მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ევროპა პირველ რიგში ჩვენს აზროვნებაში და ქმედებებში უნდა შემოვიტანოთ – ირაკლი პეტრიაშვილის ბლოგი

ალბათ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება ჩვენი ქვეყნისათვის მართლაც რომ დიდი მოვლენაა. მე არ ვიცი ვის რა უხარია, მაგრამ ზუსტად ვიცი მე რა მიხარია და პროფკავშირს რა უხარია.

მივადევნე თვალი ასოცირების თანმდევ მოვლენებს და ვნახე, რომ ზოგს ჰგონია ხვალ ეიფელის კოშკი და ბრანდერბურგის ჭიშკარი აშენდება საქართველოში. მავანნი საზოგადოებას ახსენებდნენ, რომ ეს ხელმოწერა თითქოს ვატო ლეჟავას და ძმათა მათ დამსახურებაა. რაც შემდეგს ნიშნავს: “ახლა კი თქვენ მოაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას ხელი, მაგრამ ხელმოწერამდე მუშაობის მთელი ტვირთი ნაციონალების ეკონომიკური გუნდის დამსახურებააო“.

ამ ხალხის “დამსახურებაა“ მხოლოდ ის, რომ ასე გვიან მოვაწერეთ ხელი ასოცირების ხელშეკრულებას. რეკლამირებული რომ არ ყოფილიყო ე.წ. სინგაპურიზაცია და ნეოლიბერტარიანელობა, ხელმოწერა უფრო ადრე მოხდებოდა.

პროფკავშირის წევრებს კარგად ახსოვთ წინა ხელისუფლების დამოკიდებულება ევროპასთან დაკავშირებით. საქართველოში განსაკურებით 2008 წლამდე ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ ევროპასთან ეს დაახლოება არ მომხდარიყო. ვატო ლეჟავა, კახა ბენდუქიძე, გიგა ბოკერია, ლევან რამიშვილი… ყოველთვის იძახდნენ, რომ ევროპა არის სოციალისტურ–კომუნისტური, რომ რეგულაციები საქართველოს არ სჭირდება, ევროპა ალჟირელებმა და მაროკოელებმა წალეკეს და მისაღები არის მხოლოდ ლიბერტარიანიზმი  და მათი თქმით, ამერიკა არის შესაძლებლობების ქვეყანა. უბრალოდ აგვისტოს ომის შემდგომ, როცა გაირკვა, რომ ევროპის გარდა ჰორიზონტზე სხვა არაფერი ჩანდა, ნატოს პერსპექტოვა დასამარდა. მერე დაიწყეს ევროპაზე ლაპარაკი და ისიც დეკლარირებულად, თორემ მე თავად ვარ მომსწრე და კარგად მახსოვს ის  უამრავი წერილი და გაფრთხილება, რასაც ევროპიდან საქართველოს მთავრობა იღებდა.

არავის დავიწყებია ნაციონალების მთავრობისადმი კარლ დე გუხტის წერილები და შტეფან ფულეს შეგონებები პროფკავშირების დევნის შეწყვეტასთან, სოციალური დიალოგის დაწყებასა და შრომის ინსპექციასთან დაკავშირებით და სიტყვები, რომ  ამ ყველაფრის გარეშე საქართველო ევროპას ვერ დაუახლოვდებოდა. მაგალითად ევროკავშირის 2009 წლის დასკვნაში გარკვევით ეწერა, რომ თუ საქართველოს მთავრობა პროფკავშირებთან ერთად შრომის კოდექსის ახალ ვარიანტს არ შეიმუშავებდა, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შანსი არ იყო. იმ წერილიდან 2012 წლის არჩევნებამდე სამი წელი გავიდა და ამ პერიოდში ამ ავისმქმნელებს თითი–თითზე არ დაუდიათ, რომ რეკომენდაციები შეესრულებინათ. ევროპაში და ამერიკაში ქართული ეკონომიკის “მამებს“ იბარებდნენ და დაკითხვებს უწყობდნენ – რატომ იქცეოდნენ ასე. ჩვენ ყველაფერი კარგად გვახსოვს და ხალხს ამნეზია არა აქვს, რომ წარსული ასე მალე დაავიწყდეს.

