დაუცველი შრომის უსაფრთხოება, ანუ რატომ არის საჭირო შრომის ინსპექცია

იმდენად, რამდენადაც შრომის დაცვის სფეროში ერთმანეთს უპირისპირდება დასაქმებულთა და დამსაქმებელთა ინტერესები, სავსებით გასაგებია, მათი მისწრაფება თავიანთ სასარგებლოდ შეცვალონ ინტერესთა ბალანსი მეორე მხარის ინტერესების ხარჯზე. ნათელია ასევე სახელმწიფოს მარეგულირებელი როლიც, რომელიც უნდა ცდილობდეს დაადგინოს ურთიერთშეთანხმებული გადაწყვეტილებების მიღების ყველასათვის ხელსაყრელი ერთიანი წესები და მექანიზმი.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება სისტემატურად ამახვილებდა და ამახვილებს ყურადღებას იმ საკითხებზე, რომლებზეც სახელმწიფო მოწოდებული უნდა იყოს დაადგინოს შრომის დაცვაში მონაწილე თითოეული სუბიექტის (დასაქმებული, დამსაქმებელი) უფლება_მოვალეობების სისტემა და შექმნას შრომის დაცვის დადგენილი ნორმების შესრულების მექანიზმები, რითაც ყალიბდება მართვის, ზედამხედველობისა და კონტროლის ორგანოები შრომის უფლებებისა და შრომის დაცვის კანონმდებლობის შესასრულებლად. აღნიშნული ბაზისური საკითხები საქართველოში ფაქტობ-რივად უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში უგულებელყოფილი იყო.

2006 წელს გაუქმდა შრომის სახელმწიფო ინსპექცია, რომლის უფლება- მონაცვლე სამსახურიც არ შექმნილა. დღეისათვის ტექნიკური უსაფრთხოების საკითხებზე კონტროლს ახორციელებს მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირი- ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, რომლის უფლებამოსილებაც მხოლოდ მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტებზე ვრცელდება, ხოლო ის საწარმოები და ორგანიზაციები, რომლებიც არ განეკუთვნებიან მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტების ნუსხას, თუ არ მივიღებთ მხედველობაში საზოგადოებრივ ზედამხედველობას ანუ პროფესიული კავშირების ზედამხედველობას, შეიძლება ითქვას, რომ კონტროლს მიღმა ფუნქციონირებენ.

პროფესიული კავშირების გაერთიანებას საქართველოს კანონის “პროფესიული კავშირების შესახებ” თანახმად მხოლოდ იმ საწარმოებში (ორგანიზაციებში) შეუძლიათ შრომის დაცვის და ტექნიკური უსაფრთხოების საკითხების შესწავლა, სადაც არსებობს პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია.

შრომის ტექნიკური ინსპექცია, განსხვავებით ზემოთ აღნიშნული სააგენტოსგან, ზედამხედველობას ახორციელებდა არა მხოლოდ ტექნიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, არამედ ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოებაზე, სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებზე, სახელფასო და ზეგანაკვეთური ანაზღაურების, შვებულებების გაცემისა და შრომის პირობებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა მოქმედ საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში მიუხედავად მათი საკუთრებისა, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა და აღნიშნულთან ერთად მათი წარმომადგენლობა იკვლევდა საწარმოო შემთხვევებს.

2006 წელს შრომის ტექნიკური ინსპექციის გაუქმების შემდეგ საქართვე-ლოში საგრძნობლად იმატა უბედური შემთხვევების რიცხვმა სამუშაო ადგილებზე. შრომის დაცვის და ტექნიკური უსაფრთხოების საკითხებზე სახელმწიფო კონტროლის იგნორირების შედეგია საქართველოში ბოლო წლებში გახშირებული საწარმოო შემთხვევები. დასაქმებულთა უმეტესობა სამშენებლო და სამთო-მოპოვებით სამუშაოებს ემსხვერპლა. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი მონაცემებით 2007-2013 წლებში რესპუბლიკის მასშტაბით საწარმოო ტრავმებისგან 273 ადამიანი დაიღუპა და 486 მძიმედ დაშავდა, ხოლო საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წევრი ორგანიზაციების სტრუქტურულ ერთეულებში საწარმოებში (ორგანიზაციებში) 2007-2013 წლებში დაიღუპა 71 და მძიმედ დაშავდა 25 დასაქმებული.

არა სახარბიელოა მდგომარეობა პროფესიული დაავადებების კუთხითაც. განსაკუთრებით მაღალია პროფდაავადებების მაჩვენებლები მეტალურგიულ და ცემენტის წარმოებებში, რაც განპირობებულია საწარმოებში არსებული მოძველებული ტექნოლოგიური აღჭურვილობებით, ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებებით არ არსებობით ან არასაკმარისი რაოდენობით.

