მიმდინარეობს საიტის განახლება

“დაიკავე საქართველო“ პროფკავშირთან ერთად!

DSCF6507ახლადშექმნილ მოძრაობას სახელწოდებით, “დაიკავე საქართველო“, საქართველოს პროფკავშირიც შეუერთდა. მოძრაობის ერთ–ერთი მიზანი, ბანკების მიერ დაზარალებული და ბინადაკარგული ადამიანების დახმარებაა. მოძრაობის სულისჩამდგმელები საქართველოს პროფესიულ კავშირთან ერთად, ცნობილი უფლებადამცველები, ირაკლი და ნანა კაკაბაძეებიც არიან. დღეს, თავისუფლების მოედანზე მდებარე “საქართველოს ბანკის“ ფილიალთან მოძრაობის მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებმაც მიიღეს.

შეკრებილ საზოგადოებას მრავალმა ცნობილმა ადამიანმა მიმართა სიტყვით. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ბანკების მიერ დაზარალებული ადამიანების პრობლემების მიმართ, მთელი საზოგადოება უნდა იყოს სოლიდარული.

ირაკლი პეტრიაშვილი: “უბედურებაა ის, რომ 21–ე საუკუნეში ადამიანები რჩებიან უბინაოდ. ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემაა და ამ პრობლემებს სათავეში უდგას ის პრობლემა, რომელზეც დღეს ვართ შეკრებილები. 21–ე საუკუნეში როცა ადამიანი სახლის გარეშე რჩება, რა თქმა უნდა სისტემა არის ამაში დამნაშავე. ქვეყანაში დაწესებული საბანკო კრედიტები და განაკვეთები მიმართულია ადამიანების სიღარიბისაკენ. მთელი ქვეყანა გახდა ამ ბანკების მონა. მშრომელსაც კი უჭირს პროტესტის გამოთქმა იმის გამო, რომ მას საბანკო ვალები ახრჩობს და თუ დარჩება უმუშევარი, მასაც გაუყიდიან სახლ–კარს. მოძრაობა “დაიკავე საქართველო“ და ამის კონტექსტში ანაბრების თემა – არის ძალიან მნიშვნელვანი. გუშინაც გვქონდა ჩვენს მეგობარ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებთან და პოლიტიკოსებთან საუბარი, სადაც შევჯერდით და გთავაზობთ პრობლემის მოგვარების ჩვენეულ ვარიანტს.

2011 წელს მიღებულია კანონი, რომ 2013 წლიდან საშემოსავლო გადასახადი 18 უნდა იყოს 20 პროცენტის ნაცვლად. აგერ უკვე მიდის 2013 წელი და გამომდინარე იქიდან, რომ როგორც დღევანდელი მთავრობა აცხადებს, ისინი ხარჯავენ  მხოლოდ წინა რეჟიმის მიერ დატოვებულ ბიუჯეტს და სხვა თანხები მათ არ მოუზიდავთ – ჩვენ ვფიქრობთ, რომ რაკი დარჩენილი 2 პროცენტი ფაქტობრივად არსად არ იხარჯება, (საუბარია 180 მილიონ ლარზე)  ეს თანხა მთლიანად თუ არა, ნახევრად მაინც არის საკმარისი ბანკების მიერ შექმნილი პრობლემების გადასაწყვეტად. ჩვენი მიზანია, რომ ხალხი საკუთარი სახლებიდან აღარ გამოყარონ.

ორი საკითხია, რაზეც საზოგადოებამ ხმა უნდა ამოუღოს. ჩვენ ვითხოვთ, რომ მინიმუმ ორი წლით უნდა შეწყდეს ადამიანების სახლებიდან გამოსახლება. მე როგორც გადასახადების გადამხდელი, სოლიდარული ვარ ბანკების მიერ დაზარალებული ადამიანებისადმი და თანახმა ვარ, რომ გადასახადებიდან ის 2 პროცენტი წავიდეს უბინაობის პრობლემების მოსაგვარებლად.

სახელმწიფო ვერ იარსებებდა სოლიდარობა რომ არ ყოფილიყო ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველანი ვიქნებით სოლიდარულები ამ პრობლემების მიმართ და გამოვთქვამთ მზაობას, რომ ჩავიდეთ ქუთაისში და პარლამენტში შევიტანოთ შესაბამისი კანონპროექტი. ეს არ არის მხოლოდ დაზარალებული ოჯახების ტკივილი. ეს არის საზოგადოებისა და სახელმწიფოს ტკივილიც. როცა ნახევარი ქვეყანა შემწეობის მოლოდინშია, ბუნებრივია რომ ვერ ეკონომიკა ვერ იმუშავებს და პრობლემები იქნება. მთავარია, რომ ქვეყანაში იყოს სოციალური სამართლიანობა. სამართლიანობა კი ნამდვილად არ არის ის, რომ ჩვენი დები და ძმები დღეს უსახლკაროდ რჩებიან“.

“საქართველოს ბანკთან“ შეკრებილ ადამიანებს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ახალგაზრდული ფრთის ლიდერმა, გიორგი აფციაურმაც მიმართა.

“პროფკავშირის ახალგაზრდული ფრთა იქ დგას, სადაც ადამიანების პრობლემებია და სადაც ადამიანებს ჩაგრავენ. სანამ აქ მოვიდოდი, “ფეისბუქზე“ ვნახე, რომ 15 წლის ლუკას თავისი სკოლის ფოტო ჰქონდა გაზიარებული და კომენტარი ეწერა, რომ სკოლა უნდა შეეცვალა. ალბათ მის მშობლებსაც ბინა გაუყიდეს და ქირით გადავიდნენ სხვაგან.

იგივე პრობლემა შეიძლება სტუდენტებსაც შეექმნათ. ჩვენ, ახალგაზრდებმა არ უნდა დავუშვათ ის, რომ სტუდენტებს სტუდენტობა წაართვენ. წარმოიდგინეთ, რომ სტუდენტების სწავლის გადასახადი შეიძლება ბინის ქირაში წავიდეს. ჩვენ, ახალგაზრდებმა მთლიანდ ქვეყანაში უნდა შევქმნათ ისეთი მოძრაობა, რაც არ დაუშვებს იმას, რომ 15 წლის ლუკამ თავის მშობლიურ სკოლაში ვეღარ იაროს.“ – განაცხადა გიორგი აფციაურმა.