შესაძლებელია გეოგრაფიაში მათ ორიანი ჰქონდათ, მაგრამ დანარჩენებმა ხომ კარგად ვიცით, რომ ნაციონალების მიერ რეკლამირებული დუბაი და სინგაპური ევროპაში არ მდებარეობს და ეს ეკონომიკური მოდელები ევროპისათვის კატეგორიულად მიუღებელია. ნაციონალებს ბოლოს ხელში მხოლოდ სინგაპური შერჩათ, რადგან დუბაიში ნეოლიბერტარიანულმა მცდარმა მიდგომებმა სერიოზული რყევები გამოიწვია.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება თქვენთან ერთად მეც გამიხარდა, არ მომწონს ის მოჭარბებული მოლოდინი, რასაც მთავრობა ქმნის. მე პირადად მათ ადგილზე დავიწყებდი საზოგადოების შემზადებას და ხალხისათვის იმის გაცნობას, თუ რა შეიძლება ამ ასოცირებას მოყვეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვენ “ყოჩაღი ქვეყანა“ გამოვდექით და ზედმიწევნით შევასრულეთ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნები. ფაქტია, რომ შესაძლებელია საფრთხეები შეექმნას ადგილობრივ ბიზნესს და გარკვეული ტიპის სამუშაო ადგილებიც დაიკარგოს.

თუ ავიღებთ რუმინეთის და ბულგარეთის სიტუაციას, როდესაც ისინი ევროკავშირში გაწევრიანდნენ, ამისათვის სათანადოდ არ მოემზადნენ და ამ ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების  პირველ ეტაპზე (და დღესაც) მხოლოდ გამსაღებელ ქვეყნებად იქცნენ და არა პროდუქციის მწარმოებლებად. მათ ბიზნესმენებს შეექმნათ პრობლემები ბევრი იმ რეგულაციის გამო, რასაც ევროკავშირი ითვალისწინებს, ეს იქნება სანიტარული ნორმები თუ სხვა…ვინმეს აქვს გაცნობიერებული ის, რომ თავისუფალი ვაჭრობის პრინციპიდან გამომდინარე, რომელიმე ფრანგ ბიზნესმენს, ვთქვათ მეღვინეს, თავისუფლად შეუძლია, რომ საქართველოში სადმე, მაგალითად ფოთში ააშენოს ღვინის ქარხანა და ვინაიდან  კახეთიდან ფოთში ყურძნის ჩატანა იაფი დაუჯდება, ლოჯისტიკის თვალსაზრისით სულაც აღარ იქნება საჭიროება, რომ ქარხანა მაინცდამაინც კახეთში ქონდეს. ამიტომ, გახსნის ფოთში, რომ მერე ზღვით ადვილად გაიტანოს ეს ღვინო. ამ დროს კახელ მეღვინეს და კახეთის ღვინის ქარხნებში დასაქმებულ ადამიანებს რა პრობლემები შეიძლება შეექმნათ ეს კარგად გვაქვს გათავისებული? ასეთ შემთხვევაში ქვეყანა მთლიანობაში რა თქმა უნდა არ დაკარგავს სამუშაო ადგილებს, (რადგან ერთგან დაიკარგება და მეორეგან შეიქმნება) მაგრამ  მოყვანილი მაგალითის მიხედვით კახეთში რომ ღვინის ქარხნის მუშა სამსახურს დაკარგავს, მერე ვინ დაასაქმებს ამ ადამიანს? ეს უკვე დიდი კითხვის ნიშანია.

