საქართველოს მოქალაქეებსა და მის სტუმრებს ტაქსი რვა ათეულ წელზე მეტია რაც ემსახურება. თბილისში ტაქსი 1934 წელს გამოჩნდა და შემდეგ ტრანსპორტის ეს სახეობა საქართველოს სხვა ქალაქებშიც ამოქმედდა. ტაქსით მომსახურების უზრუნველსაყოფად ქალაქების მშრომელთა დეპუტატების საბჭოების აღმასრულებელ კომიტეტებთან შეიქმნა მსუბუქი საავტომობილო ტრანსპორტის სამმართველოები.
ტაქსისტის შრომა არ იყო იოლი, მაგრამ მათი ხელფასი მაქსიმუმი გარდაქმნის ეპოქის დადეგს – 1985 წელს არ აღემატებოდა 222 მანეთს. გარდაქმნის პოლიტიკამ გარდაქმნა ტაქსით მომსახურების სფეროშიც შეიტანა. 1986 წელს ლეგალიზდა ინდივიდუალური შრომითი საქმიანობა და მეორე შრომის წიგნაკიც, შედეგად კანონის საფუძველზე მოქალაქისთვის შესაძლებელი გახდა საკუთარი მსუბუქი ავტომობილით ლეგალურად სატაქსო მომსახურება. ქალაქების სახალხო დეპუტატთა საბჭოების აღმასრულებელი კომიტეტების მსუბუქი საავტომობილო ტრანსპორტის სამმართველოებს ინდივიდუალური ტაქსისტები ლეგალურ კონკურენტებად მოევლინენ. 1987 წელს კანონმა “სახელმწიფო საწარმოს (გაერთიანების) შესახებ“ ქალაქების სახალხო დეპუტატთა საბჭოების აღმასრულებელ კომიტეტებთან არსებული მსუბუქი საავტომობილო ტრანსპორტის სამმართველოები სახელმწიფო საწარმოო გაერთიანებებად გარდაქმნა. ამ გაერთიანებებს მიეცათ უფლება თავად მოეხდინათ არაეფექტური სამუშაო ადგილების ლიკვიდაცია, დამოუკიდებლად განეკარგათ საწარმოო ფონდები, მოეხდინათ საწარმოში შრომის თვითორგანიზაცია, სოციალური განვითარების ფონდით გაეზარდათ ხელფასები. მათთვის სახელმწიფო გეგმა სახელმწიფო დაკვეთით ჩანაცვლდა. სახელმწიფო საწარმოო გაერთიანებებმა ტაქსისტებს გეგმური ნორმის ყოველი მანეთზე 19 კაპიკი, ხოლო ზეგეგმურ მანეთზე 55 კაპიკი შესთავაზეს. ამ ცვლილებებმა ტაქსისტების ხელფასი 300 მანეთამდე გაზარდა, განსაკუთრებით მუყაითი ტაქსისტების ხელფასმა 500 მანეთსაც კი მიაღწია.სიახლეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიკეთეც ახლდა, ამ ახალ სახელმწიფო საწარმოებში გაქრა უაზროს ქაღალთმთხზველობა, გაუქმდა ქაღალდმთხზველთა ფიქტიური სამუშაო ადგილები.
სახელმწიფო საწარმოო გაერთიანებებს წარმატებებთან ერთად პრობლემებიც ჰქონდათ: ტაქსოპარკების ტერიტორიები გადატვირთული იყო ვადაგასული ავტომობილებით ( მათი გარბენის მანძილი 400 ათას კილომეტრს აღემატებოდა), სახელმწიფო საწარმოო გაერთიანებებისათვის ცენტრალიზებული ფონდირების სისტემა ამ ფონდების საბითუმო ვაჭრობით შეიცვალა, მაგრამ ფონდების საბითუმო ვაჭრობამ ვერ უზრუნველყო ამ გაერთიანებების მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ახალ მანქანებზე, რემონტისთვის საჭირო სათადარიგო დეტალებსა და სხვა მასალებზე. ტაქსით მომსახურებაში შექმნილმა ახალმა რეალობამ ასევე ახალი ფული მოითხოვა, რომელიც უკვე გარდაქმნილ პირობებში მხოლოდ სამი გზით შეიძლებოდა მისულიყო სახელმწიფო საწარმოო გაერთიანებებამდე: ა) სახელმწიფო ბიუჯეტს მათთვის უნდა მიეცა დოტაცია; ბ) სახელმწიფო ბიუჯეტში მათი სავალდებულო შენატანის უნდა შემცირებულიყო სიმბოლურ დონემდე; გ) ტაქსის მომსახურებაზე მათ ფასის რადიკალურად უნდა გაზარდათ.
ტაქსით მომსახურების სფეროში შექმნილი პრობლემა სხვა გზით მოგვარდა. 1988 წელს მიღებულ იქნა კანონი „კოოპერაციის შესახებ“, რის შედეგადაც დამკვიდრება იწყო არენდამ. ეს საკანონმდებლო სიახლე სახელმწიფო საწარმოო გაერთიანებებმა არენდის მასობრივი ფორმით დაემკვიდრებლად გამოიყენეს. მანქანის არენდატორ ტაქსისტს დღიურ ნორმად დაუწესდა 61 მანეთი, ხოლო მასზე აღმატებული თანხა არ იბეგრებოდა და ის მტლანად ტაქსისტის ეკუთვნოდა. სიახლემ არენდატორ ტაქსისტთა ყოველთვიური შემოსავალი 1000 მანეთამდე გაზარდა. არენდის მასობრივი დამკვიდრებამ ადრე არსებული მრავალრიცხოვანი დირექციები არენდატორთა მიერ დაქირავებულ და მათდამი პასუხისმგებელ მცირერიცხოვან მენეჯერთა ჯგუფებით ჩაანაცვლა. 1989 წლიდან ტაქსისტების ხელში ლეგალურად უკვე უცხოური ვალუტაც აღმოჩნდა. ტაქსისტის პროფესია მაღალ შემოსავლიანი გახდა, 1986-1991 წლები ტაქსისტთათვის მზარდი შემოსავლების წლები იყო.
