გაფიცვები საბჭოთა კავშირში (მეორე ნაწილი)

საბჭოთა კავშირის სინამდვილეში ტერმინი „перестроика“ კონსტანტინე ჩერნენკოს სახელს უკავშირდება. მან ეს სიტყვა,  სკკპ ცკ-ს 1984 წლის თებერვლის პლენუმზე თავის სეფე გამოსვლაში სამჯერ გაიმეორა.

1985 წელს როდესაც გარდაქმნამ ფრთები გაშალა, საბჭოთა კავშირი გარეთ მტერს და შიგნით მოყვარეს უბრმავებდა თვალს. ათასობით საკონტინეტთაშორისო ბირთვული რაკეტა და ათულ ათასობით ტანკი ამ სახელმწიფოს უზარმაზარ დამრტყმელ ძალას აძლევდა მაგრამ რა იყო ამ ფოლადის სალტის შიგნით: 2,5-ჯერ ნაკლები შრომის ნაყოფიერება და 1,5-ჯერ ნაკლები უმაღლესი განათლება ვიდრე ეს იყო დასავლეთის ყველაზე განვითარებულ ინდუსტრიულ ქვეყნებში.

აელვებისთვის სრულიად მზად მყოფი პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი პრობლემები, გამოღვიძებული ეროვნული თვითშეგნება და კლასობრივი გაუცხოება ნომენკლატურულ ბიუროკრატიასა და რამდენიმე ასეულ მილიონ მშრომელს შორის, ამ რეალობის პირობებში მიხეილ გორბაჩოვის მიერ პოლიტიკის ღერძად გარდაქმნისა და საჯაროობის განცხადებამ, ალფრედ ნობელის დინამიტზე მძლავრი აფეთქება გამოიწვია საბჭოთა კავშირში.

1986 წელს ინდივიდუალური შრომის ლეგალიზაციამ, 1987 წელს სახელმწიფოს საწარმოს პატრონად იქ დასაქმებული შრომითი კოლექტივის გამოცხადებამ, 1988 წელს კოოპერატივების სახით კერძო საკუთრების ლეგალიზაციამ  –  ის 3 დარტყმა მიაყენა საბჭოთა კავშირის ბიუროკრატიული მონოპოლისტური ეკონომიკას, რომელმაც იგი ნოკაუტში გაგზავნა.

მხოლოდ 1987- 88 წლებში საბჭოთა კავშირში ეკონომიკური მოთხოვნებით 80-ზე მეტი გაფიცვა განხორციელდა. 1987 წელს გამოცემულ საბჭოთა პროპაგანდისტულ წიგნაკში „სსრკ 100 შეკითხვა და პასუხი“ საბჭოთა პროპაგანდისტები უკვე მოკრძალებული დუმილით გვერდს უვლიან გაფიცვის საკითხს. მათი მხრიდან, საჯაროობის ეპოქაში გაფიცვების არარსებულად გამოცხადება, უკვე სრულიად შეუძლებელია. წინ იყო 1989 წელი – გაფიცვების აღზევება.

1989 წლის დასაწყისში მოსკოვისა და ლენინგრადის მუშათა კლასი ეპიდემიასავით მოიცვა გაფიცვების ციებ-ცხელებამ. მოსკოვის ჩამომსხმელ-მექანიკური ქარხანა, ლენინგრადის ნევისა და კიროვის ქარხნები, ნიჟნი ტაგილის „ურალვაგონმშენის“ ქარხანა, ნორილსკის სამთო – მეტალურგიული კომბინატი, ნოვოკუზნეცკის ალუმინის ქარხანა, იაროსლავის საბურავების ქარხანა აღმოჩნდნენ ის პირველი მერცხლები, რომლებმაც გაზაფხულზე საბჭოთა კავშირში გაფიცვები მოიყვანეს.

ათეული წლეულების განმავლობაში დაგროვილი მატერიალური პრობლემები, მძიმე სოციალურ – ეკონომიკური ნორმატივები და ნომელკლატურული ბიუროკრატიის ვოლუნტარიზმი და სუბიექტივიზმი იყო ის დამაჩქარებელი, რამაც გაფიცვები საბჭოთა კავშირის ყოველდღიურ რეალობად აქცია.

