მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

დემოკრატიულ რესპუბლიკაში პირველი პროფკავშირული ყრილობა

9310456გერბისტატიის ავტორი: დავით არაბიძე

1919 წლის 11-16 აპრილს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქ თბილისში გაიმართა პირველი ქართული პროფკავშირული ყრილობა. ყრილობას ესწრებოდა გადამწყვეტი ხმის 182 და სათათბირო ხმის 16 დელეგატი, რომლებიც წარმოადგენდნენ თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, სოხუმის, ფოთის, ზუგდიდის, სენაკის, ოზურგეთის, ტყიბულის, ჭიათურის, ყვირილის, შორაპნის, სამტრედიის,  გორის, ხაშურის, ბორჯომის, თელავის, სიღნაღის პროფკავშირელებს. იმჟამად საქართველოში მოქმედი 87 პროფკავშირული ორგანიზაციიდან, რომელიც აერთიანებდა დაახლოებით 55 ათას პროფკავშირელს, ყრილობის მუშაობაში მონაწილეობას იღებდა 63 პროფკავშირული ორგანიზაცია. ყრილობას ესწრებოდნენ თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და ფოთის საქალაქო პროფსაბჭოები, რკინიგზელთა და ფარმაცევტთა პროფცენტრები. აღსანიშნავია ისიც რომ ყრილობის დელეგატთა უდიდესი ნაწილი იდგა სოციალ-დემოკრატიულ პლატფორმაზე – 134 დელეგატი, იყვნენ სხვა პლატფორმის წარმომადგენლებიც, მათშორის ბოლშევიკურიც – 6 დელეგატი.

პირველ ყრილობაზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:

ა) კავკასიის პროფესიული კავშირების სამხარეო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის საანგარიშო მოხსენება;

ბ) მოხსენებები რეგიონებიდან;

გ) მოხსენება შრომის სამინისტროს მიერ გაწეულ მუშაობაზე;

დ) მოხსენება ფასების ზრდისა და რეალური ხელფასის შესახებ;

ე) მოხსენება შრომის ბაზრის სრულყოფის თაობაზე;

ვ) მოხსენება მიმდინარე მომენტზე და პროფკავშირების მუშაობაზე;

ზ) საქართველოს პროფესიული კავშირების ცენტრალური საბჭოს არჩევნები;

თ) მოხსენება საქართველოს პროფესიული კავშირების ცენტრალური საბჭოს ბეჭვდითი ორგანოს შესახებ.

ყრილობამ მოისმინა, განიხილა და დაამტკიცა სამუშაო დღისწესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი. ყრილობამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება ექცია საწარმოო პრინციპი პროფკავშირების შემდგომი ორგანიზების საფუძვლად.

პირველ ყრილობაზე დამტკიცდა საერთო წესდება, არჩეულ იქნა საქართველოს პროფკავშირების ცენტრალური საბჭო 19 წევრისა და 8 კანდიდატის შემადგენლობით. ყრილობის დასრულების შემდგომ ცენტრალურმა საბჭომ საკუთარი რიგებიდან აირჩია აღმასრულებელი კომიტეტი 7 პირის შემადგენლობით.  საქართველოს პროფკავშირების ცენტერალურ საბჭოს ხელმძღვანელობდა სეით დევდარიანი.

საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში პროფკავშირული მოძრაობა დიდ სოციალურ მნიშვნელობას ატარებდა და იღწვოდა დემოკრატიის განვითარებისთვის, სოციალური დიალოგისა და სოციალური პარტნიორობის კულტურის ჩამოსაყალიბებლად.