ახალ ვითარებაში გაზრდილმა შემოსავლებმა ახალი პრობლემაც წარმოშვა. ალიმენტის გადახდა დაკისრებულმა ტაქსისტებმა მისი გადახდა იწყეს არა მათი რეალური 1000 მანეთიანი შემოსავლიდან, არამედ სახელმწიფო საწარმოო გაერთიანების მიერ ტაქსისტისთვის დაწესებული ყოველთვიური მინიმალური ნორმიდან – 222 მანეთიდან. იგივე ხდებოდა ტაქსისტების მიერ საწევროების, მაგალითად პროფკავშირული საწევროების გადახდისას.
1991-1992 წლის დეკემბერ-იანვრს საქართველოში მომხდარი ანტიკონსტიტუციური გადატრიალების შემდეგ 2000-იანი წლების შუა პერიდამდე ტაქსისტის პროფესია სიცოცხლისთვის უაღრესად სარისკო პროფესიად გახდა. ანტიკონსტიტუციურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა და სეპარატისტულმა რეჟიმებმა ათეულ ათასობით ავტომობილი გაიტაცეს, მრავალი ათასი ტაქსისტს ყაჩაღურად თავსდაესხნენ, დაჭრეს, მოკლეს და უგზო-უკვლოდ გააქრეს. ეს წლები ქვეყანაში ტაქსით მომსახურების კატასტროფული დაცემის წლებია.
დღეს საქართველოში ვითარება უკვე რადიკალურად განსხვავებულია, ტაქსით მომსახურებას უკვე რამდენიმე ათეული კერძო სამართლის იურიდიული პირი ახორციელებს, მაგრამ ინდივიდუალურმა ტაქსისტებმა მაინც მოახერხეს და ტაქსოავტომობილების თითქმის 80% კვლავ ინდივიდუალური ტაქსისტის საკუთრებაა.ამ ტაქსისტებმა საკუთარი ავტომობილები სრულად გადაიყვანეს გაზზე. ამ სიახლემ მათ საშუალება მისცა კონურენცია გაეწიათ ფირმებისთვის. მათი მართალია მცირედ მაგრამ მაინც დაწიეს ფასები, ეს მათი უპირატესობა გახდა ფირმებტან შედარებით. კერძო ტაქსისტის შემოსავალი დღეს დაახლოებით 500 ლარის ფარგლებში მერყეობს. მართალია ფირმებმა ისინი გამოდევნეს ისეთი რენტაბელური ადგილებიდან, როგორიც არის მაგალითად აეროპორტები, სასტუმროები, მაგრამ კერძო ტაქსისტებმა თანამედროვე კავშირგაბმულობის საშუალებით მოახერხეს საკუთარი პერმანენტული მომხმარებლების წრეების ფორმირება და ამიტ შეინარჩუნეს კონკურენციის უნარი.
საქართველოში ტაქსისტის პროფესია რთული შრომის პროფესიად დარჩა, ხშირად გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის ბოლო და საიმედო მაშველია ტაქსისტია. ათასობით მაგალითის მოყვანა შეიძლება როცა ტაქსისტმა მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინა, იქნება ეს გულმავიწყი მგზავრისთვის მანქანაში დარჩენილი დოკუმენტების, ძვირფასეულობის, ფულის და ბავშვის დაბრუნებაც კი. ხშირად ყოფილა რომ ცუდად მყოფი, ქუჩაში მშველელის გარეშე მყოფი ადამიანი ტაქსისტს სრულიად უსასყიდლოდ საავადმყოფოში მიუყვანია, ბევრჯერ ყოფილა, რომ ტაქისტს ქუჩაში მოჩხუბარნი კეთილი სიტყვით დაუშოშმინებია, დაზარალებულისთვის დახმარების ხელი გაუწვდია, იმედიანი სიტყვით დეპრესიაში მყოფი ადამიანისთვის ცხოვრების ახალი გზისკენ მიუთითებია.
ტაქსისტები ჩვენი საზოგადოების მუყაითი მშრომელები არიან, დღისით და ღამით, დარში და ავდარში მისი შრომა შეუცვლელია. ტაქსისტის მანქანიდან მომავალი სინათლის სხივი ხშირად ის იმედის სხივია, რომელიც ადამიანებს მომავლის გზას უნათებს.
ტაქსისტებს დღეს უაღრესად მნიშვნელოვანი სოციალური ამოცანა აქვთ გადასაჭრელი – საერთო სოციალური, შრომითი, მატერიალური და პროფესიული ინტერესებისა და უფლებების დასაცავად უნდა სოციალური დარაზმნონ და შექმნან მათი საერთო ინტერესების წარმომადგენელი და დამცველი პროფესიული კავშირი. ეს ტაქსისტებს მისცემს კოლექტიური მოქმედებებით თითოეული მათგანის ინტერესების წარმომადგენლობისა და უფლებების დაცვის საშუალებას. პროფკავშირად დარაზმული სოლიდარული მოქმედება ტაქსისტების სოციალური განვითარების, მატერიალური კეთილდღეობისა და წარმატებული მომავლის საიმედო გარანტიაა.
დავით არაბიძე