12 ნოემბერს დაბა ქსანის კულტურის სახლში გაიმართა სს ,,მინა”-ს პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის კომიტეტის გაფართოებული სხდომა. თავსხმა წვიმის, ძლიერი ქარისა და ამის შედეგად გამოწვეული უშუქობის მიუხედავად, სხდომას, რომელიც სანთლის შუქზე წარიმართა, პროფკავშირის 40-მდე წევრი დაესწრო.
პროფკავშირის წევრებმა განიხილეს პროფკავშირსა და კომპანიის ადმინისტრაციას შორის ბოლო პერიოდში არსებული მიმოწერა შემათანხმებელ პროცედურებთან დაკავშირებით. მათ აღნიშნეს, რომ ბოლო დღეებში კომპანიის ადმინისტრაციის მხრიდან გაძლიერდა დასაქმებულთა დაშანტაჟების ფაქტები. მათივე თქმით უკვე მუდმივად აქვს ადგილი მუქარებს სამუშაოდან დათხოვნის შესახებ, თუ დასაქმებულები უარს არ იტყვიან პროფკავშირის წევრობაზე და შემათანხმებელი პროცედურებისა და მოსალოდნელი გაფიცვის მხარდაჭერაზე.
პროფკავშირის აქტივისტებს შორის არიან ისეთებიც, რომელთა უახლოესი ნათესავები და ოჯახის წევრებიც კომპანიის ადმინისტრაციის სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობენ, შესაბამისად, კომპანიის ადმინისტრაცია უკვე იყენებს შანტაჟის უკიდურეს ფორმებს და ადმინისტრაციის ასეთ თანამშრომლებს სამსახურიდან დათხოვნის მუქარით ავალდებულებს, თუ ისინი არ “გააჩუმებენ” თავიანთ ახლობლებს.
კომიტეტის გაფართოებული სხდომის ორმოცივე მონაწილემ ცალსახად განაცხადა, რომ საკუთარი უფლებებისა და ლეგიტიმური ინტერესებისთვის ბრძოლაში ბოლომდე დარჩებიან ერთმანეთის მიმართ სოლიდარულები და ბოლომდე მიიყვანენ დაწყებულ ბრძოლას, მიუხედავად კომპანიის ადმინისტრაციის დანაშაულებრივი ქმედებებისა.
სხდომის ბოლოს, პროფკავშირის წევრებს გადაეცათ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით შექმნილი საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ დამზადებული პროფკავშირის წევრობის დამადასტურებელი ბარათები, რომელსაც ფასდაკლების უნივერსალური ბარათის ფუნქცია აქვს. დღეიდან, პროფკავშირის წევრებს საშუალება აქვთ უამრავ სავაჭრო თუ მომსახურეობის ობიექტში ფასდაკლებებით ისარგებლონ.