მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

   დიდი გარდატეხა საქართველოს პროფკავშირულ მოძრაობაში – 1989 წელი

ავტორი: დავით არაბიძე

გარდაქმნამ და საჯაროობამ, 1989 წლის 9 აპრილის მოვლენამ დიდ ცვლილებებს დაუდეს საფუძველი. საბჭოთა საქართველოში 1989 წელი გარდამტეხი წელი გახდა და ეს გარდატეხა გვერდს ვერ აუვლიდა პროფკავშირულ მოძრაობასაც. 1989 წლის 2 აგვისტოს შეიცვალა საქართველოს პროფკავშირების რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარე, მაგრამ უფრო მეტად შეიცვალა თავად საზოგადოებრივი ატმოსფერო, დაიწყო ძიებანი ცხოვრების ყველა სფეროში და ეს ძიებები შეეხო თავად არსებული პროფკავშირების ფორმასა და შინაარსს.

ალტერნატივის ძიება შეიუძლებელია სიახლის გარეშე და ეს შემოთავაზებული სიახლეები პროფკავშირულ მოძრაობაში აისახა იმჟამინდელ არაფორმალურ გამოცემებში. ერთ-ერთ ასეთ გამოცემას წარმოადგენდა 1988 წლის 31 ოქტომბრიდან გამომავალი ანტისაბჭოთა გამოცემა „ცნობის ფურცელი – უწყებანი“, რომელმაც 1989 წელს ორი საყურადღებო მასალა დაბეჭდა პროფკავშირულ საკითხზე.

პირველი მასალა გამოცემა „ცნობის ფურცელი – უწყებანი“-ს №1 (7)-ში,  გამოქვეყნდა მე-8-9 გვერდებზე, 1989 წლის აგვისტოში. გთავაზობთ 28 წლის წინანდელ ორ საინტერესო პუბლიკაციას.

„ვინაიდან ადამიანთა უფლებების საყოველთაო დეკლარაციით ყველა ადამიანს აქვს უფლება შექმნას თავისუფალი ასოციაციები და პროფესიული კავშირები, ვინაიდან პროფკავშირული უფლებების ქარტიით მშრომელებს აქვთ უფლება ჩამოაყალიბონ პროფესიული კავშირები, შევიდნენ არსებულ პროფესიულ ორგანიზაციებში და მონაწილეობა მიირონ პროფკავშირულ მუშაობაში სახელმწიფო ხელისუფლებისა და წარმოების ხელმძღვანელთა ნებართვისა და კონტროლის გარეშე,

ვინაიდან საქართველოში დღეს არსებული პროფკავშირები სახელმწიფო ტოტალიტარული სტრუქტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს და არ გამოხატავს მოქალაქეთა სოციალურ ინტერესებს,

ვინაიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის პერიოდში ყველა მოქალაქეს გააჩნდა კონსტიტუციური უფლება გაერთიანებულიყო თავისუფალ პროფესიულ კავშირებში,

ვინაიდან ეროვნულ მოძრაობაში ყოველ პიროვნებას უნდა გააჩნდეს როგორც პოლიტიკური, ასევე გარკვეულად სოციალური ფუნქცია

ქვეყნდება თავისუფალ ასოციაციებში მყოფ საქართველოს ეროვნული სამართლიანობის კავშირისა და საქართველოს სამართალ-რადიკალური პარტიის წევრთა   დ ე კ ლ ა რ ა ც ი ა

ერის მთლიანობას ქმნის არა მისი შემადგენელი სოციუმების ინტერესთა ერთგვაროვნების, არამედ ამ ინტერესთა მრავალგვარობის სრული გარანტიები.

დრევანდელი ქართული ეროვნული მოძრაობა პოლიტიკურად საერთო ეროვნულ ინტერესს ტოტალიტარული სახელმწიფო სისტემის მიერ ხელყოფისაგან დაიცავს მხოლოდ მაშინ, როდესაც თითოეული სოციალური ჯგუფი დაიცავს თავის სოციალურ ინტერესებს.

სოციალურ ინტერესთა დაცვისთვის ეროვნულ მოძრაობაში შექმნილია და იქმნება თავისუფალი პროფესიული გაერთიანებანი, რომელთა მოქმედება შემდეგ მიზნებს ისახავს:

ა) ერთი პროფესიისა და დარგის მუშაკთა შემოკრებას;

ბ) ბრძოლას ეკონომიკური დამოუკიდებლობისათვის;

გ) სოციალური სამართლიანობის დაცვა-აღდგენას და მშრომელთა უფლებების დაცვას;

დ) მოღვაწეობას პროფესიონალიზმის ასამაღლებლად.

თავისუფალი პროფესიული გაერთიანებანი ეროვნული მოძრაობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს და მათი უზენაესი მიზანი ერისა და პიროვნების თავისუფლებაა.

თავისუფალი პროფესიული გაერთიანებანი თავიანთი მიზნების რეალურ ცხოვრებაში დასამკვიდრებლად იბრძვიან გაფიცვებით, დემონსტრაციებით და ბრძოლის სხვა მშვიდობიანი ფორმებით.”

ქ. თბილისი 2 აგვისტო, 1989 წელი, თავისუფალი ასოციაციების წევრთა ჯგუფი.

მეორე მასალა „ცნობის ფურცელ – უწყებანი“-ს №3 (9)-ში, გამოქვეყნდა მე-5 გვერდზე, 1989 წლის ოქტომბერში, მასში მოცემული იყო „ თვალსაზრისი თავისუფალ პროფკავშირულ კომიტეტთა უფლებამოსილებათა შესახებ.

