როგორც უკვე იცით, 2015 წლის ნოემბრიდან პროფკავშირსა და კომპანიის ადმინისტრაციას შორის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დანიშნული მედიატორის ჩართულობით მედიაციის პროცესი მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებშიც, მხარეებს შორის შედგა რამდენიმე შეხვედრა. უკანასკნელ ასეთ შეხვედრაზე, კომპანიის ადმინისტრაციამ აიღო ვალდებულება, რომ 2016 წლის 15 იანვარს გამოაცხადებდა, თუ რამდენი პროცენტით მოიმატებდა ხელფასი 2016 წლის 1-ლი იანვრიდან, ასევე წარმოადგენდა კოლექტიური ხელშეკრულების პროექტზე მუშაობის გეგმას თავისი ვადებით და ასევე დააზუსტებდა კომპანიის პოზიციას ადგილობრივი პროფკავშირისთვის საოფისე ფართის გამოყოფასთან დაკავშირებით.
კომპანიის ადმინისტრაციის მიზეზით ეს შეხვედრა ნაცვლად 15 იანვრისა შედგა 28 იანვარს, რომელსაც კომპანიის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად გენერალური დირექტორიც ესწრებოდა. მიუხედავად იმისა, რომ საწარმოს შრომითი კოლექტივი ამას თვენახევრის განმავლობაში ელოდებოდა, კომპანიის დირექტორმა არ წარმოადგინა კომპანიის პოზიცია არცერთ საკითხთან დაკავშირებით, რითაც შრომითი კოლექტივის, კოლექტიური მოლაპარაკებების, შემათანხმებელი პროცედურებისა და მედიაციის მიმართ სრული უპატივცემულობა გამოავლინა.
31 იანვარს დაბა ქსანში გაიმართა სს ,,მინა“-ს პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის საერთო კრება, რომელსაც ქსნის მინის ტარის მწარმოებელი ქარხნის 100-მდე თანამშრომელი ესწრებოდა. კრებამ განიხილა და იმსჯელა კომპანიის ადმინისტრაციასთან მიმდინარე შემათანხმებელი პროცედურებისა და მედიაციის პროცესის შედეგებზე.
ხანგრძლივი განხილვისა და მსჯელობის შემდეგ, სს ,,მინა“-ს პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის კრებამ გაფიცვის გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო. საგულისხმოა, რომ კრების არცერთ მონაწილეს საწინააღმდეგო აზრი ფაქტიურად არ დაუფიქსირებია.
გაფიცვის დაწყებისა და დამთავრების დროსთან, პროცესის მიმდინარეობის გეგმასთან და სხვა დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაცია პროფკავშირის ადგილობრივი ლიდერების მიერ დაანონსდება რამდენიმე დღეში, იურისტებთან განვლილი კონსულტაციების შემდეგ.