ეკონომიკის სამინისტრო ამბობს, რომ საქართველოში გახსნილ საწარმოებს რეგულაციები არ უნდა დაუწესდეთ. არადა, საფრთხე იმისა, რომ საწარმოებში უცხო ქვეყნის მოქალაქეები დაასაქმონ, დეგულაციის შემთხვევაში დიდია!  ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში ასეთი ტიპის რეგულაციები არსებობს. მე არ მინდა, რომ საქართველოში შემოვიდეს რომელიმე ქვეყნის ბიზნესმენი და თავისი ქვეყნის მოქალაქეები ჩამოიყვანოს აქ სამუშაოდ. გაიხსენეთ აეროპორტის მშენებლობა, სადაც ძირითადად თურქები იყვნენ დასაქმებულები, გაიხსენეთ “ბიპის“ მშენებლობა, სადაც კოლუმბიიდან და ინდოეთიდან ჩამოყავდათ მუშახელი. ამიტომ, აუცილებლად დასაწესებელია ქვოტა, თუ რა რაოდენობის საქართველოს მოქალაქეები უნდა იყვნენ დასაქმებული ამ საწარმოებში. ქვეყანას ამის ამბიცია და სურვილი უნდა გააჩნდეს. საქართველოს პარლამენტი მიიღებს კანონში შესწორებებს, რომლებიც საწარმოებში ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვას უკავშირდება. თუ ეს შესწორებებიც შრომის კოდექსის შესწორებასავით ჩაიწერა, (როდესაც თითქმის ყველაფერი ქაღალდზე დაწერილად დარჩა, ცხოვრებაში კი ბევრი არაფერი შეცვლილა) არც ეს იქნება კარგი ჩვენი ქვეყნისათვის.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ყოველ ფეხის ნაბიჯზე დამდევს და ჩემი ნათქვამის საწინააღმდეგოს ამტკიცებს შრომის ინსპექციის შექმნასთან და რეგულაციების სხვა საკითხებთან დაკავშირებით, რომლებსაც პროფკავშირი ითხოვს. ვფიქრობ, ამის ნაცვლად უმჯობესია ამ ადამიანებმა ბიზნესი და საზოგადოება მოამზადონ იმ რეალობისათვის, რაც შეიძლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ დადგეს.

ჩვენთან კამათს და დროის გაწელვას, ნამდვილად ჯობია, რომ ეკონომიკის სამინისტრომ ერთის მხრივ მეწარმეების მუდმივი ინფორმირება მოახდინოს, რომ მათ გავაცნოთ არსებული რისკები. მეორეს მხრივ აუცილებელია სახელმწიფოს ჩართულობა, რომ კომპანიებს გადაირაღებაში ხელი შეეწყოთ. მე არ ვამბობ იმას, რომ ბიუჯეტიდან ფული გამოიყოს და მაგალითად რომელიმე ძეხვის მწარმოებელ ფაბრიკაში ჩაიდოს, მაგრამ საწარმოების შერწყმა, გამსხვილება ნამდვილად კარგი იქნება და ეს საწარმოების კონკურენტუნარიანობას ნამდვილად გაზრდის.

ჩვენი შრომის ბაზრისათვის აუცილებელია მუშახელის პროფესიული გადამზადება და ამაში ინვესტიციები უნდა იდებოდეს, რადგან შანსი გვიჩნდება, რომ არამხოლოდ ჩვენს ეკონომიკაში, არამედ ევროპის სხვა ქვეყნებშიც ლეგალურად დავასაქმოთ ჩვენი მოქალაქეები (მით უმეტეს მაშინ, როცა უვიზო მიმოსვლა დაიწყება ევროკავშირთან) და როდესაც ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს არანაირი სპეციალობა არა აქვს, რა დარჩენიათ ევროპაში? როგორ შეიძლება იხეირონ? როდესაც ჩვენი მოქალაქეები ევროპის შრომის ბაზარზე გავლენ, მათ საჭირო უნარ–ჩვევები და პროფესიული ცოდნა უნდა ქონდეთ შესაბამის სერთიფიკატებთან ერთად. ამჟამად მაგალითად ევროკავშირი არა, მაგრამ ბელორუსი ითხოვს მილიონ ადამიანს დასასაქმებლად, რადგან არის სამუშაო ადგილები და ხალხი არ ყოფნით. ყველას შეუძლია საქართველოში შეკრიბოს ხალხი და წაიყვანოს ბელორუსში, მაგრამ სამწუხაროდ, არ არსებობს სათანადო ბაზა და სერთიფიცირების სისტემა, რომ ვიცოდეთ ვინ რა დონეზეა მომზადებული და ვინ რა ხარისხით შეასრულებს სამუშაოს.

