საქართველოს პროფკავშირების მიერ გაჟღერებული მოთხოვნების პარალელურად, სახალხო დამცველიც მამაკაცებისთვის ბავშვის მოვლის შვებულებით სარგებლობის საკითხის დარეგულირებას მოითხოვს. ამასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა ჯანდაცვის მინისტრს წინადადებით მიმართა, რომ შემუშავდეს შესაბამისი ცვლილებები საჯარო მოსამსახურეებისა და დასაქმებულთათვის ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარებისა და კომპენსაციის დანიშვნის დაანგარიშებისა და გაცემის საკითხის საქართველოს შრომის კოდექსთან და საერთაშორისო ხელშეკრულებებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. კერძოდ, აღნიშნული უფლებით მამაკაცების მიერ სარგებლობის საკითხის დასარეგულირებლად.
მამაკაცები ხშირად დაბრკოლებებს აწყდებიან დამსაქმებლებთან ურთიერთობისას საქართველოს შრომის კოდექსის 27–ე მუხლით გარანტირებული უფლების – ბავშვის მოვლის გამო შვებულებით სარგებლობის უფლების რეალიზაციასთან დაკავშირებით.
ამავე საკითხზე სახალხო დამცველმა იუსტიციის მინისტრს მიმართა, ქალთა შრომითი უფლებების მე-2 ტალღის ცვლილებების განხილვისას გაითვალისწინონ ხსენებული საკითხი და ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფმა განიხილოს შესაძლო გადაჭრის გზები.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე, გოჩა ალექსანდრია აცხადებს, რომ ანალოგიური მოთხოვნებით პროფკავშირმა უკვე მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს, თუმცა შედეგის მიღწევა სათუოა.
“ანალოგიური მოთხოვნით სულ რაღაც ერთი თვის წინ კიდევ ერთხელ მივწერეთ შრომის და ჯანდაცვის მინისტრს. წინა კვირაში მივიღეთ პასუხი, რომ სამინისტრო მუშაობს ამ საკითხზე. განა რა დიდი მუშაობა და კვლევა-ძიება ჭირდება ამას. პრობლემა არსებობს და გადაჭრის გზაც ნათელია. უბრალოდ, საჭიროა პოლიტიკური ნება. იმედი მაქვს, ეკონომიკის სამინისტრო ამასაც არ დაბლოკავს. თუმცა, სიმართლე გითხრათ, ეკონომიკის სამინისტროს ნეოლიბერალური მოქმედებების შემყურე, რაღაცეები მაეჭვებს მაინც. არ გამიკვირდება თუ იტყვიან, რომ მამაკაცების შვებულების უფლება ბავშვის მოსავლელად, ბიზნეს ზედმეტ ტვირთად დააწვება, საინვესტიციო გარემოს გააუარესებს და მსოფლიო ბანკის რეიტინგებში პოზიციებს დაგვაკარგვინებსო“ – აცხადებს გოჩა ალექსანდრია.