საქართველოში კვლავ საგანგაშოა სამუშაო ადგილზე დაღუპულთა სტატისტიკა, რომელიც შრომის სახელმწიფო ინსპექციის გაუქმების შემდეგ ოფიციალურად აღარც იწარმოება. პროფესიული კავშირების გაერთიანების ინფორმაციით, ბოლო ექვსი წლის მანძილზე საქართველოში 273 ადამიანი დაიღუპა, 500-მდე კი მძიმედ დაშავდა.როგორც წესი, სიკვდილიანობისა და მძიმე ტრავმების მაჩვენებელი მაღალია მაღაროებში, მშენებლობებსა და ტრანსპორტის სფეროში. პროფკავშირების გაერთიანებაში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება არ ჩქარობს დანაპირების შესრულებას და შრომის უსაფრთხოებისა და შრომის სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ კანონების მიღებას, რითაც განსაცდელში აგდებს ათობით ათასი დასაქმებულის სიცოცხლეს. რა უშლის ხელს შრომის უსაფრთხოების ხარისხის გაზრდას?
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მონაცემებით, სამუშაო ადგილზე წელიწადში საშუალოდ 50 ადამიანი იღუპება. შესაბამისად, იშვიათია ისეთი კვირა, როცა საინფორმაციო საშუალებები არ იტყობინებიან მორიგი უბედური შემთხვევის შესახებ. დამსაქმებელს მიეცემა გონივრული ვადა შრომის პირობების გამოსასწორებლად და მხოლო ვადის გასვლის შემდეგ დაჯარიმდება. კანონი ითვალისწინებს ამას…
უბედურ შემთხვევაზე, რომელიც სოფელ ფარცხანაყანებში 9 ნოემბერს მოხდა (დაიღუპა ორი, დაშავდა სამი ადამიანი), შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. ამავე მუხლით აღიძრა საქმე 13 ნოემბერსაც. ფრაგმენტი საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ მიერ გავრცელებული ახალი ამბიდან:
“ხელვაჩაურში მშენებლობაზე დაიღუპა 47 წლის მამაკაცი, რომელსაც ბეტონის გადასატუმბი მოწყობილობა დაეცა. მრავლობითი დაზიანებით საავადმოფოში გადაიყვანეს სამშენებლო ობიექტის მეპატრონე და მშენებლობაზე დასაქმებული კიდევ ერთი მამაკაცი“.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაში სამუშაო ადგილზე დაღუპულთა რაოდენობის შემცირების აუცილებელ პირობად შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნას მიიჩნევენ. გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილის გოჩა ალექსანდრიას თქმით, დღემდე არ აღდგენილა 2006 წელს გაუქმებული შრომის სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტი, 2012 წლის ოქტომბერში გამარჯვებულმა პოლიტიკურმა ძალამ კი არ შეასრულა წინასაარჩევნო დაპირება და არ მიიღო შრომის უსაფრთხოებისა და შრომის სახელმწიფო ინსპექციის შესახებ კანონები. შესაბამისად, გოჩა ალექსანდრია ფიქრობს, რომ მოქმედი ხელისუფლება, ისევე როგორც მისი წინამორბედი, ყურადღებას არ აქცევს დასაქმებულთა უფლებების დაცვას.
“შესაბამისად, ჩვენ ვხედავთ იგივე პოლიტიკას, რომ ხელისუფლება – როგორც ცენტრალური, ისევე ადგილობრივი – ერიდება ინვესტორების მონიტორინგს, რათა თურმე ისინი არ უნდა შეწუხდნენ, წნეხი არ უნდა იგრძნონ, რომ არ გაიქცნენ ქვეყნიდან და ამასობაში ხალხი იღუპება. ჩვენი მოქალაქეები იმყოფებიან მონურ პირობებში, ყოველგვარი უსაფრთხოების (როგორც ინდივიდუალური, ასევე კოლექტიური) საშუალებების გარეშე და ეს იწვევს ამ უბედურებების მთელ კასკადს, რასაც ჩვენ ვხედავთ არა მხოლოდ მშენებლობაში, ასევე მეტალურგიულ, სამთომომპოვებელ, სატრანსპორტო და სხვა სწრაფად განვითარებად და აქტიურ ეკონომიკურ დარგებში“, უთხრა გოჩა ალექსანდრიამ რადიო თავისუფლებას.
გოჩა ალექსანდრიას თქმით, შრომის სახელმწიფო ინსპექცია უნდა იმყოფებოდეს პარლამენტის ანდა შრომის, ჯანრმთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში, რათა მისმა წარმომადგენლებმა მაქსიმალურად დამოუკიდებლად იმოქმედონ, თუმცა ამისათვის შესაბამისი კანონების მიღებაა საჭირო. როგორც ირკვევა, შრომის უსაფრთხოებისა და შრომის სახელმწიფო ინსპექციის შესახებ კანონების პროექტები უკვე მომზადებული აქვს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რომლის წარმომადგენელმა, დავით ივანიძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე კანონპროექტებს ეცნობიან შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია და საქართველოს მთავრობის სხვა პარტნიორები:
“ჯერჯერობით დახვეწის სტადიაშია, სახელმწიფო უწყებებისთვის არ დაგვიგზავნია, მაგრამ ორივე კანონპროექტი მზადაა. შრომის სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტი ჩამოყალიბდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირად შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში. სანქციები იქნება, მაგრამ პირველ ეტაპზე – არა. დამსაქმებელს მიეცემა გონივრული ვადა შრომის პირობების გამოსასწორებლად და მხოლო ვადის გასვლის შემდეგ დაჯარიმდება. კანონი ითვალისწინებს ამას“ – ამბობს ივანიძე.
წყარო: რადიო “თავისუფლება“: http://www.radiotavisupleba.ge/content/shromis-usaprtkhoeba-sakartveloshi/26690087.html