ზეგანაკვეთური სამუშაოს უფასოდ შესრულება, მოკლევადიანი კონტრაქტები და დამსაქმებლის მუქარა, დასაქმებულის იძულება, რომ რეალიზაციიდან დარჩენილი პროდუქტი მან იყიდოს და ა.შ. – ეს იმ დარღვევების მცირე ჩამონათვალია, რაც დღეს საქართველოს შრომის ბაზარზე ხდება. მიუხედავად კოდექსში შეტანილი ცვლილებებისა, რომელიც ”ნაცმოძრაობის” კოდექსისგან განსხვავებით დასაქმებულის ინტერესებს უფრო მეტად ითვალისწინებს, ხშირ შემთხვევაში უბრალო თანამშრომელი ისევ დაუცველი რჩება.
პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი გაზეთ “ბიზნეს რეზონანსთან“ საუბარში აცხადებს, რომ პრობლემები გამოწვებულია, ერთი მხრივ, შრომის კოდექსში შეტანილი არასაკმარისი ცვლილებებით, მეორე მხრივ კი, ხელისუფლების მხრიდან იმ ამბიციის უქონლობით, რომ კანონში შესულ ცვლილებებს სჭირდება იმპლემენტაცია და ამ სიკეთეების საზოგადოებამდე მიტანა.
პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი რთულ პირობებში მომუშავე მოქალაქეებს სთხოვს, რომ დაუყოვნებლივ მიმართონ პროფკავშირებს. მათი ანონიმურობა დაცული იქნება, მითუმეტეს თუ მათ 24 საათის განმავლობაში აიძულებენ მუშაობას და არ უხდიან ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურებას. მნიშვნელობა არ აქვს ის ადამიანი მაღაზიაში მუშაობს, ფაბრიკაში, ბანკში თუ აფთიაქში – კანონი ყველასთვის კანონია და ამ ტიპის თავხედობას ბოლო უნდა მოეღოს.
პრობლემის გამოვლენაში მთავარი როლი დასაქმებულებს ეკისრება. სწორედ მათ უნდა გამოავლინონ და ამხილონ ამგვარი შუასაუკუნოვანი, მონათმფლობელური ქმედებები. ადამიანებმა კი, რომლებიც თავს ბიზნესმენებს უწოდებენ და კინტოს მენტალიტეტს ვერ სცდებიან, სხვაგვარად უნდა იმოქმედონ. იმის შიშით, რომ მხილების შემთხვევაში სამსახურს დაკარგავენ, გამოსავალი ნამდვილად არ არის. თუ სურთ, რომ მათ პრობლემას რეაგირება მოჰყვეს, ხმა უნდა ამოიღონ”, – განაცხადა “ბიზნეს-რეზონანსს” ირაკლი პეტრიაშვილმა.
როგორც პეტრიაშვილი აცხადებს, შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, ისეთ ორგანიზაციებში, რომელთა თანამშრომლები პროფკავშირებში არიან გაწევრიანებულნი, დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ურთიერთობა, გარკვეულწილად, დადებითად შეიცვალა. სხვაგან კი პრობლემა ისევ რჩება.
“საზოგადოებას, ალბათ, კარგად ახსოვს პროფკავშირის უკმაყოფილება შრომის კოდექსში არასაკმარისი ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით. მაშინ ჩინოვნიკები ამბობდნენ, თითქოს შრომის კოდექსის შეტანილი ცვლილებების 80% პროფკავშირების “დიქტატით” შევიდა. ამაზე მათ მადლობას ვუხდი.
თუმცა სწორედ წინადადებების იმ 20%-ის გაუთვალისწინებლობა გახდა საფუძველი ისეთი ტიპის პრობლემებისა, როგორიც არის ზეგანაკვეთური ანაზღაურების საკითხი, რომელიც იმდენად არაკომპეტენტურად და ორაზროვნად შევიდა შრომის კოდექსში, რომ პროფკავშირებს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში აქვს შეტანილი. დასაქმებულებისა ნაწილი ამ ნორმით დღემდე ვერ სარგებლობს საბანკო სექტორში, ფარმაცევტულ კომპანიებში, საქართველოს რკინიგზაში და ა.შ.” – განუცხადა “ბიზნეს-რეზონანსს” პეტრიაშვილმა.