1) თავისუფალი პროფკავშირული კომიტეტების არჩევა ხდება წარმოება-დაწესებულებებში ამ ორგანიზაციების მუშაკთა საერთო კრების მიერ, ხმათა უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით.

2) თავისუფალი პროფკავშირული კომიტეტები მოქმედებენ ქართველი ერის ინტერესებიდან გამომდინარე და კანონის შესაბამისად, ისინი უფლებამოსილნი არიან დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებანი, რომლებიც ეხება ამ ორგანიზაციის საქმიანობას, განკარგონ საკუთარი სახსრები, თავისუფალი პროფკავშირული კომიტეტები არ საჭიროებენ რეგისტრაციას სახელმწიფოს არცერთ ორგანოში.

4) თავისუფალი პროფკავშირული კომიტეტები უფლებამოსილნი არიან დაიცვან სახელმწიფო, კოოპერატიული, კერძო და შერეულ სექტორში დასაქმებულ მუშაკთა კოლექტიური და ინდივიდუალური უფლებები და ინტერესები. თავისუფალი პროფკავშირული კომიტეტები ამ უფლების განხორციელებისათვის არ საჭიროებენ მის დაქვემდებარებაში მყოფ მუშაკთა რაიმე სპეციალურ მიმართვას, ამასთან ყოველ პირს უფლება აქვს უარი თქვას თავისუფალი პროფკავშირული კომიტეტის მიერ დახმარებაზე.

5) არცერთი იურიდიულ და ფიზიკურ პირს არ აქვს უფლება რაიმე სახით შეზღუდოს ან დაუწესოს რაიმე საზღვრები თავისუფალი პროფკავშირული კომიტეტების საქმიანობას. თავისუფალი პროფკავშირული კომიტეტები პასუხისმგებელნი არიან მხოლოდ მოცემული ორგანიზაციის მუშაკთა საერთო კრების წინაშე.

6) ორგანიზაციის ადმინისტრაციის მიერ გაცემული ბრძანებები და განკარგულებები, აგრეთვე ადმინისტრაციის მიერ დადებული ხელშეკრულებები იურიდიულ ძალას იძენენ, მას შემდეგ, რაც მათ დაამტკიცებს თავისუფალი პროფკავშირული კომიტეტი.

7) უთანხმოება თავისუფალ პროფკავშირულ კომიტეტსა და ადმინისტრაციას, თავისუფლა პროფკავშირულ კომიტეტსა და ცალკეულ მუშაკთა, აგრეთვე თავისუფალი პროფკავშირული კომიტეტის წევრებს შორის წყდება მოცემული ორგანიზაციის საერთო კრებაზე.

8) თავისუფალი პროფკავშირული კომიტეტები არიან რა საწრმოს მუშაკთა, როგორც საწარმოს კოლექტიურ მესაკუთრეთა სრულუფლებიანი წარმომადგენლები კონტროლს უწევენ ადმინისტრაციის საქმიანობასა და საჭიროების შემთხვევაში საერთო კრების წინაშე გააქვთ საკითხი ადმინისტრაციის სრული ან ადმინისტრაციის ცალკეული პირების გადაყენებისა და მათი სხვა პირებით შეცვლის შესახებ.

9) თავისუფალი პროფკავშირული კომიტეტები ხელმძრვანელობენ რა ადმინისტრაციის მუშაობას, მათი მეშვეობით:

ა) წარმართავენ საწარმოს საქმიანობას,

ბ) განკარგავენ საწარმოს წმინდა მოგებას,

გ) იღებენ დადგენილებას მუშაკთა სამუშაზე მიღებისა და განთავისუფლების, აგრეთვე სხვა სამუშაოზე გადაყვანის სესახებ,

დ) ხელმძღვანელობენ საგაფიცვო მოძრაობას,

ე) იღებენ გადაწყვეტილებას ამა თუ იმ აქციაში მონაწილეობის შესახებ,

ვ) ამტკიცებენ გადაწყვეტილებას საწარმოს სტატუსის შეცვლის შესახებ,

ზ) განსაზღვრავენ კოლექტიური შრომითი ხელშეკრულების პირობებს და საჭიროების შემთხვევაში შეაქვთ მასში ცვლილებები,

თ) ადგენენ და ამტკიცებენ საწარმოს განვითარების გეგმას,

ი) ატარებენ ღონისძიებებს შრომის ორგანიზაციის სრულყოფისა და შრომის ნაყოფიერების ამაღლებისთვის,

კ) წყვეტენ შრომის ანაზრაურების საკითხებს,

ლ) იღებენ გადაწყვეტილებებს მუშაკთა სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე,

მ) წყვეტენ საკითხებს მუშაკთა და ადმინისტრაციის მიმართ მატერიალური სტიმულირებისა და პასუხისმგებლობის დაკისრები შესახებ,

ნ) იღებენ გადაწყვეტილებებს ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოებისა და საწარმოს სანიტარული მდგომარეობის დაცვის შესახებ.

საქართველოს ეროვნული სამართლიანობის პარტიის სამართლებრივი კომისია.“

გამოცემა „ცნობის ფურცელ – უწყებანი“-ს ფურცლებზე ამ პროფკავშირული თემატიკის წინ წამოწევით თვალნათლად ჩანს, რომ 1989 წელი იყო როგორც პოლიტიკური, ასევე სოციალური სტრუქტურაში ძირეული  ცვლილებების წელი.

ეს იყო წელი პროფკავშირულ მოძრაობის ყოვლისმომცველი გარდაქმნის დასაწყისისა.