1989 წლის ივლისში საბჭოთა კავშირი ძირფესვიანად შეარყია მეშახტეთა გაფიცვამ. ჯერ კიდევ გაფიცვებამდე სამთამადნო მრეწველობის მუშათა პროფკავშირებმა წამოაყენეს შემდეგი მოთხოვნები:

  1. შახტების შრომითმა კოლექტივებმა თავად განსაზღვრონ შრომისა და დასვენების რეჟიმი;
  2. შემოღებულ იქნას ერთიანი დასვენების დღე – კვირა;
  3. საღამოსა და ღამის ცვლების მუშაობა ანაზღაურდეს მაღალი ტარიფით;
  4. ანაზღაურდეს შახტის სამუშაო ადგილამდე მისვლა – მოსვლის დრო;
  5. განხორციელდეს ცენტრალიზებული კაპიტალ დაბანდებები სოციალური და ეკოლოგიური საჭიროებებისათვის.

1989 წლის 10 ივლის გაფიცვამ იფეთქა მეჟდურეჩენსკში, რომელიც მყისიერად გავრცელდა კემეროვოში, ნოვოკუზნეცკში და მთელს კუზბასის რეგიონში. საბჭოთა კავშირის ნახშირის მრეწველობის მინისტრმა შჩადოვმა არასათანადოდ შეაფასა მეშახტეთა  ორგანიზაციის უნარი დ სამოქმედო ტაქტიკად დროის გაყვანა ირჩია, პასუხად კი მიიღო გაფიცვები პავლოგრადში, ყარაგანდაში, ვორკუტაში, დონეცკში, როსტოვის აუზში. ამ გაფიცვებით საბჭოთა კავშირში ფაქტიურად შეჩერდა სამთამადნო მოპოვება. მეშახტეთა ასეთმა ერთსულოვნებამ და დარაზმულობამ აიძულა მიხეილ გორბაჩოვი და ნიკოლაი რიჟკოვი, პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში გაეგზავნათ სამთავრობო ტელეგრამა გაფიცული მუშებისთვის, რომ სკკპ ცკ-ს პოლიტბიურომ, მისი წევრის, სკკპ ცკ-ს მდივნის ნ. ნ. სლიუნკოვის თავმჯდომარეობით შექმნა კომისია რომელიც იმუშავებს გაფიცულთა მოთხოვნებზე. ასევე პირველად საბჭთა კავშირის ისტორიაში სკკპ ცკ-ის, სსრკ მინისტრთა საბჭოს, პროფესიული კავშირების საკავშირო ცენტრალურ საბჭოსა და რეგიონალური საგაფიცო კომიტეტების მხრიდან 1989 წლის 21 ივლისს ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლითაც დაკმაყოფილდა არა მხოლოდ ზემოთ აღნიშნული მოთხოვნები, არამედ  შახტებს გზა გაეხსნათ სამინისტროსგან იურიდიულ და ეკონომიკურ დამოუკიდებლობისაკენ. ეს წარმატება არ არის გასაკვირი, რადგან ამ გაფიცვაში დარაზმულად მოქმედებდა 500 ათასზე მეტი მაღაროელი.

საგაფიცო მოძრაობის ტალღის პასუხად, 1989 წლის 9 ოქტომბერს საბჭოთა კავშირის უმაღლესმა საბჭომ მიიღო კანონი, რომლითაც ლეგალიზებულ იქნა გაფიცვა. მაგრამ უფლების გამოყენების წესი და პირობები ისე იყო ფორმულირებული, რომ მშრომელთა უდიდესი ნაწილისთვის ეს კანონი ფაქტობრივად ფიქციად აქცევდა გაფიცვის უფლებას. შეზღუდვები ეხებოდა წარმოების ისეთ სფეროებს როგორიც არის: სამთამადნო, ნავთობისა და გაზის მოპოვება, ქიმიური მრეწველობა, ნავთობის გადამუშავება, მეტალურგია, რკინიგზა, ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სამოქალაქო ავიაცია, კავშირგაბმულობა, ენერგეტიკა. ეს კანონი თავიდანვე იქცა მშრომელთა მხრიდან პირდაპირი სიძულვილის ობიქეტი, მაგრამ საბჭოთა კავშირის უმაღლესმა საბჭომ მშრომელთა ამ სამათლიან პროტესტს იმით უპასუხა, რომ 1991 წლის 20 მაისს ამ კანონში შეტანილი შესწორებით საერთოდ აკრძალა გაფიცვის ორგანიზაცია პოლიტიკური მოთხოვნებით.