როდესაც ქვეყანაში შრომის ინსპექცია არ არსებობს, და ასოცირების ხელშეკრულება ინსპექციის შექმნას გულისხმობს, ეკონომიკის სამინისტროს მოხელეებს. ნუთუ არ ესმით, რომ ევროპა მონური შრომის შედეგად წარმოებულ პროდუქციას თავის ბაზარზე არ შეუშვებს?! არ შეუშვებს არა იმიტომ, რომ ევროპელი ბიზნესმენების მაღალ მორალურ და ზნეობრივ ღირებულებასთან გვაქვს საქმე. მიზეზი ისაა, რომ ევროპაში მთელი რიგი რეგულაციები არებობს და ამიტომაც მათი პროდუქცია ყოვეთვის ძვირია იმ პროდუქციაზე, რომელიც მონური შრომითაა შექმნილი. მონური შრომით შექმნილი პროდუქცია არაკონკურენტულია ევროპულიი სტანდარტებით შექმნილ პროდუქციასთან შედარებით და ევროპა ბუნებრივია არ გააკოტრებს თავის ბიზმესმენებს მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოში მავანი დამსაქმებლები კვლავ ძველი მეთოდებით უწევდნენ დასაქმებულებს ექსპლუატაციას.

მაგალითად, დასაქმებულების ჩაგვრით ცნობილი კომპანია “ჯეოსთილის“ პროდუქცია ჩვენს შიდა ბაზარზე უფრო იაფია, ვიდრე იმ მეტალურგიული საწარმოების პროდუცია, სადაც მეტ–ნაკლებად სოციალური დიალოგია და მუშახელისთვის გარკვეული გარანტიები არსებობს. თქვენ წარმოგიდგენიათ ევროპისთვის ეს რას ნიშნავს? ამიტომ, მთავრობამ სოციალური დიალოგის პოპულარიზაცია მაქსიმალურად უნდა მოახდინოს. ქვეყანას უნდა ჰქონდეს ამბიცია, რომ კანონმდებლობაში არსებული ნორმები და სტანდარტები ცხოვრებაში დანერგოს. ინვესტორს რეგულაციებზე მეტად არასტაბილური გარემო აშინებს. შრომის მინისტრის ბრძანება, რომლის მიხედვითაც გარკვეული პროფესიების ადამიანებს გაფიცვის უფლება ეზღუდებათ, ვერ აღკვეთს გაფიცვებსა და მასობრივ პროტესტს. პოლიციური რეჟიმი გაფიცვების სურვილს ვერ ჩაახშობს, რადგან უკმაყოფილება გროვდება–გროვდება და ბოლოს მაინც იფეთქებს.

მადლობა ღმერთს, რომ დღევანდელი მთავრობა ხელკეტებით, შანტაჟითა და ნარკოტიკების ჩადებით აღარ ებრძვის პროფკავშირს, თუმცა ეს ბედნიერებას არ ნიშნავს. როდესაც ხელისუფლება ძალადობაზე უარს ამბობს ეს კარგია, მაგრამ აუცილებელია მათ მოუსმინონ პროფკავშირს და მათი რეაქცია იყოს ადეკვატური, თუნდაც ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ მაინც.

სახელმწიფომ მარტივი ანალიზი რომ გააკეთოს, აღმოჩნდება, რომ იმ საწარმოებში, სადაც კოლექტიური ხელშეკრულებებია დადებული და რეალური (და არა დამსაქმებელთან მიტმასნილი, “ჯიბის პროფკავშირი“) პროფკავშირი არსებობს, არის სტაბილურობა და სოციალური კეთილდღეობა. ხოლო სადაც დამსაქმებლებსა თუ სახელმწიფო მოხელეებს ფსევდოპროფკავშირი აქვთ შექმნილი (ან საერთოდ არა აქვთ), იქ გაფიცვები ყოველთვის იქნება. ამიტომ საჭიროა სოციალური დიალოგის დაწყება.

