მიმდინარეობს საიტის განახლება

“დასაქმების“ სიმულაცია, ანუ ახლო წარსულის ერთი გაკვეთილი

საქართველოს ერთ-ერთ ურთულეს პრობლემას მასობრივი დაუსაქმებლობა შეიძლება ეწოდოს. მისი გადაწყვეტა საერთო ეროვნული ამოცანაა და მასზე მთელმა საზოგადოებამ უნდა იზრუნოს.

არც თუ დიდი ხნის წინ წინა ხელისუფლების დროს, იყო მცდელობები, უფრო ზუსტად კი სიმულაციები, რომელთა მეშვეობით ხელისუფლება ცდილობდა ხალხისთვის მოეჩვენებინა, რომ თუ რა თავგამოდებით იბრძვის იგი მასობრივი უმუშევრობის პრობლემის გადასაწყვეტად. ერთ-ერთი ასეთი სიმულაცია იყო 2006 წელს განხორციელებული “სამუშაო  ადგილებზე პროფესიული მომზადების სახელმწიფო პროგრამა“.

დაიხატა ისეთი სურათი, რომ თითქოს ამ პროგრამით საქართველოს ნებისმიერ უმუშევარ მოქალაქეს საშუალება მიეცემოდა, აემაღლებინა კვალიფიკაცია ან დაუფლებოდა ახალ პროფესიას, თითქოს  ქვეყანაში მოხდებოდა კვალიფიციური საკადრო რესურსის ფორმირება და დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა, შედეგად სახელმწიფოში დაიწყებოდა ეკონომიკური აღმავლობის პროცესი.

პროგრამა ითვალისწინებდა პროფესიული მომზადების მაძიებელი უმუშევარი საქართველოს მოქალაქის დაკავშირებას მეწარმე სუბიექტთან, რომელიც სამი თვის განმავლობაში დაასაქმებდა ამ მოქალაქეს და ამით ხელს შეუწყობდა მისი კვალიფიკაციის ამღლებას. პროფესიული მომზადების განმავლობაში პროგრამის მონაწილე საქართველოს უმუშვარი მოქალაქე სახელმწიფო ბიუჯეტიდან უზრუნველყოფილი იქნებოდა ყოველთვიურად 150 ლარიანი სტიპენდიით.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 აგვისტოს #148 დადგენილებით დამტკიცებული “სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“ შესაბამისად, მასში მონაწილეობა მიიღო 4736 მეწარმე სუბიექტმა, რომელთა მიერ შემოთავაზებულმა სტაჟირების ადგილების საერთო რაოდენობამ შეადგინა 68197. პროგარმაში მონაწილე მსურველი მოქალაქეების მიერ შეირჩა 54303 სტაჟირების ადგილი, მათ შორის მეწარმე სუბიექტებთან შესაბამისი ფორმის შეთანხმება გააფორმა 44482 მოქალაქე-ბენეფიციარმა.

პირველი თვის სახელმწიფო სტიპენდიის ნახევარი (75 ლარი) გადაერიცხა 444482 მოქალაქე-ბენეფიციარს, ამათგან 507 პირზე თანხა უკან იქნა გამოთხოვილი, რადგან მათ უარი განაცხადეს პროგრამის შესაბამისად ადგილების განცხადებაზე.

სტიპენდიის გაცემა ხორციელდებოდა მეწარმე სუბიექტის მოქალაქე-ბენეფიციარის მიერ სტაჟირების გავლის ყოველთვიური დადასტურების საფუძველზე. პროფესიული მომზადების სარეგისტრაციო ცენტრებში შესაბამისი მომსახურება გაეწია 43975 მოქალაქე-ბენეფიციარს. მათგან პირველი თვის დადასტურება წარმოადგინა 42196 მოქალაქე-ბენეფიციარმა, მეორე თვის წარმოადგინა 41400 მოქალაქე-ბენეფიციარმა, ხოლო მესამე თვის წარმოადგინა 40595 ადამიანმა.

საქართველოს კანონის “საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ და საქართველოს მთავრობის 2006 წლის #148 დადგენილებით “სამუშაო ადგილებზე პრფესიული მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამისათვის “ გამოყოფილ იქნა 24 მილიონი ლარი.

