაწყვეტაზე. შეხვედრის დიდი ნაწილი დაეთმო ევროპის პან-ევროპული რეგიონული საბჭოს მიერ მომზადებული დოკუმენტის განხილვასაც, რომელიც ევროპის პროფკავშირების სამომავლო 4 წლიან სამოქმედო გეგმას მოიცავს. გარდა ამისა, მონაწილეებმა იმსჯელეს 2015 წლის 15 დეკემბერს დაგეგმილ გენერალურ ასამბლეაზე მოსამზადებელ საკითხებზე, რომელიც ბრიუსელში გაიმართება.
საბჭოს სხდომას ევროპის პროფკავშირების კონფედერაციისა და PERC-ის ახლადარჩეულმა გენერალურ მდივანმა, ლუკა ვისენტინმა გაუწია თავმჯდომარეობა.
„ის ღონისძიებები და პრიორიტეტები, რაც მომავალი წლების განმავლობაში ევროპის პროფკავშირებმა საქართველოს პროფკავშირებთან ერთად უნდა განახორციელოს, სწორედ საქართველოში იგეგმება. აქ ლაპარაკია ქალთა უფლებებზე, მიგრაციაზე, ახალგაზრდათა დასაქმებაზე, პროფკავშირულ დევნასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე“ – განაცხადა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების პრეზიდენტმა, ირაკლი პეტრიაშვილმა.
ლუკა ვისენტინმა, PERC-ის გენერალურმა მდივანმა ასევე ისაუბრა ფორუმის მნიშვნელოვნებაზე. მან აღნიშნა, რომ თბილისში ჩატარებული სხდომა ძალიან მნიშვნელოვანია მშრომელთა უფლებების დაცვისათვის და ეკონომიკური ზრდის დაფიქსირებისათვის. „ჩვენ მხოლოდ გამოცდილებისა და ინფორმაციის გაზიარებით არ შემოვიფარგლებით, არამედ ერთად ვსახავთ სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტებს, ურთიერთთანამშრომლობის სტრატეგიას“ – განაცხადა ვისენტინმა.
შეხვედრას დაესწრო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეც – ვალერი კვარაცხელია, რომელმაც სხდომის წევრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელით საქართველოში ჩამობრძანებისთვის მადლობა გადასცა და შეხვედრის მონაწილეებს მისი წერილი გააცნო.
„მივესალმები პროფკავშირების კონფედერაციის პან-ევროპული რეგიონული საბჭოს აღმასრულებელი საბჭოს ყოველწლიური სხდომის მონაწილეებს! სასიხარულოა, რომ ჩვენი ქვეყანა მასპინძლობს ამ ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრას, რომელშიც მსოფლიოს 24 ქვეყნის 80-მდე მაღალი რანგის წარმომადგენელი მონაწილეობს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც საქართველოში ამ ღონისძიებაზე დასასწრებად ჩამობრძანდა. პროფკავშირებს ყოველთვის შეჰქონდა წვლილი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისა და გაძლიერებისთვის. იმედი მაქვს, შეხვედრებზე განიხილება არაერთი საინტერესოსაკითხი და იქნება საუკეთესო გარემო გამოცდილების გაზიარებისთვის. მჯერა, ეს შეხვედრაკიდევ უფრო შეუწყობს ხელს პროფკავშირების განვითარებას, გაძლიერებას და მისი როლის გაზრდას ჩვენი ქვეყნის წინსვლაში“ – ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.
კვარაცხელიასთან ერთად, შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოს მთავრობისა და პროფკავშირების მიერ განხორციელებული აქტივობებიც განიხილეს, შრომის პირობებისა და შრომითი ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით. კვარაცხელიამ აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი შეხვედრის საქართველოში ჩატარება და მიუხედავად იმისა, რომ პროფკავშირებთან მუდმივ ჭიდილშია, რადგან ისინი მუდმივად აყენებენ მწვავე მოთხოვნებს მთავრობის მიმართ, ის საქართველოს პროფკავშირებთან კონსტრუქციულ ურთიერთობას ინარჩუნებს.
საერთაშორისო პროფკავშირების კონფედერაციის პან-ევროპული რეგიონული საბჭოს სხდომა თბილისში 21 ოქტომბერს დასრულდა.