მიმდინარეობს საიტის განახლება

გოჩა ალექსანდრიამ KESK–ის ყრილობაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე, გოჩა ალექსანდრიამ მონაწილეობა მიიღო თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი, აქტიური და დემოკრატიული პროფკავშირების კონფედერაციის KESK–Kamu Emekçileri Sendikaları Konfederasyonu  (თურქეთის სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა პროფკავშირების კონფედერაცია) ყრილობაში. ყრილობა 3–6 ივლისს გაიმართა თურქეთის დედაქალაქ ანკარაში.  აღნიშნული პროფკავშირი აერთიანებს თურქეთში დასაქმებულ საჯარო მოხელეებს, პედაგოგებს, მედიკოსებს, კულტურისა და ხელოვნების სფეროში მოღვაწეებს და საბიუჯეტო სფეროში დასაქმებულ სხვა ადამიანებს.

ყრილობაზე საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე სიტყვით გამოვიდა. მისასალმებელი სიტყვის ფარგლებში გოჩა ალექსანდრიამ თურქ პროფკავშირლებს ქართველი მშრომელების თანადგომა და მხარდაჭერა გადასცა. ამის შემდეგ, თურქეთის პროფკავშირების დარგობრივი ორგანიზაციების ლიდერებმა ქართველ კოლეგებთან ურთიერთიობების გაღრმავების სურვილი გამოთქვეს. გოჩა ალექსანდრია შეხვდა KESK–ის პრეზიდენტს, ლამი ოზგენს და თურქეთის პროფკავშირული მოძრაობის ცნობილ ლიდერებს, ასევე ყრილობაზე დამსწრე თურქ პოლიტიკოსებს, მათ შორის საქართველოს პროფკავშირების მეგობარს თურქეთის პარლამენტის წევრს სტამბოლიდან ბატონ სულეიმან ჩელების, რომელიც ამავდროულად საქართველოსთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის წევრიცაა. უახლოეს მომავალში იგეგმება გაცვლითი შეხვედრები თურქეთსა და საქართველოს პროფკავშირებს შორის.

KESK-ი გამოირჩევა თავისი ბრძლისუნარონობით, მტკიცე პოზიციით, რომელიც დაკავშირებულია სოციალურ სამართლიანობასთან, შრომითი უფლებების დაცვასთან, თურქეთში დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებასთან… ეს ორგანიზაცია ადვოკატირებას უწევს ქალთა ემანსიპაციას თურქეთში, იბრძვის სიტყვის თავისუფლებისათვის, ყოველგვარი დისკრიმინაციის აკრძალვისათვის და  გამოდის ეროვნული უმცირესობების ასიმილირების წინააღმდეგ თურქეთში, მათ შორის ჩერქეზების, ქართველების და სხვათა ეროვნულ-კულტურული ინტერესების  პატივისცემისათვის. KESK-ი აქტიურად იყო და არის  ჩართული სტამბოლში გეზი პარკთან დაკავშირებულ საპროტესტო გამოსვლებში, 1 მაისს ტაქსიმის მოედანზე გამართულ დემონსტრაციებსა და მასთან დაკავშირებულ  მოვლენებში. მისი პრინციპული პოზიციების გამო KESK–ს პრობლემებიც შეექმნა თურქეთის ხელისუფლებისგან თავისუფლად ფუნქციონირებაში.

ყრილობაზე მწვავედ აღინიშნა სომას მაღაროებში მიმდინარე წლის მაისში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ, რომელსაც 301 მაღაროელის სიცოცხლე შეეწირა. მწვავედ დაისვა თურქეთში შრომის უსაფრთხოების საკითხები და  აღინიშნა, რომ: “ეს არ იყო უბრალოდ ტრაგედია. ეს იყო მეშახტეთა ხოცვა–ჟლეტა, რისი პროგნოზირებაც შესაძლებელი იყო“ – სწორედ ასე მოიხსენიებენ თურქი პროფკავშირელები სომაში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას და ადგილობრივ ხელისუფლებას შრომის უსაფრთხოების გამკაცრებისაკენ მოუწოდობენ.

თურქეთში დემოკრატიული პროფკავშირები ასევე იბრძვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სტრატეგიული საწარმოების პრივატიზების, აუთსორსინგის და ქვეკონტრაქტირების წინააღმდეგ, რადგან ქვეკონტრაქტირების პრინციპი მკვეთრად აუარესებს დასაქმებულთა უფლებებს, მათ შრომის პირობებს და სომაში დატრიალებული უბედურება დიდწილად სწორედ ამ უპასუხისმგებლო ქვეკონტრაქტირების შედეგია.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ნაყოფიერად თანამშრომლობს როგორც KESK–თან, ასევე თურქეთის მეორე დიდ პროფკავშირულ გაერთიანებასთან, DISK-Türkiye Devrimci İşçi Sendikaları Konfederasyonu (თურქეთის პროგრესული პროფკავშირული კონფედერაცია), რომელიც ძირითადად კერძო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს აერთიანებს.  აღნიშნული თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონულ კონტექსტში, რათა თურქულმა და ქართულმა კომპანიებმა პატივი სცენ მშრომელთა უფლებებს საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით. TURQETI