შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ შრომის უსაფრთხოების საკითხები მიიჩნია რა დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად, 2003 წლის 28 აპრილი გამოაცხადა სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილ და დაშავებულ მუშაკთა საერთაშორისო დღედ. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ეს თარიღი შრომის დაცვის საერთაშორისო დღეა, რომელსაც მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყანა აღნიშნავს. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ 2004 წლიდან ტრადიციად აქცია “სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილ და დაშავებულ მუშაკთა საერთაშორისო დღის” აღნიშვნა.
გამომდინარე იქიდან, რომ შრომის უსაფრთხოება პრიორიტეტულია, რადგან დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობასთან, საქართველოს პროფესიული კავშირები სისტემატურად ამახვილებდა და ამახვილებს ყურადღებას იმ საკითხებზე, რომლებზეც სახელმწიფო მოწოდებული უნდა იყოს დაადგინოს შრომის დაცვაში მონაწილე თითოეული სუბიექტის (დასაქმებული, დამსაქმებელი) უფლება-მოვალეობების სისტემა და შექმნას შრომის დაცვის დადგენილი ნორმების შესრულების მექანიზმები, რითაც ყალიბდება მართვის, ზედამხედველობისა და კონტროლის ორგანოები შრომის უფლებებისა და შრომის დაცვის კანონმდებლობის შესასრულებლად. აღნიშნული ბაზისური საკითხები საქართველოში ფაქტობრივად უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში უგულებელყოფილი იყო.
2006 წელს გაუქმდა შრომის სახელმწიფო ინსპექცია, რომლის უფლება- მონაცვლე სამსახურიც არ შექმნილა. დღეისათვის ტექნიკური უსაფრთხოების საკითხებზე კონტროლს ახორციელებს მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირი- ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, რომლის უფლებამოსილებაც მხოლოდ მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტებზე ვრცელდება, ხოლო ის საწარმოები და ორგანიზაციები, რომლებიც არ განეკუთვნებიან მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტების ნუსხას, თუ არ მივიღებთ მხედველობაში საზოგადოებრივ ზედამხედველობას ანუ პროფესიული კავშირების ზედამხედველობას, შეიძლება ითქვას, რომ კონტროლს მიღმა ფუნქციონირებენ. პროფესიული კავშირების გაერთიანებას საქართველოს კანონის თანახმად “პროფესიული კავშირების შესახებ”, მხოლოდ იმ საწარმოებში (ორგანიზაციებში) შეუძლიათ შრომის დაცვის და ტექნიკური უსაფრთხოების საკითხების შესწავლა, სადაც არსებობს პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია.
შრომის სახელმწიფო ტექნიკური ინსპექცია, განსხვავებით ზემოთ აღნიშნული სააგენტოსგან, ზედამხედველობას ახორციელებდა არა მხოლოდ ტექნიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, არამედ ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოებაზე, სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებზე, სახელფასო და ზეგანაკვეთური ანაზღაურების, შვებულებების გაცემისა და შრომის პირობებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა მოქმედ საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში მიუხედავად მათი საკუთრებისა, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა და აღნიშნულთან ერთად მათი წარმომადგენლობა იკვლევდა საწარმოო უბედურ შემთხვევებს.
2006 წელს შრომის ტექნიკური ინსპექციის გაუქმების შემდეგ საქართვე-ლოში საგრძნობლად იმატა უბედური შემთხვევების რიცხვმა სამუშაო ადგილებზე. შრომის დაცვის და ტექნიკური უსაფრთხოების საკითხებზე სახელმწიფო კონტროლის იგნორირების შედეგია საქართველოში ბოლო წლებში გახშირებული საწარმოო შემთხვევები. დასაქმებულთა უმეტესობა სამშენებლო და სამთო-მოპოვებით სამუშაოებს ემსხვერპლა. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი მონაცემებით 2007-2014 წლებში ქვეყნის მასშტაბით საწარმოო ტრავმებისგან 314 ადამიანი დაიღუპა და 562 მძიმედ დაშავდა, ხოლო 2014 წელს გარდაიცვალა 41 და მძიმედ დაშავდა 66 ადამიანი.
არასახარბიელოა მდგომარეობა პროფესიული დაავადებების კუთხითაც. განსაკუთრებით მაღალია პროფდაავადებების მაჩვენებლები მეტალურგიულ და ცემენტის წარმოებებში, რაც განპირობებულია საწარმოებში გამწმენდი სისტემების, კოლექტიური დაცვის საშუალებების არ არსებობით ან არასაკმარისი რაოდენობით.