მნიშვნელოვან რეფორმასა და სრულყოფას მოითხოვს შრომის დაცვის სფეროში არსებული საკანონმდებლო ბაზაც, რომლითაც საწარმოებში შრომის დაცვის და ტექნიკური უსაფრთხოების საკითხები რეგულირდება. ქართულ ნორმატიულ აქტებთან ერთად მოქმედებაშია 1992 წლამდე შემუშავებული და დამტკიცებული რუსული ნორმატიული აქტები, რომლებიც მოძველებულია და არ მოდიან შესაბამისობაში საქართველოში მოქმედ საწარმოებში არსებულ ტექნოლოგიურ აღჭურვილობებთან და ინსტიტუციებთან, რაც სირთულეებს ქმნის საწარმოებში როგორც პრევენციული ღონისძიებების გატარების კუთხით, ისე სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების კვლევის დროს.

ამ მიმართულებით არის პოზიტიური ძვრებიც, მთავრობის მხრიდან აღნიშნული პრობლემატური საკითხის მოგვარება პროცესი დაწყებულია, 2014 წელს ძალაში შევიდა საწარმოში მოქმედი ახალი ნორმატიული აქტები “ტექნიკური რეგლამენტები”, რომლებიც შემუშავდა მოქმედი კოდექსის “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ”  შესაბამისად. ახალმა “ტექნიკურმა რეგლამენტებმა” ჩაანაცვლეს რუსული და ასევე ქართული ძველი ნორმატიული აქტები, მაგრამ ეს არის მხოლოდ ნაწილი იმ ნორმატიული ბაზის, რომელთა განახლებაც მოხდა. სამწახუროდ განახლების პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობს.

ნორმატიული აქტების განახლების პარალელურად საქართველოს მთავრობა პროფესიულ კავშირებთან, დამსაქმებელთა ასოციაციასა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად მუშაობს შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პილოტური პროგრამის პროექტზე, რაც გულისხმობს შრომის დაცვის სფეროში სახელმწიფო მონიტორინგის განმა-ხორციელებელი კადრების შერჩევას და მათ გადამზადებას შემდგომში შრომის დაცვის და ტექნიკური უსაფრთხოების საკითხებზე სახელმწიფო საზედამხედველო სამსახურში დასაქმების მიზნით, აღნიშნულის გარდა მთავრობის მიერ მუშავდება კანონპროექტები: “შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის შესახებ” და “შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენაზე საზედამხედველო სამსახურის შესახებ”, რომლებიც გადაეგზავნა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას  განსახილველად, მათგან რეკომენდაციების მიღების მიზნით. აღნიშნული კანონპროექტების სრული ვერსიის განხილვა მათი სრულყოფის მიზნით იგეგმება საქართველოს პროფესიულ კავშირებთან, სამთავრობო უწყებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, რასაც პროფკავშირი მიესალმება

კვლავ პრობლემებად რჩება შრომითი მოვალეობის შესრულებისას მარჩენალდაკარგულთა და დასახიჩრებულთა კომპენსაციით უზრუნველყოფის საკითხი. საქართველოს მთავრობის დადგენილებით (1.03.2013 #45) ”შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზრაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე” ითვალისწინებს დამსაქმებლის ვალდებულებას დასაქმებლისათვის ზიანის ანაზღაურებას (დაზარალებული მხარისთვის ყოველთვიური სარჩოს გაცემა ან ერთჯერადი კომპენსაცია), მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ზიანი გამოწვეულია დამსაქმებლის ბრალეული მოქმედებით. უმრავლეს შემთხვევაში უბედური შემთხვევის კვლევის კომისიები დამსაქმებლების ინტერესებს იცავენ და თავად გარდაცვლილებს და დაზარალებულებს სცნობენ შრომის დაცვის წესების დამრღვევებად.

ასეთ ვითარებაში კი საწარმოს ადმინისტრაცია დაზარალებულ ოჯახს მხოლოდ დაკრძალვის, ისიც მისი კეთილი ნების შემთხვევაში და მკურნალობისთვის აუცილებელ ხარჯებს უნაზღაურებს, რასაც მას საქართველოს შრომის კოდექსი ავალდებულებს. პროფესიული კავშირების წარმომადგენლებს უბედური შემთხვევის კვლევის კომისიების მიერ გამოტანილი უსამართლო გადაწყვეტილებების სასამართლოში გასაჩივრება უწევთ. სასამართლო პროცესები ხშირ შემთხვევაში წლების მანძილზე გრძელდება, რაც არასამრთლიანი დამოკიდებულებაა სწარმოო შემთხვევების შედეგად დაზარალებულთა მიმართ. მოგეხსენებათ ამ კუთხით განსხვავებული მიდგომებია  ევროპის ქვეყნებში, ბრალეული მხარის გამოვლენაზე არ არის დამოკიდებული საწარმოო შემთხვევების შედეგად დაზარალებულებისთვის სარჩო-კომპენსაციის დანიშვნა არ დანიშვნის საკითხი. საქართველოს პროფესიული კავშირები ვმუშაობთ ასევე ამ მიმართულებით დასაქმებულთა მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.

