სტატიის ავტორი: დავით არაბიძე
დასაქმება ერთ-ერთი ურთულესი პრობლემაა, რომელიც სულ უფრო და უფრო მწვავდება. ამ მიმართულებით საქართველოში ბოლო მეოთხედი საუკუნის განმავლობაში გარკვეული გამოცდილება დაგროვდა, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი. დღეს მნიშვნელოვანია არ მოხდეს წარსული შეცდომის გამეორება. ასეთი ერთ-ერთი მცდარი მეთოდი ათი წლის წინ განხორციელდა. 2006 წელის 2 აგვისტოს იმჟამად მოქმედმა მთავრობამ #148 დადგენილებით დაამტკიცა „სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა“. ამ პროგრამით თითქოს დასაქმების მაძიებელ მოქალაქეს მიეცემოდა კვალიფიკაციის ამაღლების ან ახალი პროფესიის დაუფლების შესაძლებლობა სამი თვის განმავლობაში მეწარმე სუბიექტთან დასაქმებით, რაშიც სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველთვიურად გაიღებდა 150 ლარის სტიპენდიას. პროგრამის შემდგენლები ირწმუნებოდნენ რომ ამით მოხდებოდა კვალიფიციური საკადრო რესურსის ფორმირება, დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა და ეკონომიკური აღმავლობის დაწყება.
სახელმწიფო პროგრამასი მონაწილეობა მიიღო 4 736 მეწარმე სუბიექტმა, რომელთა მიერ შეთავაზებულ იქნა 68 197 სტაჟირების ადგილი, რომელთაგან მოქალაქეთა მხრიდან შეირჩა 54 303 სტაჟირების ადგილი, მეწარმე სუბიექტებთან შესაბამისი ფორმის შეთანხმება გააფორმა 44 482 -მა მოქალაქე-ბენეფიციარმა.
პირველი თვის სახელმწიფო სტიპენდიის ნახევარი (75 ლარი) გადერიცხა 44 482 მოქალაქე-ბენეფიციარს, რომელთაგან 507 პირზე თანხა უკან იქნა გამოთხოვილი, რადგან მათ უარი განაცხადეს პროგრამის შესაბამისი სტაჟირების ადგილებზე გამოცხადებაზე.
სტიპენდია გაიცემოდა მეწარმე სუბიექტთან მოქალაქე-ბენეფიციარის მიერ სტაჟირების გავლის ყოველთვიური დადასტურების საფუძველზე. პროფესიული მომზადების სარეგისტრაციო ცენტრში მომსახურება გაეწია 43 975 მოქალაქე-ბენეფიციარს, რომელთაგან პირველი თვის დადასტურება წარმოადგინა 42 196, მეორე თვის 41 400 და მესამე თვის 40 595 მოქალაქე-ბენეფიციარმა
საქართველოს კანონის „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ შესაბამისად და საქართველოს მთავრობის 2006 წლის #148 დადგენილებით დამტკიცებული „სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“ განსახორციელებლად გამოყოფილ იქნა 24 მილიონი ლარი, რომლიდანაც გახარჯულ იქნა:
სახელმწიფო სტიპენდია მოქალაქე-ბენეფიციართათვის 18 695 625 ლარი;
საბანკო მომსახურება 122 953 ლარი;
ხარჯი პროგრამის ადმინისტრირებისთვის 812 460 ლარი;
საერთო ჯამსი ხარჯმა შეადგინა 19 631 038 ლარი.
ეს ციფრები ნათლად აჩვენებენ, რომ სახელმწიფო პროგრამის რეალიზაციისთვის გამოყოფილი თანხა სრულად ვერ იქნა ათვისებული. აქვე აღსანიშნავია ისიც რომ საქართველოს კანონით „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ შესაბამისად კვლავ გამოყოფილი იქნა 300 ათასი ლარი, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა ამ პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებების უზრუნველყოფა.
ეს სახელმწიფო პროგრამა ისე დასრულდა, რომ საერთოდ არ იქნა შესწავლილი რეალურად რამდენმა მოქალაქე-ბენეფიციარმა აიმაღლა კვალიფიკაცია ან შეისწავლა ახალი პროფესია. ასევე არ იქნა შესწავლილი პროფესიული მომზადების სამუშაო ადგილებზე მეწარმე სუბიექტების მიერ პროგრამის დასრულების შემდეგ დატოვებული მოქალაქე-ბენეფიციარები.
აღნიშნულმა სახელმწიფო პროგრამამ ვერ შეძლო დასაქმების მაძიებელი ათეულ ათასობით მოქალაქე-ბენეფიციარისთვის კვალიფიკაციის ამაღლება და მით უფრო ახალი პროფესიების შესწავლა. სამი თვის განმავლობაში გაცემული 150 ლარიანი სტიპენდიები ან მოწყალება იყო, ან შრომის არაადეკვატური ანაზღაურება.
2006 წლის პროგრამის სრული არაეფექტურობის მიუხედავად 2007-2008 წლებში ანალოგიური პროგრამა კვლავ გამეორდა, თუმც იმჟამად თითქმის სამჯერ მეტი მონაწილითა და 200 ლარიანი სტიპენდიით. ეს პროგრამაც ისე დასრულდა რომ არ გაირკვა რეალურად რამდენმა მოქალაქე-ბენეფიციარმა აიმაღლა კვალიფიკაცია და შეიძინა ახალი პროფესია, რამდენი მათგანი დარჩა სამუშაოდ მეწარმე სუბიექტთან.
გაკვეთილი ამ გამოცდილებიდან არის ერთი – ამგვარი დასაქმების პროგრამები არანაირ სარგებელს არ იძლევიან, რადგან მთლიანად აგებული არიან მხოლოდ ვოლუნტარიზმზე და არ ითვალისწინებენ ეკონომიკურ და სოციალურ კანონზომიერებებს. ბევრის მეტყველი ფაქტია, რომ ამ პროგრამების დასრულების შემდგომ არ მოხდა კვალიფიკაცია ამაღლებულთა, ახალ პროფესიაშეძენილთა და სამუშაო ადგილზე დარჩენილთა რიცხვის დადგენა. ეს არ გაკეთდა რადგან ეს ციფრები თავად იღაღადებდნენ ამ პროგრამების ფიქტიურობაზე.
სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების რეალური პროგრამა მხოლოდ მთავრობის, დამსაქმებლებისა და პროფკავშირების პარიტეტული სოციალური დიალოგითა და სოციალური პარტნიორეობით შეიძლება შემუშავდეს. ასეთი პროგრამის განხორციელებაზე სამმხრივი ზედამხედველობაა აუცილებელი. დასაქმების პრობლემის სირთულე თავად მოითხოვს საქართველოს პროფკავშირების სრულ ჩართულობას.