მნიშვნელოვან რეფორმასა და სრულყოფას მოითხოვს შრომის დაცვის სფეროში არსებული საკანონმდებლო ბაზაც, რომლითაც საწარმოებში შრომის დაცვის და ტექნიკური უსაფრთხოების საკითხები რეგულირდება. ქართულ ნორმატიულ აქტებთან ერთად კვლავ ძალაში რჩება 1992 წლამდე შემუშავებული და დამტკიცებული რუსული ნორმატიული აქტები, რომლებიც მოძველებულია და არ მოდიან შესაბამისობაში საქართველოში მოქმედ საწარმოებში არსებულ ტექნოლოგიურ აღჭურვილობებთან და ინსტიტუციებთან, რაც სირთულეებს ქმნის საწარმოებში, როგორც პრევენციული ღონისძიებების გატარების მხრივ, ისე სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების კვლევის დროს. ამ მიმართულებით მთავრობის მხრიდან არის პოზიტიური ძვრები, კერძოდ, 2013 წლიდან ძალაში შევიდა ტექნიკური უსაფრთხოების საკითხების მარეგულირებელი ახალი ნორმატიული აქტები- “ტექნიკური რეგლამენტები”, რომლებიც შემუშავდა მოქმედი კოდექსის “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ” შესაბამისად. Aახალმა “ტექნიკურმა რეგლამენტებმა” ჩაანაცვლეს რუსული და ასევე ქართული ძველი ნორმატიული აქტები, მაგრამ ეს არის მხოლოდ ნაწილი იმ ნორმატიული ბაზის, რომელთა განახლებაც მოხდა. სამწახუროდ განახლების პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობს.
2014 წელს საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ წარმოადგინა განსახილველად კანონპროექტები: “შრომის სახელმწიფო ინსპექციის შესახებ” და “შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“, რომელთა შემუშავებისა და სრულყოფის პროცესში ჩართულები იყვნენ სოციალური პარტნიორებისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები. სამინისტრომ გაიზიარა პროფესიული კავშირების მიერ აღნიშნულ კანონპროექტებთან დაკავშირებული ძირითადი შენიშვნები. სამწუხაროდ, სამუშაო ჯგუფის შემდგომი შეხვერდა აღარ გამრთულა და ამ დრომდე კანონპროექტებს საბოლოო სახე არ აქვს მიღებული.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება მრავალი წელია, რაც მოითხოვს საქართველოს მთავრობისაგან შსო-ს 81-ე კონვენციის რატიფიცირებას და შრომის სახელმწიფო ინსპექციის აღდგენას. ამისთვის, რამდენჯერმე იქნა განხილვები ინიცირებული სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიაში, გავმართეთ საპროტესტო აქციები, სპეციალური პეტიცია იქნა გაგზავნილი ევროკავშირსა და აშშ-ს მთავრობებში საქართველოსთვის ვაჭრობის შეღავათიანი რეჟიმის შეჩერების მოთხოვნით. აღნიშნული წნეხის პირობებში საქართველოს მთავრობამ შრომის ინსპექციის შექმნის საკითხი შეიტანა მის 2015 წლის სამოქმედო გეგმაში. საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 21 აპრილის ბრძანების (№ 01-10/ნ) საფუძველზე დამტკიცდა “შრომის პირობების ინსპექტირების დებულება”. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დებულება ზოგადი ხასიათისაა და საჭიროებს მეტ კონკრეტიზაციას დეპარტამენტის უფლება-მოვალეობების განსაზღვრის კუთხით.
კვლავ პრობლემებად რჩება შრომითი მოვალეობის შესრულებისას მარჩენალდაკარგულთა და დასახიჩრებულთა კომპენსაციით უზრუნველყოფის საკითხი. საქართველოს მთავრობის დადგენილებით (1.03.2013, #45), ”შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე”, ითვალისწინებს დამსაქმებლის ვალდებულებას დასაქმებლისათვის ზიანის ანაზღაურებას (დაზარალებული მხარისთვის ყოველთვიური სარჩოს გაცემა ან ერთჯერადი კომპენსაცია), მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ზიანი გამოწვეულია დამსაქმებლის ბრალეული მოქმედებით. უმრავლეს შემთხვევაში უბედური შემთხვევის კვლევის კომისიები დამსაქმებლების ინტერესებს იცავენ და თავად გარდაცვლილებს და დაზარალებულებს სცნობენ შრომის დაცვის წესების დამრღვევებად. ასეთ ვითარებაში კი საწარმოს ადმინისტრაცია დაზარალებულ ოჯახს მხოლოდ დაკრძალვის, ისიც მისი კეთილი ნების შემთხვევაში და მკურნალობისთვის აუცილებელ ხარჯებს უნაზღაურებს, რასაც საქართველოს ორგანული კანონი- შრომის კოდექსი ითვალისწინებს. პროფესიული კავშირების წარმომადგენლებს უბედური შემთხვევის კვლევის კომისიების მიერ გამოტანილი უსამართლო გადაწყვეტილებების სასამართლოში გასაჩივრება უწევთ. სასამრთლო პროცესები ხშირ შემთხვევაში წლების მანძილზე გრძელდება, რაც არასამრთლიანი დამოკიდებულებაა სწარმოო შემთხვევების შედეგად დაზარალებულთა მიმართ. ამ კუთხით განსხვავებული მიდგომებია ევროპის განვითარებულ ქვეყნებში, ბრალეული მხარის გამოვლენაზე არ არის დამოკიდებული საწარმოო შემთხვევების შედეგად დაზარალებულებისთვის სარჩო-კომპენსაციის დანიშვნა- არდანიშვნის საკითხები.
