გუშინ, 13 აპრილს, თბილისში, ევროპის მოედანზე გამართულ ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქცია–კონცერტში მონაწილეობა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, მისმა მოადგილემ, დარგების თავმჯდომარეებმა და რიგითმა პროფკავშირელებმაც მიიღეს.
ღონისძიებაზე მისული ქართველი პროფკავშირელები აცხადებდნენ, რომ ევროპა და ევროპასთან ინტეგრაცია მათთვის უპირველესი არჩევანია და მათი სურვილია, რომ საქართველოში შრომითი უფლებების ევროპის მსგავსად მაღალ დონეზე იყოს დაცული.
ღონისძიებაზე საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. პირველი პროფკავშირელი აცხადებს, რომ ქართველი ხალხი და საქართველო ყოველთვის ევროპის ნაწილი იყო და ახლა მხოლოდ ამ რეალობის დადასტურებაა საჭირო, ჩვენი ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახით. საქართველოს ევროპული არჩევანი ჩვენი ქვეყნის ისტორიამ და წარსულმაც დაადასტურა.
ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს პროფკავშირების პარტნიორმა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც მიიღეს. ღონისძიების დასაწყისში შეკრებისლ საზოგადოებას საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა და ევროკავშირის ელჩმა მიმართეს.