”საქსტატის” მონაცემებით, 2014 წლის პირველ კვარტალში, 2013 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, ბიზნესში სამუშაო ადგილები შემცირდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი – 10 ათასით გაიზარდა. იმის გამო, რომ დასაქმებულთა რაოდენობა, ძირითადად, სამშენებლო სექტორში შემცირდა, ექსპერტთა ნაწილი ამას სახელმწიფოს მიერ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შეფერხებას უკავშირებს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2014 წლის I კვარტალში ბიზნესსექტორში 495 700 ადამიანი იყო დასაქმებული, რაც 2013 წლის პირველი კვარტალის მაჩვენებელზე 10 000-ით მეტია, ხოლო მეოთხე კვარტალის შედეგებზე 23 300-ით ნაკლები. 2013 წლის ბოლოს კერძო სექტორში 519 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული.
”საქსტატის”ინფორმაციით, საწარმოებში დასაქმებულთა მთლიან რაოდენობაში 40.5% ქალია, ხოლო 59.5% – კაცი. მსხვილ ბიზნესსექტორში დასაქმებულთა 6.2% მუშაობს, საშუალო ბიზნესში – 15.2%, 22,8% – მცირე ბიზნესში.
საწარმოთა მთლიანმა დანახარჯებმა პერსონალზე შეადგინა 1.123 მლრდ ლარი, რომლის განაწილება საწარმოთა ზომის მიხედვით შემდეგია: მსხვილი ბიზნესი – 78.0 პროცენტი; საშუალო ბიზნესი -10.8 პროცენტი; მცირე ბიზნესი – 11.1 პროცენტი.
საშუალო თვიური ხელფასი ბიზნესსექტორში 779.1 ლარია, მათ შორის, ქალების – 574.5 ლარი. საწარმოთა ზომის მიხედვით, საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 946.3 ლარი, საშუალო ბიზნესი – 550.0 ლარი, მცირე ბიზნესი – 426.7 ლარი.
2014 წლის პირველ კვარტალში საწარმოში დასაქმებულთა რაოდენობის შემცირებაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს ექსპერტი სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში ნოდარ კაპანაძე.
რაც შეეხება წლიურ მონაცემებს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, შარშან ქვეყანაში უმუშევრობამ უმნიშვნელოდ იკლო. შარშან დასაქმებულთა რიცხვიც 0,4%-ით გაიზარდა. თუ 2012 წელს ქვეყანაში უმუშევრობის დონე 15% იყო, 2013 წელს ეს მაჩვენებელი 14,6%-მდე დავიდა. 2013 წელს ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ, შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 66.2% შეადგინა. წინა წელთან შედარებით ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობა 1.2%-ით, ხოლო აქტიურობის დონე 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა.
უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სოფლის მოსახლეობაში, ქალაქის მოსახლეობასთან შედარებით. 2013 წელს, 2012 წელთან მიმართებაში, უმუშევრობის დონის თანაბარი კლება აღინიშნა როგორც ქალაქის, ასევე სოფლის ტიპის დასახლებებში და, შესაბამისად, 25.6% და 6.5% შეადგინა.
უმუშევრობა ყველაზე მეტად ახალგაზრდებს აწუხებთ. 15-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში ეს მაჩვენებელი 43%-ია. სამაგიეროდ, უმუშევრობა შემცირებულია 35-39, 40-44, 45-49, 55-59 და 60-64 წლების ასაკობრივ ჯგუფებში.