განსხვავებული მიდგომებია შრომის უსაფრთხოების პრევენციის კუთხითაც საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდა-ჭერით ჩაატარა კვლევა, შესწავლილ იქნა ევროკავშირის ხუთი ქვეყნის (ლიტვა ლატვია, ესტონეთი, პოლონეთი,  ჩეხეთი)  შრომის დაცვის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტები. როგორც მოგეხსენებათ ევროპის მრავალ ქვეყანაში სამუშაო ადგილებზე არსებული რისკების გამოვლენის, შეფასებისა და მართვის  მეთოდიკა კომპლექსური მიდგომის სისტემას ითვალისწინებს კომპანიებში (საწარმოებში) შრომის უსაფრთხოების კომიტეტების შექმნის გზით, რაც შრომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამი მხარის ჩართულობას გულისხმობს- დამსაქმებელი, დასაქმებულთა წარმომადგენლობა (პროფესიული კავშირის წარმომადგენელი) და ხელისუფლება.

ევროპის ქვეყნების წარმატებული პრაქტიკის საქართველოში გატარების მიზნით 2010 წელს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებასა და დამსაქმებელთა ასოციაციას შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციის “შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მართვის სისტემების სახელმძღვანელო- ILO-OSH 2001”-ის სახელმძღვანელო დოკუმენტად ნებაყოფლობით აღიარების შესახებ, მოგეხსენებათ, აღნიშნული სტანდარტი შრომის უსაფრთხოების კომიტეტების ფუნქციონირებას ითვალისწინებს. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების, დამსაქმებელთა ასოციაციისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარდა ტრეინინგები, სემინარები საქართველოს სხვა და სხვა ქალაქებში აღნიშნული სტანდარტის კომპანიებში (საწარმოებში) დანერგვის მიზნით.

თუმცა უნდა აღინიშნოს რომ ამ აქტივობებმა გარდა იმისა რომ ამ სტანდარტის შესაბამისად გადამზადდნენ 30 საწარმოს  უსაფრთხოების ტექნიკის ინჟინრები ჯერჯერობით სხვა შედეგი ვერ გამოიღო, რის მთავარ მიზეზად მიგვაჩნია ის გარემოება, რომ საქართველოში განსხვავებით ევროპის მრავალი ქვეყნისგან, შრომის უსაფრთხოების კომიტიტების ფუნქციონირება არის მეწარმისთვის რეკომენდაცია და არა ვალდებულება.

მიუხედავად იმისა, რომ დღეის მდგომარეობით  საქართველოში, შრომის დაცვის სფროში როგორც საკანონმდებლო ბაზა, ისე ინსტიტუციები არ აკმაყოფილებენ ევროკავშირის მოთხოვნებს, საქართველოში ფუნქციონირებენ კომპანიები, სადაც საწარმოო პროცესების მართვა ხორციელდება ევროსტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად, მაგალითისთვის: შ.პ.ს. “ბათუმის ნავთობის ტერმინალი”, რომელსაც ერთდროულად მინიჭებული აქვს “ISO” სტანდარტის სამი სერტიფიკატი- ISO 9001:2000-ხარისხის მართვის სისტემა; ISO 14001 გარემოს მართვის სისტემა; OHSAS 18001 -შრომის დაცვისა და საწარმოო უსაფრთხოების მართვის სისტემა შ.პ.ს.”სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი” მინიჭებული აქვს ISO 18001-შრომის დაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო სერთიფიკატი; შ.პ.ს. “ბარამბო” სერთიფიკატი- ISO 9001:2000; შ.პ.ს. სამშენებლო კომპანია შ.პ.ს. “მიქსორი” სერთიფიკატი -ISO 9001:2000  და სხვა კომპანიები.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება აგრძელებს თანამშრომლობას, როგორც ხელისუფლების უწყებებთან ისე დამსაქმებელთა ასოციაცისათან, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან, უცხოური წარმატებული პრაქტიკის საქართველოს მოქმედ საწარმოებში გასატარებლად. როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ რამდენადაც შრომის დაცვის ერთიან სისტემაში ჩართულია რამდენიმე სუბიექტი სხვადასხვა ინტერესებით, რაც არ უნდა ძლიერი იყოს ამ სისტემის შემადგენელი საკანონმდებლო ბაზა, ყველაზე ქმედითად რჩება მოლაპარაკებების გზა, კომპანიებში შრომის დაცვის პრობლემების გადაწყვეტის გზების ერთობლივი ძიება _ ყველაფერი ის, რასაც ცივილიზებული სამყარო გულისხმობს ცნებაში “სოციალური პარტნიორობა”. შრომის დაცვაში სოციალური პარტნიორობა _ ეს უნდა იყოს საწარმოებში ამ მიმართებით არსებული საერთო პრობლემების გადაწყვეტის ურთიერთმისაღები გზების ძიების სისტემა, სისტემა ურთიერთმოლაპარაკებისა შრომის დაცვის სუბიექტებს შორის, რაც ხელის შემწყობი ფაქტორი იქნება ბიზნესის განვითარებისათვის. 21 saukunis