საბჭოთა კავშირში გაშლილი გაფიცვების ტალღას გვერდი არც საქართველოსთვის აუვლია. მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ ინფორმაცია, რომელიც დაიბეჭდა ქართული საინფორმაციო ცენტრის # 9 პრეს – ბიულეტენში 1990 წლის 18 აპრილს: „ტყიბულში 27 მარტიდან მიმდინარეობს მეშახტეთა გაფიცვა. გაფიცულია 2 შახტა მთლიანად და ერთი ნაწილობრივ. 12 აპრილს ქუთაისში გაერთიანება „საქნახშირში“ შედგა ტყიბულელ მეშახტეთა საგაფიცო კომიტეტის და ტყვარჩელის მეშახტეთა წარმომადგენლობის შეხვედრა. მიღწეულია სრული ურთიერთ შეთანხმებები.

ტყიბულის მეშახტეთა საგაფიცო კომიტეტის ძირითადი მოთხოვნებია; ტყიბულის შახტებისა და ქალაქის სრული თვითმართველობა; ტყიბულისა და ტყვარჩელის შახტების საკავშიროდან რესპუბლიკურ დაქვემდებარებაში გადმოცემა; ეკონომიკურ – აგრარული რეფორმის გატარება. გაფიცვა გრძელდება.“

გაფიცვები საბჭოთა კავშირში საზოგადოებრივი მოთხოვნილება იყო, მას სოციალური დაკვეთა აჩენდა, რადგან გაფიცვა იყო ის ბერკეტი, რასაც შეეძლო განესაზღვრა თუ რა მიმართულებით წავიდოდა შრომით კოლექტივების ცხოვრება – მათი შრომა და ყოფა. შემთხვევითი არ იყო რომ ისეთი სფეროც კი, როგორიცაა ხელოვნება გაფიცვით გამოხატავდა საკუთარ სათქმელს. 1990 წლის ივლისის დამდეგს საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა თეატრმა ერთ საათიანი გაფიცვით განაცხადა საკუთარი სოციალური პროტესტი კულტურისა და კულტურის მუშაკთა მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკისადმი.

საბჭოთა კავშირის სოციალური სტრუქტურა გარდაქმნისა და საჯაროობის ეპოქაში გამოირჩევა სხვადასხვა სოციალურ სტატუსებს შორის ხიდჩატეხილობით, ერთი იყო ყოფნა ნომკლატურული ბიუროკრატიის რიგებში და სრულიად სხვა მშორმელი მასების რიგებში. მოკრძალებული ქონების ფლობა საყოველთაოდ მიუღებელი გახდა,  კულტურულმა ფაქტორმა კი დაკარგა სოციალური ესკალატორის როლი. ამ ვითარებაში გაცოცხლდა მშრომელ მასებში აზრი, რომ ნომენკლატურული ბიუროკრატიის მიერ დაწესებული მუხლები და წესები მშრომელთა კლასობრივი ინტერესებსი საპირისპირო იყო. მშრომელთა თვალწინ ცენტრალიზებული დაგეგმის საბაზო ეკონომიკურმა ინსტიტუტმა შეწყვიტა ფულად – სასაქონლო ნაკადების რეგულირების ამოცანების გადაწყვეტა.  ქვეყანაში სოციალური კონტრაქტის გაწყდა. რადგან ადამიანური ფაქტორი არაადეკვატურად დაბალ შეფასებას იღებდა, ლოგიკურად ეს სოციალური კონტრაქტის უაზრობა გახდა. გარდაქმნისა და საჯაროობის პოლიტიკის გამო არსებული ეკონომიკური სისტემა და სოციალური სტრუქტურა განწირული იყო დასაშლელად და საბჭოთა კავშირის, როგორც პოლიტიკური სისტემის დაშლის პარალელურად, ისიც დაიშალა. ისტორიამ ამით კიდევ ერთი ახალი ფურცელი გადაშალა და ადამიანებს მოგვცა ამ ახალი ფურცლის შევსების საშუალება.

დავით არაბიძეussr