გერმანიის დედაქალაქ ბერლინში მიმდინარე პროფესიულ კავშირთა საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC) კონგრესიზე 19 მაისს, 12:00 საათზე დროებით შეწყდა კონგრესის პლენარული სესია და გაიმართა თემატური ჯგუფების მუშაობა. საქართველოს წარმომადგენლობამ მონაწილეობა მიიღო ჯგუფის მუშაობაში რომელზეც განხილული იქნა თემა – “შრომითი უფლებების რეალიზება“.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრია ერთ–ერთი მთავარი მომხსენებელი იყო, რომელმაც მოახდინა საქართველოს შრომის კანონმდებლობაში შესული ცვლილებების პრეზენტაცია. მან თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა შრომით-სამართლებრივ მდგომარეობას შრომის კოდექსის ცვლილებებამდე და მას შემდეგ, მოახდინა შედარება და გარკვეული ანალიზი იმისა, თუ რით განსხვავდება საკანონმდებლო ცვლილებემამდე მდგომარეობა დღევანდელისგან.
“იყო დრო, როდესაც საქართველოში პროფესიულ კავშირს მუშაობა უწევდა უმძიმეს დისკრიმინაციულ გარემოში, შრომის კოდექსში სიტყვა “პროფკავშირი“ არც ერთ პუნქტში მოხსენიებული არ იყო და ბევრი ჩვენი პროფკავშირული ლიდერი დევნის და დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა. ეს პრობლემები დღეს, საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ მეტ-ნაკლებად გადალახულია. ჩვენ გავუძელით, გადავრჩით და მშრომელთა უფლებების დაცვას განვაგრძობთ, თუმცა მიღწეულ ცვლილებებს ფრთხილი ოპტიმიზმით ვეკიდებით, რადგან მიგვაჩნია, რომ შრომის კანონმდებლობაში კიდევ არის განსახორციელებელი აუცილებელი ცვლილებები შრომის უსაფრთხოების, ქალთა შრომითი უფლებების, ახალგაზრდების შრომის და დასაქმების სფეროში. ასევე აუცილებელია შრომის ბაზრის ინსტიტუციურად ჩამოყალიბება, მათ შორის შრომის ინსპექციის უსწრაფესად აღდგენა“ – განაცხადა გოჩა ალექსანდრიამ საკუთარი გამოსვლის ბოლოს.