მისი თქმით, პრობლემად რჩება მოკლევადიანი კონტრაქტების საკითხი, რომელიც არასტაბილური დასაქმების შეგრძნებას უმძაფრებს დასაქმებულებს და უზღუდავს კოდექსით მინიჭებული შვებულების გამოყენების, რიგი საბანკო სერვისებით სარგებლობის უფლებებს.
“ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ პროფკავშრებში გაწევრიანების გამო, დამსაქმებლები მათ, ისევე როგორც კოდექსში ცვილებების შეტანამდე, დღესაც აშანტაჟებენ, რომ კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ გაათავისუფლებენ სამსახურიდან. ეს ხდება უამრავ კომპანიაში, მაგრამ ყველაზე აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ასეთი მარაზმი ხდება “საქართველოს ფოსტაში”, სადაც სახელმწიფო გახლავთ 100%-იანი წილის მფლობელი, სადაც გენდირექტორი გვიქმნის ალტერნატიულ პროფკავშირულ სტრუქტურას და იძულების წესით, შანტაჟით გადაყავს ხალხი საკუთარი ჯიბის პროფკავშირში”, – ამბობს პეტრიაშვილი.
მისივე განცხადებით, კავშირგაბმულობის პროფკავშირმა „საქართველოს ფოსტას“ რამდენიმე სასამართლო პროცესი მოუგო, რის შედეგადაც კომპანიამ გათავისუფლებული თანამშრომლები სამსახურში აღადგინა და ამასთან, კომპენსაციის თუ ჯარიმის სახით, რამდენიმე ათასი ლარის გადახდა მოუწია.
”მაინტერესებს, თუ პროფკავშირების და თანამშრომლების უფლებების შეზღუდვა არ აინტერესებს მთავრობას, რატომ არ სთხოვს პასუხს „საქართველოს ფოსტის“ დირექტორს, რომელმაც მისი არაკომპეტენტურობიდან გამომდინარე, რამდენიმე ათეული ათასი ლარის ზარალი, ანუ გაუთვალისწინებელი ხარჯი მიაყენა კომპანიის ბიუჯეტს? მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით, ჩვენ არ დავჯერდებით მხოლოდ ქართულ სასამართლოებს.
თუ პრემიერთან სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიაზე ჩემ მიერ დაყენებული ეს და მსგავსი საკითხები არ გადაწყდება სამართლიანად, გამოვიყენებთ წინა ხელისუფლების პირობებში კარგად აპრობირებულ გზას. ვარწმუნებ ყველას, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები საქართველოსთან მიმართებით მოცემულ რეკომენდაციებში და მოთხოვნებში ნათლად ჩამოაყალიბებენ, რა ზიანს მოუტანს ყოველივე ეს ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.
– შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებებით თითქმის ყველა კმაყოფილი იყო. ამბობდნენ, რომ ცვლილებებით გაიზარდა დასაქმებულის უფლებები და ა.შ. როგორ ფიქრობთ, რატომ ირღვევა დასაქმებულის უფლებები ისევ?
ირაკლი პეტრიაშვილი: პრობლემები გამოწვეულია, ერთი მხრივ, შრომის კოდექსში შეტანილი არასაკმარისი ცვლილებებით, მეორე მხრივ კი, ხელისუფლების მხრიდან იმ ამბიციის უქონლობით, რომ კანონში შესულ ცვლილებებს სჭირდება იმპლემენტაცია და ამ სიკეთეების საზოგადოებამდე მიტანა.
– რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ეს პრობლემები აღმოიფხვრას?
