მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

გაფიცვები საბჭოთა კავშირში (ნაწილი პირველი)

1980 წელს მოსკოვში, ახალი ამბების სააგენტოს გამომცემლობაში დაიბეჭდა წიგნაკი ”სსრკ 100 შეკითხვა და პასუხი“ . მასში ვკითხულობთ –  ”შეკითხვა: რატომაა აკრძალული გაფიცვები სსრკ-ში? პასუხი: ჩვენთან გაფიცვები არაა აკრძალული. ისინი იმიტომ კი არ არიან, რომ აკრძალულია, არამედ იმის გამო რომ აზრი არა აქვთ“. აი ასე გამოაცხადა საბჭოთა პროპაგანდისტულმა წიგნაკმა, რომ სსრკ-ში გაფიცვების ტალღა ”არ ბრუნავდა“, მაგრამ გალილეო გალილეის სიტყვებით რომ ვთქვათ ”ის მაინც ბრუნავდა“.

1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, საბჭოთა ხელისუფლების პირობებში გაფიცვები ხდებოდა უკვე ნაციონალიზებულ საწარმოებში. სწორადაც რომ მუშათა გაფიცვები იყო ის მძლავრი ბერკეტი, რამაც გადაატრიალა ”სამხედრო კომუნიზმის“ უზარმაზარი ლოდი 1921 წელს და უბიძგა საბჭოთა ხელისუფლებას დაეწყო „ახალი ეკონომიკური პოლიტიკა“, რამაც სწრაფად მოუღო ბოლო „ყაზარმულ კომუნიზმს“. 1930-იანი წლების დამდეგს, უმუშევრობის გაქრობასთან ერთად, სსრკ-ში თანდათან ჩაქრა გაფიცვების ტალღა. ამას ქონდა როგორც ეკონომიკური ფაქტორების – ”ხუთწლედები“, ასევე ადმინისტრაციული (შინსახკომი) ფაქტორების ზეგავლენა. მაგრამ საბჭოთა ხელისუფლების პირველ, თითქმის 15 წლიან პერიოდს თუ შევაჯამებთ, სსრკ-ს ტერიტორიაზე არანაკლებ 700 ათასჯერ მაინც მოხდა სხვადასხვა ტიპის (ლოკალური, სპორადული, არაორგანიზებული თუ სხვა) გაფიცვა.

30-იანი წლების შუა პერიოდიდან 50-იანი წლების შუა პერიოდამდე სსრკ-ში არაპოლიტიკური ხასიათის პროტესტი, ეკონომიკური მოთხოვნებით გაფიცვები ზოგადად თითქმის არ ფიქსირდება. ომი და ომის შემდგომი აღდგენის წლები არ ქმნიდნენ ეკონომიკური გაფიცვების განხორციელების საშუალებას, მაგრამ 50-იანი წლების შუა პერიოდიდან, როცა ნიკიტა ხრუშოვმა დაიწყო დიდი ეკონომიკური ექსპერიმენტები, როცა რეპრესიებმა დაკარგეს დამაშინებელი ეფექტი, ხოლო ფართო მასებმა დაკარგეს საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან ბრძნული ხელმძღვანელობისა და  უპირობო მხარდაჭერის იმედი, გაფიცვებმა კვლავ იფეთქეს. ეს ფაქტიურად იყო მუშათა კლასობრივი ბრძოლა ნომელკლატურუული ბიუროკრატიის თავნება ბატონობის წინააღმდეგ, რაც ასე რელიეფურად გამოიკვეთა ნიკიტა ხრუშჩოვის მოლუნტარიზმსა და ლეონიდ ბრეჟნევის ”უძრაობის“  პოლიტიკის ფონზე, ეს წლები მშრომელთა თავდადებული სოციალური აქტივობის წლები იყო.

1955 წელს კემეროვოს ოლქში მუშებმა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების მოთხოვნით მოაწყვეს გაფიცვა. 1956 წელს გაიფიცნენ ნოვოროსიისკის მუშები. გაფიცულებს შეტაკებაც კი მოუხდათ მილიციასთან და მხოლოდ შინაგანი ჯარების ნაწილების შეყვანის შემდეგ გახდა შესაძლებელი სტაბილიზაციის მიღწევა ქალაქში.