ვინც ევროპულ სოციალურ–ეკონომიკურ მოდელს იცნობს, კარგად აქვს გათავისებული რას ნიშნავს გამჭვირვალობა, დიალოგი, რას ნიშნავს ევროპული ღირებულებები. ევროპის უმთავრესი ღირებულება არის ის, რომ რიგით მოქალაქეს აქვს შეგრძნება, რომ ქვეყნის სამართავ ბერკეტზე უდევს ხელი. აი –სწორედ ეს არის დემოკრატია. კარგად რომ გავიაზროთ, დემოკრატია არის თითოეული მოქალაქის განცდა, რომ მისი ქვეყნის მართვაში იღებს მონაწილეობას. როცა შენ გაუჩენ ამ განცდას მოქალაქეს, როცა მუშას აუხსნი, რომ საწარმო მისიცაა და მას კორპორატიულ პატრიოტიზმს აუმაღლებ, ქვეყანა იქნება მშვიდი, სტაბილური და ნორმალური. ამიტომაც, ჩვენ განსაკუთრებით გვიხარია ევროპასთან ასოცირება. ჩვენ გვიხარია ისიც, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ შეიქმნება შრომის ინსპექცია და ის დააკვირდება პროცესებს – როგორ სრულდება თითოეული კოლექტიური შეთანხმება, კანონის ნორმები და ა.შ…

ავიღოთ თუნდაც ერთი მაგალითი. დღეს თითქმის არც ერთ ქართულ სააფთიაქო ქსელში არაა დაცული დასაქმებულთა უფლებები. ამიტომ, მაგალითად ბატონ ოქრიაშვილს ალბათ ნაკლებად აინტერესებს საქართველოში ევროპული სტანდარტების დანერგვა. აღფრთოვანებული ვარ იმით, რომ ასოცირების შემდეგ ოქრიაშვილს და მის მსგავს დამსაქმებლებს მოუწევთ ზეგანაკვეთური ანაზღაურების გადახდა, ნორმალური კონტრაქტების დადება და სხვა… წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ამ ბაზარზე ვერ იბოგინებენ!

ჩემთან ინტერვიუებში ყოველთვის ვამბობდი, რომ ევროპელებს ნამდვილად არ ჰყავთ ჩვენს დედებზე და მამებზე კარგი დედები და მამები და ჩვენს ბებია–ბაბუაზე კარგი ბებია–ბაბუები. მაშ როგორ მოხდა, რომ ევროპაში წინსვლა და პროგრესი მეტია? ეს ყველაფერი ევროპაში არსებულმა საკანონმდებლო ჩარჩოებმა და სოციალურმა კანონებმა მოიტანეს და ამ კანონებმა აღზარდა ხალხი. როცა ამ ჩარჩოებში მოქმედებ, ყალიბდები ისეთ მოქალაქედ, როგორიცაა: შვედი, ნორვეგიელი, ფრანგი, იტალიელი და სხვა… ამის შედეგად კანონები ქმნის ახალი ტიპის პოლიტიკოსებს და ახალი აზროვნების მქონე ადამიანებს, რომლებიც ამ ზღვარს არასოდეს გადავლენ.

ჩვენ გვიხარია, რომ ასოცირების შემდეგ აღარ იქნება რისკი იმისა, რომ 2012 წლამდე არსებული სიტუაცია დაბრუნდება, რომ დაბრუნდება ის დრო, როდესაც გაფიცვის გამო მუშებს დააშანტაჟებენ, როდესაც ჟენევაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონფერენციაზე გასაკეთებელი მოხსენების გამო დაჭერით დამემუქრებიან, როდესაც, შაშკინის ბრძანებით გააუქმებენ კოლექტიურ ხელშეკრულებას და შექმნიან ე.წ. ყვითელ პროფკავშირს, როდესაც რკინიგზაში არ მოახდენენ პროფკავშირის ანექსიას, როდესაც საჯარო სექტორში ხალხს შვებულებიდან არ გამოიძახებენ და არ დააწერინებენ განცხადებას პროფკავშირიდან გასვლის შესახებ. აი ასეთი ცხოვრება შემოდის საქართველოში და ნებისმიერ მახინჯ ქმედებაზე ადეკვატურ პასუხებს  ველით.

ევროპა უკვე ახლოსაა, თუმცა ევროპა პირველ რიგში ჩვენს აზროვნებაში უნდა შემოვიტანოთ და თითოეულ მოქალაქეს უნდა გაუჩნდეს სურვილი, რომ არ გადაუხვიოს ამ ნორმებსა და სტანდარტებს, რაც ევროპელების აზროვნებაში დევს. ფაქტია, რომ ეს ყველაფერი ჩვენთვის სასარგებლოა და კარგი!

ირაკლი პეტრიაშვილი

ბლოგის ორიგინალის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე: http://blog.gtuc.ge/?p=109 xelmocera