სტატიის ავტორი: დავით არაბიძე
1908 წლის 8 მარტი ამერიკული მეგაპოლისის ნიუ-იორკის ცხოვრებაში განსაკუთრებული დღე აღმოჩნდა. ამ დღეს ამ ქალაქი-გიგანტის ქუჩაში ქალები გამოვიდნენ. ეს იყო ქალთა მანიფესტაცია სოციალური თანასწორობის მოთხოვნით. ქალები ამ აქციაზე მებრძოლი პიროვნებები იყვნენ. ისინი იბრძოდნენ სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური უფლებებისათვის, ღირსეული შრომისათვის, თანასწორობისთვის. ამ მანიფესტაციისა უმთავრესი მიზანი იყო საზოგადოებრივ პროცესებში ქალის, როგორც სოციალური სუბიექტის როლის უზრუნველყოფა. ობსკურანტიზმს იმ ეპოქაში მძლავრი პოზიციები ეკავა და ქალებს თანასწორობისა და უფლებებისათვის უაღრესად რისკიანი ბრძოლა უწევდათ, რადგან საზოგადოებრივი ურთიერთობები, სოციალური რეგულაციები ქალებისთვის აუტანელ, სრულიად ჩამორჩენილ შინაარსსა და ხასიათს ატარებდა.
1910 წელს დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში მშრომელ ქალთა კონგრესი გაიმართა, რომელზეც მიიღეს გადაწყვეტილება ყოველწლიურად კონკრეტულ დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მშრომელ ქალებს ერთად აღენიშნათ თანასწორობისა და უფლებებისათვის ბრძოლის დღე. საერთო ძალისხმევა აუცილებელი იყო რადგან რეალობა მშრომელი ქალების წინაშე ყველგან ერთნაირად სამწუხარო იყო: სამუშაო კვირა 60 საათი გრძელდებოდა, არ იყო ანაზღაურებადი შვებულება და ანაზღაურებადი დეკრეტული, როგორც ასაკის ასევე სქესის გამო მათთვის მიუწვდომელი იყო პენსია, არჩევნებში მათ არც პასიური და არც აქტიური უფლება არ გააჩნდათ, განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტისა და კულტურული სისტემებისაგან ქალები მასობრივად იყვნენიზოლირებულნი, სამედიცინო დახმარება მათთვის მხოლოდ ფასიანი იყო, ყოველგვარ შეღავათების გარეშე, აი ასეთი იყო ცხოვრება მშრომელი ქალისთვის. კლასიკური გერმანული ფილოსოფია კი ღაღადებდა „ყველაფერი გონივრული რეალურია და ყველაფერი რეალური გონივრული“, მაგრამ რეალობა მშრომელი ქალებისთვის რეაქციული იყო. ეს სისტემა ქალში პიროვნებას არ სცნობდა და აქტიურმა ქალებმა არჩევანი ბრძოლის სასარგებლოდ გააკეთეს. მათ არ ჰქონდათ გარანტიები, მაგრამ ეს მათი ბრძოლა იყო, რომელსაც მათთვის თანასწორობა და უფლებები უნდა მოეტანა.
1914 წელს ევროპისა და ამერიკის რამდენიმე ქვეყნის დედაქალაქში 8 მარტი უჩვეულო დღედ იქცა – გაიმართა ქალთა მასობრივი მანიფესტაციები თანასწორობის, სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური უფლებებისთვის, ღირსეული შრომის სტანდარტებისთვის.შემდგომ იყო გიგანტური მოვლენები, ომები, რევოლუციები, პროგრესიცა და ხანდახან რეგრესიც, თუმც ქალთა თანასწორობისა და უფლებების საკითხმა გრანდიოზული წინსვლა განიცადა მიუხედავად ისტორიული ქარტეხილებისა.
დღეს 8 მარტი საქართველოს ქალთათვის კვლავ ბრძოლის დღეა. ამ დღეს ქალი სიოციალური შემოქმედია სოციალურად დიფერენცირებულ საზოგადოებაში. დღეს ჩვენს ქვეყანაში ქალებს კვლავ და კვლავ დიდი ძალისხმევის გამოჩენა უწევთ საკუთარი უფლებების განსახორციელებლად და მათი ერთგული თანამდგომი და წინამძღოლი სოციალური, შრომითი, პროფესიული, ეკონომიკური და სამართლებრივი უფლებებისა და ინტერესების წარმატებული განხორციელების საქმეში არის საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება. კანონი საქართველოს ქალებს 8 მარტს ოფიციალურ უქმე დღედ უდგენს, მაგრამ მათთვის ეს დღე მოქმედების დღეა, ბრძოლის დღეა, რასაც ისინი სრული ღირსებითა და შეუპოვრობით ანხორციელებენ.
ვულოცავთ საქართველოს ქალებს მათ საბრძოლო დღეს – 8 მარტს!