ამავე წელს დიდი მღელვარება იყო ორენბურგის ოლქსა (რუსეთი) და კუსტანაის ოლქში (ყაზახეთი). ყამირის ასათვისებლად გადატყორცნილი ახალგაზრდა მშრომელები აუტანელ, გაუსაძლის პირობებში აღმოჩნდნენ, სასმელი წყალიც კი სანატრელი ჰქონდათ. მათ გააპროტესტეს ის უკიდურესად მძიმე ყოფითი და მატერიალური მდგომარეობა რომელშიც მათგან ითხოვდნენ ყამირის ათვისებას და გაიფიცნენ. გაფიცულებმა ამ პროტესტით შეძლეს საარსებო და სამუშაო პირობების გაუმჯობესება.

1957 წელს გააფიცნენ საავტომობილო ტრანსპორტის მძღოლები პოდოლსკში. აქაც იყო შეტაკება მილიციასთან და მხოლოდ მძღოლების ელემენტარული მოთხოვნების (შრომის შინაგანაწესის გარდაქმნა მძღოლის ინტერესების გათვალისწინებით და ხელფასის გაზრდა) შესრულების შემდეგ შეწყდა ეს სოციალური პროტესტი.

განსაკუთრებით რეზონანსული იყო მღელვარება ყარაგანდის მეტალურგიული კომბინანტის მშენებლობისას. ქალაქ ტემირტაუს ბარაკებში მოგროვებულ მუშებს წყლის მაგივრად, გაუგებარი ბლანტი, ვარდისფერი ფერი სითხე მიუტანეს და სოციალმა პროტესტმაც ისეთი ძალით იფეთქა, რომ მუშათ მასამ სულ წალეკა მთელი დასახლება, შტურმით აიღო მართველი ორგანოები, დაიკავა საწყობები და სურსათ- სანოვაგე, რომელიც თითქოს არ იყო (საწყობებში ბურახიც კი აღმოჩნდა) დაურიგა მშრომელებს. ხელისუფლების მხრიდან შრომისა და ყოფის ნორმებისა და ტარიფების მოგვარების შემდეგ, გახდა შესაძლებელი ამ გაფიცვის დასრულება.

საბჭოთა კავშირში მუშათ კლასი აცნობიერებდა რომ მათი სოციალური პროტესტის მიმართ ხელისუფლების მხრიდან ხორციელდებოდა საინფორმაციო ბლოკადის პოლიტიკა, ცდილობდა შეექმნა ინფორმაციის გავრცელების ალტერნატიული მექანიზმი, მუშათა კლასი თავად ცდილობდა სოციალური პროტესტების შესახებ არსებული ინფორმაციული სიცარიელის შევსებას.  სსსრ-კში გაფიცვების გამოცოცხლებისთანავე, მარტო 60-იან წლებში 23 200-ზე მეტი ხელნაწერი და 11 400-ზე მეტი ნაბეჭდი პროკლამაცია გავრცელდა სხვადასხვა საწარმოებისა და დაწესებულებების შრომით კოლექტივებში. ამ პროკლამაციებში აღწერილი იყო მშრომელთა მძიმე მატერიალური და ყოფითი პირობები, დაბალი ხელფასები და მაღალი სავალდებულო გამომუშავების ნორმები. ეს პროკლამაციები იმედს აძლევდა მუშებს რომ გაფიცვები მატერიალური მდგომარეობისა და სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ ხორციელდებოდა არა მხოლოდ მათ ქალაქში ან რეგიონში, არამედ საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქებსა და რეგიონებში, რომ მათი საგაფიცვო მოძრაობა არ იყო იზოლირებული აქტი.

სსსრ-კში გაფიცვები და სხვადასხვა სახის სოციალური წინააღმდეგობები სულ უფრო იზრდებოდა. მაგრამ ის რაც 1962 წლის 1 ივნისის შემდეგ დატრიალდა ქალაქ ნოვოჩერკასკში მართლაც არაორდინალური იყო. ამ დღეს გამოქვეყნდა სსრკ-ს მინისტრთა საბჭოს დადგენილება ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე, რძესა და რძის პროდუქტებზე ფასების ზრდის შესახებ. დადგენილების მიღების შემდეგ მცირდებოდა ანაზღაურება სატარიფო განაკვეთებზე. ამ დადგინილებამ საწარმოებსა და ორგანიზაცია- დაწესებულებეში მუშა- მოსამსახურეთა სიტყვიერი პროტესტები გამოიწვია, მაგრამ ქალაქ ნოვოჩერკასკში „მარშალ ბუდიონის სახელობის ელმავალ მშენებელ ქარხანაში“ მასობრივი სოციალური მღელვარება დაიწყო. მუშები არამხოლოდ გაიფიცნენ, არამედ დაიკავეს ქარხანა და ქალაქში არსებული სახელისუფლებო დაწესებულებები, გაფიცულმა მუშებმა წინააღმდეგობა გაუწიეს ნიკიტა ხრუშოვის ბრძანებით მოქმედ ისა პლიევის სარდლობით შემოსულ ჯარს, რასაც 23 მუშის დაღუპვა და 100-ზე მეტის დაჭრა მოჰყვა. საბჭოთა სასამართლოებმა ნოვოჩერკასკის გაფიცვების 60-ზე მეტი აქტივისტი გაასამართლეს და მათგან 7-ს დახვრეტაც მიუსაჯაეს.