– პრობლემების აღმოსაფხვრელად, საჭიროა, ქვეყანაში შეიქმნას შრომის ინსპექცია, რომელიც მონიტორინგს გაუწევს იმას თუ რამდენად იცავენ დამსაქმებლები და დასაქმებულები შრომის კოდექსს. სწორედ შრომის ინსპექცია უნდა ადევნებდეს თვალყურს, ხდება თუ არა ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების გადახდა, ირღვევა თუ არა დასაქმებულთა კონსტიტუციით და კანონით მინიჭებული ნორმა შექმნან ასოციაციები, აწარმოონ კოლექტიური მოლაპარაკებები, რამდენად დაცულია სამუშაო საწარმოებში შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის ნორმები და ა.შ. მით უმეტეს, რომ ამ ინსტიტუტის შექმნა პირდაპირაა მოთხოვნილი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაში.
გარდა ამისა, ქალთა და ახალგაზრდების უფლებები უმნიშვნელოდ არის წარმოდგენილი კოდექსში. არ არის აუცილებელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების ფარგლებში შევიდეს ეს ცვლილებები, თორემ მრჩება შთაბეჭდილება იმისა, რომ შეტანილი ცვლილებები, მათი არა იმპლემენტირება, ქალთა და ახალგაზრდობის უფლებები და სხვა ნორმები იწერება და იქმნება არა საქართველოს მოქალაქეების საჭიროებებიდან გამომდინარე, არამედ დასავლეთის გულის მოსაგებად.
ამასთან, რეალურად უნდა მუშაობდეს სამმხრივი კომისია, რომელიც განიხილავს არა მხოლოდ მსგავს, არამედ ისეთ საკითხებს როგორიც არის მაგალითად ის, რომ კახეთში ფერმერებს და გლეხებს უსარგებლო სათესლე ხორბალი მიჰყიდეს და მთელი კახეთი კატასტროფულ მდგომარეობაში ჩააგდეს. ანდა ის, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი სულს ღაფავს გაუმაძღარი ბანკირებისგან, რომლებიც მაღაზიებს, სავაჭრო ცენტრებს და ლამის საშაურმეებსაც ხსნიან. საქართველოს გარდა, არსად მსგავსი რამ არ ხდება. როგორ უნდა გაუწიოს კონკურენცია ბანკს, მცირე და საშუალო ბიზნესმა ასეთ პირობებში?
– რას ურჩევთ დასაქმებულებს?
– დღეს დასაქმებულებს ბევრად უფრო კარგი გარემო აქვთ, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს ჰქონდათ. ისინი სამთავრობო და ძალოვანი სტრუქტურების მიერ ზეწოლის ქვეშ არ არიან, როგორც ეს ადრე ხდებოდა. აქედან გამომდინარე, სოლიდარობის და სამოქალაქო თვითშეგნების ხარისხი უნდა გაზარდონ და ნებისმიერ უმსგავსობაზე მყისიერი რეაგირება მოახდინონ, შექმნან პროფკავშირები, მნიშვნელობა არ აქვს ჩემს სტრუქტურაში თუ მის გარეთ. მნიშვნელოვანია, რომ იგი იყოს თავისუფალი, დემოკრატიული პროფკავშირები და არა დამსაქმებლის ან რომელიმე პოლიტიკური პარტიის ორბიტაზე მყოფი, როგორც, მაგალითად, ერთ ორგანიზაციაშია, სადაც მათი პროფკავშირის თავჯმდომარეს 5000-ლარიან პრემიას უწერენ და დასაქმებულებს 80 ლარს ურიგებენ. დასაქმებულებმა უნდა გაითავისონ, რომ ევროკავშირის ასოცირებულ წევრობას, არ მოაქვს კეთილდღეობა და ევროპული ცხოვრება, საჭიროა, გვქონდეს ისეთივე სამოქალაქო თვითშეგნება, როგორიც ევროპელ მოქალაქეებს აქვთ.
წყარო: http://www.resonancedaily.com/index.php?id_rub=2&id_artc=21142