განსხვავებული მიდგომებია შრომის უსაფრთხოების პრევენციის კუთხითაც საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდა-ჭერით ჩაატარა კვლევა, შესწავლილ იქნა ევროკავშირის ხუთი ქვეყნის (ლიტვა ლატვია, ესტონეთი, პოლონეთი, ჩეხეთი) შრომის დაცვის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტები. ევროპის მრავალ ქვეყანაში სამუშაო ადგილებზე არსებული რისკების გამოვლენის, შეფასებისა და მართვის მეთოდიკა კომპლექსური მიდგომის სისტემას ითვალისწინებს კომპანიებში (საწარმოებში) შრომის უსაფრთხოების კომიტეტების შექმნის გზით, რაც შრომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამი მხარის ჩართულობას გულისხმობს- დამსაქმებელი, დასაქმებულთა წარმომადგენლობა (პროფესიული კავშირის წარმომადგენელი) და მთავრობა.
ევროპის ქვეყნების წარმატებული პრაქტიკის საქართველოში დანერგვის მიზნით 2010 წელს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებასა და დამსაქმებელთა ასოციაციას შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციის “შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მართვის სისტემა- ILO-OSH 2001”-ის სახელმძღვანელო დოკუმენტად ნებაყოფლობით აღიარების შესახებ. აღნიშნული სტანდარტი შრომის უსაფრთხოების კომიტეტების ფუნქციონირებას ითვალისწინებს. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების, დამსაქმებელთა ასოციაციისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარდა ტრეინინგები, სემინარები საქართველოს სხვა და სხვა ქალაქებში აღნიშნული სტანდარტის კომპანიებში (საწარმოებში) დანერგვის მიზნით. თუმცა უნდა აღინიშნოს რომ ამ აქტივობებმა გარდა იმისა რომ ამ სტანდარტის შესაბამისად გადამზადდნენ 30 საწარმოს უსაფრთხოების ტექნიკის ინჟინრები ჯერჯერობით სხვა შედეგი ვერ გამოიღო, რის მთავარ მიზეზად მიგვაჩნია ის გარემოება, რომ საქართველოში განსხვავებით ევროპის მრავალი ქვეყნისგან, შრომის უსაფრთხოების კომიტიტების ფუნქციონირება არის მეწარმისთვის რეკომენდაცია და არა ვალდებულება.
მიუხედავად იმისა, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოში, შრომის დაცვის სფროში, როგორც საკანონმდებლო ბაზა, ისე ინსტიტუციები არ აკმაყოფილებენ ევროკავშირის მოთხოვნებს, საქართველოში ფუნქციონირებენ კომპანიები, სადაც საწარმოო პროცესების მართვა ხორციელდება ევროსტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად, მაგალითისთვის: შ.პ.ს. “ბათუმის ნავთობის ტერმინალი”, შ.პ.ს.”სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი”, შ.პ.ს. “ბარამბო”; სამშენებლო კომპანია შ.პ.ს. “მიქსორი” და სხვა კომპანიები.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება აგრძელებს თანამშრომლობას, როგორც ხელისუფლების უწყებებთან, ისე დამსაქმებელთა ასოციაციებთან, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან, უცხოური წარმატებული პრაქტიკის საქართველოში მოქმედ საწარმოებში გასატარებლად. როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ რამდენადაც შრომის დაცვის ერთიან სისტემაში ჩართულია რამდენიმე სუბიექტი სხვადასხვა ინტერესებით, რაც არ უნდა ძლიერი იყოს ამ სისტემის შემადგენელი საკანონმდებლო ბაზა, ყველაზე ქმედითად რჩება მოლაპარაკებების გზა, კომპანიებში შრომის დაცვის პრობლემების გადაწყვეტის გზების ერთობლივი ძიება _ ყველაფერი ის, რასაც ცივილიზებული სამყარო გულისხმობს ცნებაში “სოციალური პარტნიორობა”. შრომის დაცვაში სოციალური პარტნიორობა _ ეს უნდა იყოს საწარმოებში ამ მიმართებით არსებული საერთო პრობლემების გადაწყვეტის ურთიერთმისაღები გზების ძიების სისტემა, სისტემა ურთიერთმოლაპარაკებისა შრომის დაცვის სუბიექტებს შორის, რაც ხელის შემწყობი ფაქტორი იქნება ბიზნესის განვითარებისათვის.