ამ თანხიდან გახარჯულ იქნა:

მოქალაქე-ბენეფიციარებზე გაცემული სახელმწიფო სტიპენდია 18 695 625 ლარი;

საბანკო მომსახურება                                                                                  122 953 ლარი;

პროგრამის ადმინისტრირების ხარჯი                                                     812 460 ლარი;

საერთო ჯამში ხარჯმა შეადგინა                                                          19 631 038 ლარი.

ეს ციფრები ნათლად აჩვენებს, რომ პროგრამის რეალიზაციისთვის გამოყოფილი თანხა ვერ იქნა სრულად ათვისებული და ნაწილი კვლავ სახელმწიფო ბიუჯეტში იქნა დაბრუნებული, თუმცა საქართველოს კანონით “საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ შესაბამისად კვლავ გამოყოფილი იქნა 300 ათასი ლარი, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა 2006 წლის “სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების “ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებების უზრუნველყოფა.

სახელმწიფო პროგრამამ ისე დაასრულა მუშაობა, რომ შესწავლილ არ იქნა რეალურად რამდენმა მოქალაქე-ბენეფიციარმა აიმაღლა კვალიფიკაცია ან შეიძინა ახალი პროფესია. არ იქნა დადგენილი პროფესიული მომზადების სამუშაო ადგილებზე მეწარმე სუბიექტების მიერ დატოვებული ყოფილი მოქალაქე-ბენეფიციარების რაოდენობა.

ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ამ სახელმწიფო პროგრამამ ვერ შეძლო ვერც კვალიფიკაციის ამღლება და მით უფრო ვერც ახალი პროფესიის დაუფლება ათეულათასობით  უმუშევარი მოქალაქისთვის. სამი თვის განმავლობაში გაცემული 150 ლარიანი სტიპენდიები ან მოწყალება იყო (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) ან უმცირეს შემთხვევაში მოქალაქე-ბენეფიციარების მიერ გაწეული შრომის არაადეკვატური ანაზღაურება.

2007-2008 წლებში მაშინდელმა ხელისუფლებამ კვლავ განახორციელა ანალოგიური სახელმწიფო პროგრამა მეტი ხარჯით, რომლის დროსაც მოქალაქე-ბენეფიციარები სამი თვის განმავლობაში, ყოველთვიურად უკვე 200 ლარს იღებდნენ. ანალოგიურად, სახელმწიფო პროგრამამ ისე დაასრულა მუშაობა, რომ შესწავლილ არ იქნა რეალურად რამდენმა მოქალაქე-ბენეფიციარმა აიმაღლა კვალიფიკაცია ან შეიძინა ახალი პროფესია, არ იქნა დადგენილი პროფესიული მომზადების სამუშაო ადგილებზე მეწარმე სუბიექტების მიერ დატოვებული ყოფილი მოქალაქე-ბენეფიციარების რაოდენობა.

”დასაქმების“ სიმულაციის მწარე გაკვეთილის დასკვნა იმაში მდგომარეობს, რომ ასეთი ზედაპირული და გაუაზრებელი შინაარსის მქონე ათეულობით მილიონი ლარის ღირებულების პროგრამებმა არ და ვერ დაასაქმა ათეულათასობით უმუშევარი საქართველოს მოქალაქე, ვერ აუმაღლა კვალიფიკაცია მათ და ვერ შესძინა ახალი პროფესია. შემთხვევითი არაა რომ წინა ხელისუფლებამ საერთოდ არ აღრიცხა იმ პირთა მონაცემები, ვინც პროგრამის სრულად გავლის შემდეგ დარჩა და გააგრძელა მუშაობა სტაჟირების სამუშაო ადგილზე. ნათელია რატომაც –  მათი რიცხვი მცირეზე მცირეა და სრულიად არაადეკვატურია სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეულ ხარჯებთან.

ვისაც სურს რეალურად შეცვალოს უმუშევართა  მდგომარეობა, მან უნდა გაითვალისწინოს რომ ამ პრობლემის დაძლევა შესაძლებელია მხოლოდ სოციალური პარტნიორობის პრინციპის საფუძველზე, პროფკავშირებთან თანამშრომლობით.

დავით არაბიძე სპეციალურად WWW.GTUC.GE–სათვისum