დღეს საღამოს თბილისში ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის (European Trade Union Confederation-ETUC) გენერალური მდივნი, ქალბატონი ბერნადეტ სეგოლი ჩამოვა და მომდევნო სამი დღის მანძილზე მნიშვნელოვანი შეხვედრები ექნება როგორც საქართველოს პროფკავშირების წარმომადგენლებთან, ასევე მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელებთან და მათ შორის პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთანაც.
მისი ვიზიტი პირველ ყოვლისა მიზნად ისახავს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ გაფორმებული შეთანხმების ეფექტურად შესრულებისათვის საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მხარდასაჭერად ერთობლივი სამოქმედო გეგმის შემუშავებას, სოციალური დიალოგის განვითარების ხელშეწყობას და გაძლიერებას ეროვნულ დონეზე. ქალბატონი სეგოლი საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მხრიდან ინფორმირებულია შრომისა და დასაქმების სფეროში უკვე განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ. მას სურს, რომ საქართველოს პროფკავშირებში სტუმრობისას უშუალოდ გაეცნოს მდგომარეობას ამ კუთხით და განსაზღვროს თუ რა დახმარებას საჭიროებს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება.
ETUC-ი მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირის საბჭოსთან და კომისიასთან, ისევე როგორც ევროპარლამენტთან და აქვს საკონსულტაციო სტატუსი ევროკავშირის მართვის ამ უმაღლეს ორგანოებში. საქართველოს პროფკავშირებში მიიჩნევენ, რომ ქალბატონი სეგოლის მისი ვიზიტი სახელმწიფოებრივადაც ძალიან მნიშვნელოვანია და დაგვეხმარება ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებაში, ხელს შუწყობს ჩვენს ქვეყანას ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების სწრაფად შესრულებაში, განსაკუთრებით სოციალურ და შრომით სფეროში, რამდენადაც ხელშეკრულების XXX დანართში საუბარია ამ მიმართულებებით ევროკავშირის 28 დირექტივასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციასა და მათი ცხოვრებაში გატარებაზე ზედამხედველი ინსტიტუტების შექმნაზე.
ევროპის პროფკავშირების კონფედერაცია აერთიანებს ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის უმსხვილეს პროფკავშირებს და შესაბამისად წარმოადგენს ევროკავშირში დასაქმებული 60 მილიონი მშრომელის ინტერესებს. ქალბატონი სეგოლი ასევე ხელმძღვანელობს პროფკავშირების პან-ევროპულ რეგიონულ საბჭოსაც, რომლის წევრი საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებაცაა.
იგი ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს ევროპაში ინტეგრაციას, საქართველოს პროფკავშირებს აქტიურად ეხმარებოდა განსაკუთრებით გასულ მძიმე წლებში, როცა ეს ორგანიზაცია იდევნებოდა, პროფკავშირების ლიდერების წინააღმდეგ ხორციელდებოდა ზეწოლის, დაშინების და დისკრედიტაციის პოლიტიკა. ამასთან დაკავშირებით მას მრავალი საპროტესტო წერილი აქვს მიწერილი საქართველოს ყოფილი მთავრობისთვის და გამაფრთხილებელი შეტყობინება გაგზავნილი ევროკავშირის იმდროინდელი ხელმძღვანელებისათვის. მისი უშუალო ორგანიზებით 2009-2012 წლებში საქართველოს პროფკავშირების ლიდერების რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა ევროპარლამენტის წევრებთან საქართველოში იმ დროს არსებული შემაშფოთებელი სიტუაციის თაობაზე. ევროპის პროფკავშირების კონფედერაცია მნიშვნელოვანი პარტნიორია ევროპის პარლამენტის სოციალ-დემოკრატიული ფრაქციისა, ისევე როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ყველა გავლენიანი მემარცხენე-ცენტრისტული პოლიტიკური ძალისა.