მართალია საბჭოთა კავშირის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ეს ფაქტი უცნობი დაჩა მიხეილ გორბაჩოვის საჯაროობის პროცესის გახსნამდე, მაგრამ ამ მოვლენამ ნათლად აჩვენა, თუ როგორი იყო რეალური ურთიერთ მიმართება საბჭოთა კავშირში მუშათა კლასსა და ნომეკლატურულ ბიუროკრატიას შორის.

ნოვოჩერკასკის სისხლიანი მოვლენებისა მიუხედავად, იმავე წელს გაფიცვა განხორციელდა  ოხოტის ზღვაში მცურავ გემ-ქარხანა „ჩერნიშევსკიზე“.

1964 წელს ნიკიტა ხრუშოვის ლეონიდ ბრეჟნევის შეცვლის ფაქტმა გაფიცვების რაოდენობაზე რეალური ზემოქმედება ვერ მოახდინა. იფიცებოდნენ საფეიქრო კომბინატები, სასოფლო- სამეურნეო ტექნიკის ქარხნები, სხვადასხვა საწარმოებები და დაწესებულებები. ივანოვო, სუმგაითი, კრივოი როგი, ფრუნზე, ჩიმკენტი, სლუცკი, ტულა, ნალჩიკი – ესაა იმ ქლაქების მცირე ჩამონათვალი, რომლნიც გამოირჩეოდნენ საგაფიცო აქტივობებით.

ქვეყანაში ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის სამდივნომ 1970 წლის იანვარში სპეციალური განხილვაც კი მოეწყო გაფიცვების თაობაზე, რომელთაც მოკრძალებულად „მუშაობის დროებით შეჩრებად“ მოიხსენიებდნენ .

ხუთწლედების ქაღალდზე შესრულების ფონზე, რეპრესიული ზომები არ იყო ადეკვატური პასუხი არსებული სოცილურ-ეკონომიკური ნორმატივები წინააღმდეგ მიმართული სოცილაური პროტესტის შესაჩერებლად. 70-იან – 80-იან წლებში გარდაქმნისა და საჯაროობის დადგომამდე კაუნასში, ტარტუში, ვიბორგში, ლენინოგორსკში და თურქმენეთსიც კი რეგულარულად მეორდებოდა „მუშაობის დროებით შეჩერება“. ეს გაფიცვები სპორადული და არაორგანიზებული იყო, მაგრამ მაინც ნათლად აჩვენებდა მუშათა კლასის და ზოგადად მშრომელთა სოციალურ პროტესტს, მიუხედავად იმისა რომ არც თუ იშვიათად ქუჩაში გამოსულ გაფიცულებს ტყვებიც ეგებებოდნენ.

საბჭოთა კავშირში ხელისუფლების ზედა ეშელონში, ასე გაჭიანურებული თაობათა ცვლა გარდაუვლად ახლოვდებოდა. როცა 1985 წელი დადგა, ძველი თაობა იმ ახალგაზრდა ლიდერის – მიხეილ გორბაჩოვის ხელმძღვანელობის წინაშე აღმოჩნდა, რომელმაც გარდაქმნისა და საჯაროობის პოლიტიკით, ფაქტიურად ხელის ერთი მოსმით, ნათლად გამოაჩინა რომ საბჭოთა კავშირში სოციალური პროტესტი არა თუ გამქრალიყო, არამედ იყო  არსებული ეკონომიკური სისიტემისა და სოციალური სტრუქტურის ყოველდღიური ცხოვრების ნორმა. სსსრ-კს დაწყებული ეკონომიკური და სოციალური ცვლილებების ფონზე, ნათელი იყო რომ ვითარდებოდა ახალი საჯარო, სოციალური პროცესი – გარდაქმნა, რომელსაც თან მოჰყვებოდა აქამდე არნახული საზოგადოებრივი აქტივობა – ახალი გაფიცვები, ახალი სოციალური ორგანიზაცია, მაგრამ ეს უკვე გარდაქმნისა და საჯაროობის ეპოქის სრულიად სხვა რეალობები იქნებოდნენ.

დავით არაბიძეgaficva