წყარო: გაზეტი “რეზონანსი”
ავტორი: ნათია ლომიძე
საქართველოში საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულთა 80% მინიმალურ ხელფასზე მუშაობს. მათი შრომის ანაზღაურება წლებია, არ გაზრდილა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ლარის დევალვაციამ და უკვე ინფლაციამაც ყველა დასაშვებ ზღვარს გადააჭარბა. მოსახლეობის უმრავლესობა სოციალურად მძიმე მდგომარეობაშია. სპეციალისტები აცხადებენ, რომ მსგავსი დამოკიდებულება კონკრეტულ სპეციალობებზე (სადაც ხელფასი დაბალია და არ იმატებს) მოთხოვნას შეამცირებს. გამოსავალი მხოლოდ ერთია – ხელფასების მომატება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, რომელზეც სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უნდა იზრუნოს. საშუალო თვიური ანაზღაურება 2016 წლის მეოთხე კვარტალში მცირედით გაიზარდა და 1065,9 ლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს მხოლოდ 54 ლარით აღემატება. “საქსტატის” მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ყველაზე მაღალანაზღაურებადი საფინანსო სექტორია (საშუალო მაჩვენებელი 2023 ლარი), მაგრამ იქაც დასაქმებულთა საშუალო ხელფასი შემცირდა. მეორე ადგილზეა მშენებლობა, მესამეზე კი – ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა. ხელფასის ოდენობის მიხედვით მოწინავე რიგებშია სამთო-მომპოვებელი მრეწველობა, ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და სხვა მომსახურება, ასევე ლიდერებშია სახელმწიფო მმართველობაც. აღსანიშნავია, რომ ერთი წლის განმავლობაში ყველა ამ სექტორში ხელფასები გაზრდილია, გამონაკლისი სახელმწიფო სტრუქტურებია, სადაც საშუალო ანაზღაურებამ ერთი წლის განმავლობაში 1450 ლარიდან 1231 ლარამდე იკლო. ყველაზე დაბალი ხელფასი კი (589,2 ლარი), ტრადიციულად, კვლავ განათლების სექტორშია. კერძო და საჯარო სექტორში დაბალი ანაზღაურებით გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობს ფინანსისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი. როგორც მან “ბიზნეს-რეზონანსთან” აღნიშნა, მოსახლეობას სამომხმარებლო საკრედიტო წნეხი დაეტყო. ბოლო პერიოდში არ მომხდარა ხელფასების ინდექსაცია, რათა დასაქმებულთა მდგომარეობა გამოსწორდეს. “ლარის დევალვაციას მოჰყვა ინფლაციის პროცესი და იგი გაცილებით მაღალია, ვიდრე სტატისტიკურად ჩანს. მაგალითად, მკვეთრად გაიზარდა ფასი პირველადი მოხმარების საქონელზე, მედიკამენტებზე, ამას დაემატა აქციზის განაკვეთის ზრდით გამოწვეული ფასების ზრდა. საკრედიტო წნეხმაც მოსახლეობა რთულ ვითარებაში ჩააგდო. როდესაც არ ხდება ხელფასების ინდექსაცია (რაც, წესით, უნდა მიმდინარეობდეს), ინფლაციური პროცესი თავისთავად აუარესებს მოსახლეობის სოციალურ და მატერიალურ მდგომარეობას. ამას სპეციალური კვლევაც კი არ სჭირდება, იმდენად ნათელია ყველაფერი. თუ არ გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები, სიტუაცია უფრო და უფრო დამძიმდება. მიუხედავად იმისა, რომ უცხოეთიდან ფულადმა გზავნილებმა მეტ-ნაკლებად მოიმატა, ეს მაინც არაფერს ცვლის, რადგან საქართველოში დარჩენილ ადამიანებს არ გააჩნიათ სამსახური. ქვეყანაში არ ვითარდება ეკონომიკა და ბიზნეს სექტორი, აქედან გამომდინარე, რთული არ არის, თავად გამოვიტანოთ დასკვნები”, – აღნიშნა ხომიზურაშვილმა.