საქართველოში შრომის ინსპექციისა და უსაფრთხოების ნორმების არარსებობის გამო, რამდენიმე სერიოზულმა ბრიტანულმა კომპანია ინვესტიციის განხორციელებაზე უარი თქვა, – ამის შესახებ პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა, თუმცა, კონკრეტულად, რომელი კომპანიები ჰყავს მხედველობაში, ამის შესახებ გოჩა ალექსანდრია ინფორმაციას არ ფლობს და ამბობს, რომ პროფკავშირები ცდილობს მათ დადგენას.
მისივე ინფორმაციით, ამ კომპანიებმა კომპლექსურად შეისწავლეს საქართველოს ბაზარი როგორც ეკონომიკური და საგადასახადო კუთხით, ასევე შრომითი უფლებების მიმართულებით და მიიჩნიეს, რომ ეს არის ე.წ. ბანანის რესპუბლიკა, სადაც საბაზრო ეკონომიკა არ არსებობს და ბიზნესსაქმიანობა გარკვეულ რისკებს შეიცავს.
“არცერთი კომპანია, რომელსაც პასუხისმგებლობა გააჩნია, ასეთ სარისკო ქვეყანაში ინვესტიციას არ ჩადებს“, – აღნიშნა ალექსანდრიამ. მისი მტკიცებით, მსგავსი ტენდენცია უცხოური კომპანიების მხრიდან საქართველოში უკვე ბოლო 8 წელია ფიქსირდება.
როგორც ალექსანდრია აცხადებს, ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში, საქართველოს სერიოზული რეფორმების გატარება მოუწევს როგორც ეკონომიკის, ასევე სოციალურ და შრომით სფეროებში, რაც ითვალისწინებს უმუშევრობისა და შრომის დროს დაზარალებულთა დაზღვევას, მარჩელნალდაკარგულთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარებას, შრომის ინსპექციის შექმნას, შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის შესახებ კანონმდებლობის მიღებას და სხვა.
“შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას აქვს „კონვენცია 102“ ანუ სოციალური დაცვის მინიმალური სტანდარტი, სადაც გაწერილია შრომითი უფლებების პარამეტრები. ეს კონვენცია საქართველოს რატიფიცირებული არ აქვს, არადა არც ერთი სახელმწიფო არ შესულა ევროკავშირში ამ კონვენციის რატიფიცირების გარეშე. ეს დოკუმენტი უნდა იყოს ფუძემდებელი ამ უფლებების, ქვეყანაში კი არ არსებობს კანონი დასაქმების შესახებ“, – აღნიშნა ალექსანდრიამ და განაცხადა, რომ საქართველო დროულად უნდა შეუდგეს იმ ვალდებულებების შესრულებას, რაც კანონმდებლობის ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობაში მოყვანას გულისხმობს.
მისივე თქმით, გასულ წელს, შრომის კოდექსში შესული ცვლილებების მიუხედავად, ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით მდგომარეობა ფაქტობრივად არ შეცვლილა, რადგან ეს ცვლილებები არასაკმარისია. როგორც პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, სახელმწიფო დონეზე არ არის შემუშავებული შრომის, ჯანმრთელობისა და სამუშაო გარემოს შესახებ თანმიმდევრული ეროვნული პოლიტიკა და არ არსებობს მონიტორინგის მექანიზმი.
“მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში პოზიტიურად გააქტიურებულია ჯანდაცვის სამინისტრო, რასაც ვერ ვიტყვი ეკონომიკის სამინისტროზე, რადგან ეს უწყება ძალიან ამუხრუჭებს. ეკონომიკის სამინისტრო ამ პრობლემებს არასწორად და არაპროფესიონალურად, ზედაპირულად უდგება, რაც ყოვლად შეუსაბამოა ევროკავშირის მოთხოვნებთან“, – განაცხადა ალექსანდრიამ.